Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.

                                        
                      პ ა ტ ი ვ ი
მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, ქვეყანაში დაგეგმილი, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ეკონომიკური ფორუმი, დაემთხვიათ მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობის უსაყვარლესი სპორტის ამ სახეობის, სეზონის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე. საკმაოდ უხეში, ძალისმიერი თამაში, რომელზეც სტუმარი ქვეყნების პირველი პირები იქნებოდნენ მოწვეულნი, ერთგვარი მინიშნება უნდა ყოფილიყო იმისა რომ მასპინძელი ქვეყანა განსაკუთრებულ პრიორიტეტებს მოითხოვდა (რაც შემდგომში, ფორუმის მსვლელობაში უფრო გარკვევით უნდა მინიშნებულიყო) და არც ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე იტყოდა უარს.



    პრეზიდენტმა საკითხი იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაავალა მისი კურირება, ამ ყოველწლიური ღონისძიებისას თუ იხარჯებოდა ნახევარი მილიონი ევრო, ამჯერად პრეზიდენტის პირადი ფონდიდან სამი მილიონი ევრო იქნა გამოყოფილი.ქვეყანაში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი (სპეციალურად სპორტის ამ სახეობისთვის აშენებული) სტადიონის წესრიგში მოყვანა და სანახაობრივი პროგრამის (დაწყებული გასართობი და დამთავრებული პიროტექნიკით) საკითხების მოგვარება დაევალა სპორტის ეროვნული დეპარტამენტის თავმჯდომარეს.პრემიერ-მინისტრის კაბინეტში საუბრისთვის მიწვეულ სტუმარს  სახელმწიფოს მეორე პირმა გარკვევით განუმარტა რომ სულ უმნიშვნელო ჩავარდნაც კი ამ დავალების შესრულებისას, შეიძლებოდა მისი ჩამოქვეითების (ეს უკეთეს შემთხვევაში) მიზეზი ყოფილიყო.გადაწყდა, ქვეყნის ჰიმნი ყველაზე მაღალ რეიტინგიან საესტრადო მომღერალს შეესრულებინა, კანდიდატურა რამდენიმე იყო. ტელე-რადიო კომუნიკაციების ხელმძღვანელებს, მიუხედავად იმისა, კერძო იქნებოდა მაუწყებლობა თუ სახელმწიფო, დაევალათ სასწრაფოდ ჩაეტარებინათ გამოკითხვა და მისი მონაცემებით გამოერკვიათ ყველაზე პოპულარული მომღერალი.                 საპატიო ყარაულისთვის, რომელსაც შესრულებული ჰიმნის ფონზე უნდა აღემართა სახელმწიფო ალამი და იარაღის ზალპით დაესრულებინა საზეიმო ცერემონიალის ძირითადი ნაწილი, (ამის შემდეგ იგეგმებოდა გრანდიოზული ფეიერვერკი) ინიშნებოდა გენერალი, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ დაკარგა შვილი – სპეცრაზმელი, ვერ დაბრუნდა სახიფათო დავალებიდან.     ორივე გუნდი, მწვრთნელების თქმით, უშეღავათოდ იბრძოლებდნენ, მით უმეტეს, რომ მოგებულისთვის სოლიდური თანხა იყო გათვალისწინებული. მომღერალთა შორის ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა ქალბატონი, რომელიც იშვიათ ხმასთან, უზადო საშემსრულებლო ტექნიკასთან ერთად ცნობილი იყო ნარკოტიკებისადმი არაგულგრილი დამოკიდებულებით და სკანდალური ხასიათით.     მომღერალთან მოსალაპარაკებლად სახელმწიფო მდივანმა თავისი მოადგილეები გააგზავნა და შედეგის სასწრაფოდ მისთვის მოხსენება დაავალა.     მდიდრულ, ფეშენებელურ ვილაში მისულ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს საესტრადო ხელოვნების "ოქროს" ელიტის სრული შემადგენლობა დახვდათ მომღერალთან. მათთან სალაპარაკოდ გამოსულ ქალბატონს ენერგიის მასტიმულირებელი თეთრი ფხვნილი ამჯერად მცირე რაოდენობით გამოეყენებინა, რაზეც ოდნავ ჩასისხლიანებული, გაბრწყინებუბული თვალები მოწმობდა, ისედაც მოკლე, გვერდში ჩაჭრილი კაბა ქალის ლამაზ ფეხებს ლამის საცვლებამდე ამზეურებდა.- რითი შემიძლია გემსახუროთო? - სავარძელში ჩამჯდარმა და ფეხი ფეხზე გადადებულმა კითხვით მიმართა სტუმრებს.    წლოვანებით უფროსმა პირველმა მოადგილემ, მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება და მთავრობის სახელით თხოვა, მონაწილეობა მიეღო ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიალში. ქალის თქმით, ეს მისთვის დიდი პატივი იქნებოდა და იგი მზადაა უსასყიდლოდ შეასრულოს თხოვნა, რაზეც ჩინოვნიკებმა მოკრძალებული უარი უთხრეს, ამასთან დაკავშირებით პრემიერისაგან მკაცრი მითითება ჰქონდათ მიღებული.- ჩვენს ქვეყანას, მადლობა ღმერთს, აქვს იმის შესაძლებლობა, სათანადოდ დააფასოს ქვეყნის უსაყვარლესი მომღერალი - მიმართა მეორე მოადგილემ, შედარებით ახალგაზრდა კაცმა ქალს, რისთვისაც მისი მადლიერი ღიმილი  დაიმსახურა. - დიდი მადლობა ბატონებო, მაშინ მე ჩემს პროდიუსერს გამოვაგზავნი  თქვენთან და თქვენ შეთანხმდით! ეხლა მაპატიეთ მაგრამ უნდა დაგტოვოთ, ჩემი სტუმრები მასპინძლის გარეშე მოიწყენდნენ - მიმართა სტუმრებს და ოთახიდან  გავიდა. მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს, ორივეს გაეღიმა, ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ქალმა დაეფარა თავისი ჭირვეული ხასიათი.     გენერალთან ვიზიტი პრემიერ-მინისტრმა თვითონ გადაწყვიტა, სამხედრო ნაწილზე,  რომელიც მას ებარა, ლეგენდები დადიოდა, ამბობდნენ, მათთვის შეუსრულებელი დავალება არ არსებობსო.      დაცვის კორტეჟით მისულ პრემიერ-მინისტრს, გენერალი ტერიტორიის შესასვლელთან დახვდა, როგორც ეს შეეფერებოდა სტუმრის რანგს. სტუმრის საპატივცემლოდ საწვრთნელ მოედანზე ჩამწკრივებული საპატიო ყარაული გუგუნით მიესალმა პრემიერს. გენერალთან საუბრის დამთავრებისას, სადაც გაარკვიეს საზეიმო გახსნასთან დაკავშირებული საკითხები, პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოხატა მისი შვილის დაღუპვის გამო, რასაც გენერლის უცნაური, (ეს რბილი შეფასებით) რეაქცია მოჰყვა!      კაცის ოდნავ მოჭუტულ თვალებში რაღაცნაირი, ერთდროულად დამცინავი და დამამცირებელი მზერა დაიჭირა წამით პრემიერ-მინისტრმა.  უმაღლესი ეშელონის ჩინოვნიკისთვის, რომელსაც ხშირად უხდებოდა ურთიერთობა სამხედროებთან და აქედან გამომდინარე იცოდა, მათი საკმაოდ აგდებული, დამოკიდებულება სამოქალაქო პირების მიმართ, არ გაკვირვებია, მაგრამ ვიზიტის ბოლოს რაც მოხდა, ეს სამსახურეობრივი, ერარქიულ-თანამდებობრივი ნორმების სრული ხელყოფა იყო. გენერალმა თავის მოადგილეს უბრძანა, მანქანამდე მიეცილებინა სტუმარი. პრემერ-მინისტრმა  კიდევ უფრო შეურაცმყოფელად ჩათვალა თავისი უკმაყოფილება გამოეხატა თავხედი მასპინძლის მიმართ, მაგრამ გადაწყვიტა, სამსახურში მისვლისთანავე გამოეცვალა მისი კანდიდატურა და მდივანი გოგონასთვის დაევალებინა გენერალზე ამის შეტყობინება.- რა სჭირს თქვენს გენერალს? - ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე  შეეკითა სტუმარი გამცილებელს, ახალგაზრდა კაცს გაეღიმა, - არაფერი, უბრალოდ, ის თვლის დამამცირებლად მისამძიმრებას! ის ამაყობს რომ ვაჟკაცი  კაცი გაუზარდა ქვეყავას, ასე ამბობს და ჩვენც ასე გვასწავლის, წმინდა ვალი და უდიდესი პატივია სამშობლოსათვის სიკვდილი, ვინც ასე არ ფიქრობს მასთან ვერ იმუშავებს.- გამოდის თქვენ სიკვდილის არ გეშინიათ?- სიკვდილის მხოლოდ იდიოტს არ ეშინია, სამხედრო სამსახური სიცოცხლისთვის რომ სახიფათოა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ხიფათის მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება მაქსიმალური ვარჯიშის ფასად. გენერალი თვლის, რომ მისი ვაჟი თავისსავე შეცდომას შეეწირა. პროფესიონალის თვალით თუ შევხედავთ ეს ასეცაა! სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ მხოლოდ წამის მეასედები გვაქვს. გენერლისთვის, ვისზეც თქვენ მეკითხებით, ვისაც ამ ქვეყნის ჯარისკაცის ფორმა აცვია, ყველა მისი შვილია. ჩვენი ჯარისკაცები დღეში 18 საათს ვარჯიშობენ სულის ამოხდამდე..…ზუსტად ესაა ჩვენი არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.- შეგიძლიათ დაბრუნდეთ უკან! - მიმართა პრემიერ-მინისტრმა თანმხლებს, ახალგაზრდა კაცმა შიშით გაიხედა იქითკენ, სადაც გენერალი ჯარისკაცებს ავარჯიშებდა.- მანქანამდე მიგაცილებთ - წინააღმდეგობის გაწევა სცადა ოფიცერმა.- შეასრულეთ მითითება! - მოკლედ მოჭრა პრემიერმა, იგი ცნობილი იყო მტკიცე ხასიათით, ზუსტად ამ თვისების გამო მიაქციეს მას ყურადღება და გახდა მისი კარიერა წარმატებული. ჯერ სულ ახალგაზრდა ელჩმა -   კატეგორიული უარი განაცხადა, თავისი ქვეყნის დროშები მოეხსნათ მანქანიდან  უცხო ქვეყანაში, საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებული მოსახლების შიშით - იმის გამო რომ ხალხში ხმა გავრცელდა თითქოს გადაყენებული მმართველი მათ საელჩოს აფარებდა თავს. მძღოლის აზრით, რომელიც აღარც გამოუცვლია იმ შემთხვევის შემდეგ პრემიერ-მინისტრს, შემთხვევამ გადაარჩინა ისინი უეჭველ სიკვდილს. დაცვის ერთ-ერთი წევრი, ამ ქალაქის ყოფილი მკვიდრი და ტერიტორიის კარგი მცოდნე აღმოჩნდა, მისი წყალობით მოახერხეს აეროპორტამდე მისვლა, ისე რომ თითქმის არ უსარგებლიათ ცენტრალური გზებით, მაგრამ აეროპორტთან მისულები მაინც შეამჩნიეს და გამოეკიდნენ, აფრენილი ვერტმფრენის ბორტიდან უყურედნენ, როგორ ააფეთქეს აჯანყებულებმა ელჩის დაჯავშნული მანქანა.     მანქანისკენ მიმავალმა არცთუ ახალგაზრდა კაცმა, ვერ გაიხსენა შემთხვევა თავის ცხოვრებაში, 15 წუთის განმავლობაში 3-ჯერ კარდინალურად შეცვლოდა აზრი, მანქანაში ჩამჯდარი ჯერ კიდევ გენერალზე ფიქრობდა, ის რაც მან გააკეთა, აშკარა სუბორდინაციის დარღვევა და რანგით მასზე მაღალი თანამდებობის პირის უპატივცემლობის ერთგვარი გამოხატვა იყო, მეორე მხრივ, შეუძლებელი იყო, პატივი არ გეცა თავის ქვეყანაზე და საქმეზე თავდადებული კაცისთვის, რომელიც ყველაფერს შესწირავდა სამშობლოს ისე რომ თვალს არ დაახამხამებდა.მძღოლის დაჟინებული, თანაც გაკვირვებული მზერა იგრძნო, საკუთარი ემემოცია ვერ გაეკონტროლებინოს და სახეზე აღელვება შეტყობოდეს არასოდეს ენახა იგი, არ ესიამოვნა, წავედითო  მძღოლს უბრძანა თანაც უკმეხად დააყოლა - ჩემს ყურებას გზას უყურო ჯობიაო. მანქანების ესკორტი სირენების წივილ-კივილით  დაიძრა.    ღონისძიებამ ისევე როგორც საერთაშორისო ფორუმმა, ბრწყინვალედ ჩაიარა.  მიუხედავად საინტერესო, უკომპრომისო მატჩისა, სადაც სამი მონაწილე საკაცით იქნა გამოყვანილი მოედნიდან, როგორც შემდგომში აღნიშნავენ ორგანიზატორები, გახსნის ცერემონიალი უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა.     საერთო აღფრთოვანებას იწვევდა ამ ცერემონიალის ყველა მონაწილე - დაწყებული მებარაბნეების და ტანმოვარჯიშე გოგონებთან ბრწყინვალედ კოორდინირებული საერთო გამოსვლით და დამთავრებული სამხედროების ალღუმით.      ჰიმნის შესრულებისას მომღერალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: გადაჭედილი სტადიონი სულგანაბული უსმენდა მის ხმას (როგორც შემდგომში, ერთერთ ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში თვითონ იტყვის, არასოდეს ასეთი გრძნობით არ უმღერია), ალმის ბოლომდე აწევა ზუსტად დაემთხვა ჰიმნის დასასრულს. ზალპისთვის იარაღშემართულ, იდეალურად გაწვრთნილ ჯარისკაცებს ის დაემართათ რასაც ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ: ბრძანების შესრულება წამით დაიგვიანეს! მეომრები თვალებს არ უჯერებდნენ: მათ გენერალს, კაცს რომელმაც ერთადერთი შვილი ისე დამარხა, სახეზე კუნთი არ შერხევია, თვალებიდან წამოსული, ორი გამჭვირვალე წვეთი ლოყებს გამოჰყოლოდა და ნიკაპზე ჩამოჰკიდებოდა..……     მოგვიანებით ანალიტიკოსები ბევრს ილაპარაკებენ ამ ფორუმზე და მათი საერთო აზრი იქნება, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მასპინძელ ქვეყანას პრივილეგირებულ მდგომარებაში აყენებდა ფორუმზე მონაწილე, სხვა ქვეყნებთან შედარებით და პოლიტიკური დივიდენდების მომტანი იყო.              
                  

0 comments: