Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
                                                         "პასუხი"

უკვე მერამდენე დღეა თვალს გავახელ თუ არა ტელევიზორს ვეცემი ხოლმე გიჟივით, რომ გავიგო ფრონტის წინა ხაზზე რა ხდება, რაც გამოუცხადებელი ომი დაიწყო ყველა საქართველოს მოქალაქე ალბათ ჩემს დღეშია. ქალაქში ხალისიან სახეს ვერ დაინახავ, საშინელი შეგრძნება გეუფლება როდესაც ახალგაზრდა ბიჭებიდან დაცლილ ქალაქს ვუყურებ. ადრე თუ ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა კიდეც ჯგროდ შეყრილ, გამომწვევ, ძველბიჭურ ყაიდაზე მოლაპარაკე ყმაწვილების ხმა, ეხლა უკვე მენატრება მათი გაგონება.
რაც მობილიზაცია გამოცხადდა, რეზერვისტების შეკრების ადგილას, ახალგაზრდა ბიჭების რიგი არ წყდება, ღიმილით მასლაათობენ ერთმანეთში, მათ გულებში შიშის ადგილი არ არის, მხოლოდ მათ გვერდით მყოფი მშობლების, დების და შეყვარებულების თვალებში სჩანს შეშფოთება, მაგრამ მათ იციან რომ ვაჟკაცის ომში ცრემლით გაცილება არ შეიძლება  -  ცუდის ნიშანიაო  -  ასე ამბობენ უხუცესები საქართველოში.

უზარმაზარ, პირსისხლიან, საბჭოთა იმპერიის მემკვიდრეს ებრძვის პატარა საქართველო, ამ პატარა ბიჭების მხრებზე უნდა გადაიაროს ამ უთანასწორო ბრძოლის სიმძიმემ, ხვალ ან ზეგ შეიძლება სიკვდილს თვალებში ჩახედონ და სიკვდილს მათი უნდა შეეშინდეს, ვისაც არ გაუმართლებს და ვერაგი მტრის მსხვერპლი შეიქმნება, მას უფალი მიხედავს, მის სულს გაანათლებს, ზეციურ ედემში მიუჩენს ბინას, როგორც ეს დედაღვთიშობლის წილნაყარი ქვეყნისთვის თავდადებულ გმირთა ხვედრია.
კიდევ ერთხელ შეკრა ერთ მუშტად ქართველები საშიშროებამ. ქვეყნის დამონება, მისი საუკეთესო ტერიტორიების ჩამოშორება სურს თავის გაუმაძღრობით მსოფლიოსთვის კარგად ცნობილ მტერს, ყველაზე მეტად ის აცოფებს, თავის ჭკუაზე რომ ვეღარ ატარებს ერთდროს გუბერნიად შერაცხულ ამ ციცქნა სახელმწიფოს და მის ჯიუტ მცხოვრებთ.
თბილისისკენ, დედაქალაქისკენ იწევს რუსულ არმიად წოდებული მძარცველთა და ყაჩაღთა ურდო, არაფერს ინდობენ გზად რაც კი შეხვდებათ, არ არჩევენ ქალს, ბავშვს და მოხუცს. იწვის ქართული სოფლები, დამწვარ კედლებსაც კი ტანკებით მიწასთან ასწორებენ, რომ ნასახლარის კვალიც არ დარჩეს. საქართველოს პატრიარქი ერტმორწმუნე ერის პატრიარქს ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებას თხოვს, რათა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები და იქ ჩარჩენილი, სასწაულად გადარჩენილი, მცირერიცხოვანი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათთან შეფარებულ დაჭრილ მებრძოლებთან ერთად გამოიყვანონ. სდუმს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, ახალი ეპარქიების შემატება უფრო აღელვებთ ვიდრე ქრისტიანული მოვალეობის აღსრულება....
დღითი დღე უფრო მძიმდება მდგომარეობა, დედაქალაქის სკოლები და ბაღები გადავსებულია ლტოლვილებით. ბევრი ქვეყანა ცდილობს ჰუმანიტარული ტვირთი შემოაშველოს თავის ქვეყანასი, თავისივე მიწა-წყლიდან გამოყრილ ხალხს. მთავრობაც შეძლებისდაგვარად ცდილობს გაუმკლავდეს ყველა პრობლემას და მეტ-ნაკლებად ამას ახერხებს კიდეც.... კარგად ათვითცნობიერებს, მცირედი არეულობაც კი შეიძლება 20 კილომეტრში დაბანაკებული მტრისთვის, ქალაქში შემოჭრის მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ ხომ პირველ რიგში დასავლეთზე ორიენტირებული ხელისუფლების დამხობა სურთ....
ოპოზიციაშიც ვერ მოძებნეს ახალი ორჯონიკიძე, ვინც ნამუსზე ხელს აიღებდა და მტერს ჩააბარებდა ქვეყანას. ისინიც კი ვინც ლანძღავდა ხელისუფლებას, დღეს, ამ გაჭირვების ჟამს, მთავრობასთან ერთად ცდილობს თავისუფალ სამყაროს ხმა მიაწვდინონ.... 
სულ პატარა გოგო-ბიჭები მანქანების გამაყრუებელი საყვირების წივილ-კივილით, დროშების ფრიალით, მთელი დღის განმავლობაში დაქრიან ქალაქში და მოსახლეობას მხნეობისაკენ მოუწოდებენ.
დაღლილი მოვდივარ სამსახურიდან, ჩემი ქუჩის ასასვლელთან, შუქნიშანზე გაჩერებული მანქანიდან სანახევროდ გადმოკიდებულ გოგონებს საქართველოს დროშები უჭირავთ ხელში, მხოლოდ საჭესთან ზის პატარა ბიჭი, დარწმუნებული ვარ მართვის მოწმობაც კი არ ექნება ჯერ აღებული, მხოლოდ და მხოლოდ  ასაკის გამო....
სახლში შესული, ისევ  ტელევიზორს ვრთავ პირველ რიგში, პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტის გამოსვლას გვთავაზობენ "ცოცხლად".... მის მომართვაში თხოვნაა, მოსახლეობა მთავრობის სასახლესთან მივიდეს ხუთი ევროპული სახელმწიფოს მეთაურის საპატივცემულოდ.... მათ ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ, რას ნიშნავდა რუსის ჩექმა მათ ქვეყანაში.....
-  წავიდეთ მაა.. მიტინგზე  - მთხოვს ჩემი უფროსი ბიჭი.
- ცოტას დავისვენებ და წავიდეთ შვილი.... სტუმრებს მაინც საღამოსთვსი ელოდებიან....
საღამოა. მთავრობის სახლის წინ, რუსთაველის პროსპექტზე ასეულ ათასობით ხალხია შეკრებილი. ისეთი შეგრძნებაა სახლში აღარავინ დარჩენილა. ჩემი ბიჭი, როგორც ყოველთვის, ერთ ადგილას ვერ გაჩერებულა, მთავრობის სახლთან აღმართული სცენისკენ სულ უფრო და უფრო ახლოს მიიწევს. ვჯუჯღუნებ პროტესტის ნიშნად, მაგრამ იძულებული ვარ უკან მივყვე, რომ არ დამეკარგოს ამდენ ხალხში.... 
სცენაზე, სტიქაროსნების ვაჟთა გუნდი, ქართულ საგალობლებს მღერის. საპატიო სტუმრების გამოჩენამდე, როგორც სცენაზე გამოსული მთავრობის წარმომადგენელი გვამცნობს სულ ცოტა დრო რჩება. სცენაზე ქართველების საყვარელ სიმღერას ასრულებენ, რომელიც ქვეყნის თავისუფლებას ეძღვნება და ზუსტად შეესაბამება დღევანდელ, აქ მოსულ ხალხთა განწყობას.
-  კისერზე შემისვი რა მაა  -  მთხოვს ბიჭი და ჩემს კისერზე ამხედრებული, მის თვალსაწიერზე აფრიალებული უამრავი დროშის შემხედვარე, თავს ჩემსკენ ხრის და დანანებით მეუბნება: 
- რატომ არ წამოვიღე ჩემი დროშა .....
ჩემს გვერდით მდგომი, სასიამოვნო გარეგნობის ღიმილით ისმენს პატარა ბიჭის სიტყვებს:
- მე დავიღალე, ცოტა ხანი შენ გეჭიროს - ეუბნება და დროშას აწვდის. ბაჩის სიხარულისაგან სახე უბრწყინდება.... მეტისმეტი ემოციებისაგან მადლობის თქმაც კი ავიწყდებოდა, რომ არ შემეხსენებინა.
სტუმრების გამოჩენას ხალხი ტაშით და ოვაციებით ხვდება. მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტები სათითაოდ გამოდიან სცენაზე და მოკლე სიტყვით მიმართავენ მათ წინ შეკრებილ უამრავ ადამიანს. . ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, სხვადასხვა სიტყვებს ამბობენ, მაგრამ მათი არსი ერთია.... ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. 
ისინი გვემშვიდობებიან და ჩვენც ოვაციებით და ტაშით ვაცილებთ მათ. ქალაქის მერი გამოდის სცენაზე და მიკროფონში მისი სიტყვები ისმის:
-  ერთიან, თავისუფალ საქართველოს გაუმარ...
-  ჯოს... ამთავრებს შეძახილს შეკრებილი ხალხი.
-  გაუმარ....
-  ჯოოს  -  გუგუნებს თბილისი.
-  გაუმარ...
-  ჯოოოს - პაუხობს ყველა არაკეთილმოსურნეს სრულიად საქართველო.
                         


                                         

0 comments: