Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
მე    როგორც  მინდა   ......




                იმ დილას, მიუხედავად იმისა რომ არანაირი დიდი საეკლესიო დღესასწაული არ იყო, ქალაქის ყველა - სომხურმა თუ ქართულმა ეკლესიებმა ერთდროულად დაიწყო ზარების რეკვა, რაც ქალაქელებს არ გაჰკვირვებიათ, მათთვის ეს ჩვეულებრივი რიტუალი და ”ქალაქელი ბერების” შეკრების ნიშანი იყო, ამ სახელით იცნობდნენ ისინი თბილისის თავკაცთ თუმცა კი არანაირი საერთო ღვთის მსახურებასთან მათ არა ქონდათ.   
   სულ მალე, ერთ დროს ქალაქის ერთპიროვნული მმართველის, თურქ-სელჯუკთა მიერ ხელდასმული, ქალაქის ამირას სასახლის წინ ფაეტონების დასადგომი ადგილი აღარ დარჩა და დაგვიანებით მოსული დიდვაჭართა მსახურნი ჩხუბითა და დავიდარაბით ცდილობდნენ უკვე მოსულთა შორის ცხენების დასაყენებელი ადგილი გამოეძებნათ.
    მთავარ დარბაზში თავმოყრილი ქალაქის მესვეურები თავაზიანი სალმით ეგებებოდნენ ურთიერთს, ყველა ერთნაირად შინაურულად გრძნობდა ამ საკრებულოში თავს, ქართველი ვაჭრები, რომელთა შორის თავადური წარმოშობისანიც იყვნენ, საქართველოში დაბადებული, მეორე მესამე თაობის მუსულმანები, სომეხი მელიქები თუ ბერძენი ვაჭრები, თუმცა დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა რომ მუსულმანი ვაჭრები ჭარბობდნენ.
   შეკრებილი საზოგადოებიდან მკვეთრად გამოირჩეოდა, ცალკე მდგარი, ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი, რომლის უტეხი, გამჭოლი მზერა ბევრ იქ მყოფთაგანს უსიამოვნო, საფრთხის შეგრძნებას აღუძრავდა, მხოლოდ ძვირფასად მოჭედილი იარაღი და ათკაციანი ამალა მიანიშნებდა რომ ის უბრალო მეომარი არ იყო.
   ლიპარით ორგულას ძემ, რომელსაც ხელთ ეპყრა იმ დროს ქალაქის მართვის სადავეები სიტყვით მიმართა დარბაზში შეკრებილთ:
    -  მეგობრებო და თანამოქალაქენო, უკვე ორმოცი წელია რაც ჩვენ ქალაქს ჩვენ თვითონ ვმართავთ და ვუვლით, მაგრამ ბრძენს უთქვამს ”დრონი მეფობენ და არა მეფენიო”, იმედი მაქვს ჩვენი სტუმარი, დიდი ბატონის,  დავით მეფის მისამართით არ მიიღებს ნათქვამ სიტყვას, მე ამ ქალაქის მესვეურნი, ჩვენი თავი ვიგულისხმე, მეფე ბატონი ასი ათას დინარს თხოულობს გადასახადს და მფარველობის პირობას აძლევს ქალაქს, ამის გარდა გვევალება დავით მეფის წარმომადგენელს, მის ”შიჰნას” თავის მხლებლებითურთ სათანადო პატივისცემით მოვეპყროთ, რაც დარწმუნებული ვარ, ჩვენ გაფრთხილების გარეშეც არ შეგვეშლებოდა, მადლობა ღმერთს სტუმრის მიღება თბილისს და თბილისელებს ჯერ არ დაგვიწყებია. ჩვენ ალბათ დმანისელი და განძელი სოვდაგრების მოწვევა დაგვჭირდება რომ უფრო შემოსავლიანი გავხადოთ ქალაქის ხაზინა. მე დღესვე გავაგზავნი მსტოვრებს ვაჭრებთან და მათ ქალაქში მოვიწვევ, ასევე ერთად მოგვიწევს ფიქრი რითი ვასიამოვნოთ უკვე აქ მყოფ ძვირფასს სტუმრებს ... დაამთავრა სიტყვა ლიპარიტმა მიტრიალდა დავით მეფის წარმომადგენლისკენ, მდაბლად დაუკრა თავი და ქლესა ღიმილი  გადაიფინა სახეზე.
    - მე არ ვიცი თქვენ რომელ მეფეებზე ლაპარაკობთ, საქართველოს ერთი მეფე ჰყავს - მეფე დავითი - ჩემი წინაპრების მეფეებიც ბაგრატიონთა გვარიდან იყვნენ და ჩემი მეფის წინაპრები იყვნენ, საქართველოს მეფეებს სხვას მე არ ვიცნობ, ჩემი რჩევა იქნება ეს თქვენც კარგად დაიმახსოვროთ. მასპინძლობისთვის დიდი მადლობა - მხოლოდ ეხლა, პირველად გაიგონეს დავით მეფის გამოგზავნილი დესპანის ხმა დარბაზში შეკრებილებმა, ხმაც ისეთივე მკვახე და ცივი იყო როგორც მზერა - მე და ჩემს მეგობრებსღია ცის ქვეშ, ტერიალ მინდორშიც არერთხელ გვიძინია, ასე რომ ძალიანაც ნუ შეწუხდებით, არ გვაწვიმდეს და თავის მისადები სადმე გვქონდეს, ამაზე მეტი ჩვენ არa გვჭირდება რა, სასმელ-საჭმელზეც ჩვენ ვიზრუნებთ მხოლოდ ერთ რამეს მოვითხოვთ, მე და ჩემს ხალხს უფლება მოგვეცეს როდესაც კი მოგვესურვება პირვესავე მოთხოვნაზე თავისუფლად  ქალაქიდან შესვლა გამოსვლაზე ..
  - ბატონო ჩემო, უფალმა დაგვიფაროს ვისმეს ეჭვი შეეპაროს ღვთისგან ბოძებულ უფლებაზე მეფობისა ბაგრატიონების, მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა დღეიდან მეფის რჩეული გადაწყვიტავს მეთქი ქალაქის ბედს და იღბალს, მხოლოდ ამ აზრს ემსახურებოდა ჩემი სიტყვები, მოწიწებით ქედს ვიხრი და უმორჩილესად გთხოვთ მაპატიოთ თუ რამე უგვანო დაინახეთ ჩემს სიტყვებში ...
  - მე უბრალო მეომარი ვარ ჩემი ბატონის, მეფე დავითის და მჭერმეტყველების შემფასებლად არ გამოვდგები, თუმცა არ დავმალავ, თქვენს სიტყვებში საკუთარი თავის განდიდების სურვილი მეტი ვიგრძენი ვიდრე მორჩილების, იქნება მე მეშლება კიდეც... ამას ჩემი ბატონი თვითონ განსჯის. ეხლა უფლება მოგვეცით დაგემშვიდობოთ და მოვისვენოთ ცოტა ხანი, საღამოსათვის მეფე ბატონს უნდა ვეახლოთ და გადავცეთ თქვენი პასუხი ....
    წელში მოხრილმა ლიპარიტმა თავი ასწია, მისი და ახალგაზრდა კაცის მზერა სულ რაღაც წამით ერთმანეთს შეხვდა, ლიპარიტის თვალებში გაელვებულ სიძულვილს დამცინავი მზერა დაახვედრა ახალგაზრდა კაცმა, უცბად მოთოკა თავი დიდვაჭარმა, ქლესა ღიმილი დაიბრუნა სახეზე - ვინ გაბედავსო მეფის ურჩობას - ქედმოდრეკით ბრძანა.
  - ქალაქის ციხისთავს მიხმეთ - ბრძანა ლიპარიტმა და რამოდენიმე წუთში ეს უკანასკნელი მის გვერდით გაჩნდა.
  - ესენი - მოწიწებული თავის დაკვრით მიანიშნა ახალგაზრდა მეომარსა და მის ამალაზე - მეფის დესპანები არიან, უსიტყვოდ შეასრულებთ ყველა მათ ბრძანებას, ქალაქიდან გასვლის და შემოსვლის უფლება აქვთ როცა კი მოესურვებათ. ეხლა ჩემს კოჯრის სასახლეში მიჰყევი სანამ მათთვის საკადრის ადგილს შევარჩევთ, მოურავი გააფრთხილე სათანადო პატივით დახვდეს დავით მეფის წარმომადგენლებს...
   - დიდ მადლობას მოგახსენებთ დაფასებისთვის მაგრამ თუ ქალაქშივე, ციხესიმაგრის შენობაში, მოგვიძებნით დიდ, ნათელ სადგომს, უფრო დაგვავალებთ, ცოტა დავისვენებდით, რაც შეეხება დუქანს სადაც კარგად დაგვაპურებდნენ მაგაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდით...
    არ შეიმჩნია ლიპარიტმა ახალგაზრდა კაცის უარით ნაგრძნობი წყენა, შეასრულეო სტუმრის ბრძანება, ციხისთავს მიმართა მხოლოდ....
        უკვე გვიანი იყო და დავით მეფე უკვე დაწოლას აპირებდა ქალაქში გაგზავნილი დესპანების დაბრუნება რომ აუწყეს, ეხლავე აქ მომგვარეთ ჩემი წარგზავნილი  ბრძანა მეფემ.
   - რას იტყვი თმოგველო როგორ შეგხვდნენ ქალაქელები? - ღიმილით შეეკითხა სამეფო კარავში შესულ ახალგაზრდა კაცს.
   - დიდი პატივით მეფევ ბატონო, ყოველ მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ მოგვცეს დასტური, მხოლოდ ერთ რამეს ვერ მივხვდი მეფევ ბატონო, ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი რომ დმანისელი და განჯელი სოვდაგრების მოსაწვევად ხალხს გაგზავნიდნენ შემოსავალის გასამრავლებლად, მათ ხომ იცოდნენ რომ ამ სიტყვებს უყურადღებოდ არ დავტოვებდი..
   - ზუსტად მაგიტომაც, მათ კარგად იციან რომ ჩემი მსტოვრები ყველაფერს ყურადღებით აკვირდებიან რაც  ქალაქს ხდება, მათი შიკრიკების ჩუმად გამგზავრება უფრო მეტ ეჭვს გამოიწვევდა ჩემში, ეხლა ფიქრობენ რომ ჩვენ აღარა გვაქვს ეჭვის საბაბი...
   - იქნებ მართლა მასეა და აღარ უდევთ გულში ქვეყნის მტრობა...
   - არ დაიჯერო, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება ისე ქვეყნის მტერი არ მოიშლის ღალატსა და ვერაგობას, თუგინდ თავს დავდებ რომ ეს სოვდაგრები დესპანებად უნდათ თურქ-სელჯუკებთან რადგან იციან მხოლოდ გადასახადებით არ დავკმაყოფილდებიდა ადრე თუ გვიან ამ ქალაქსაც მთელ საქართველოს შეუერთებ, ქალაქის ”ბობოლები” თავს ბრწყინვალედ გრძნობენ, მათ ხომ ყველაფერი თავზედ საყრელი აქვთ, ქვეყანა და მისი ერთობა წყალს და მეწყერსაც არ წაუღია....
    ახდა დავით აღმაშენებლის სიტყვა, სულ რამოდენიმე თვეში, არტუქილ ილ-ღაზის მეთაურობით, თურქ-სელჯუკთა მიერ შეკრებილი კოალიციური არმიის, დიდგორთან დამარცხების შემდეგ, ქართველების ხელში ჩავარდნილი, მთავარსარდლობასთან დაახლოვებულმა ტყვეები ”თბილისელი ბერების” გაგზავნილ, დმანისელი და განძელი ვაჭრებით ხელით გადაცემულ წერილზე ალაპარაკდნენ.
    თავისი მსტოვრებიდან იცოდა მეფე დავითმა რომ დიდგორის ბრძოლის შემდეგ, გაუჩხრიკავად და სპეციალური ნებართვის გარეშე არც ქალაქში და არც ქალაქიდან უშვებდნენ, ამიტომ სულითა და გულით გაეხარდა თმოგველის გამოჩენა:
  - აბა რას მეტყვი თმოგველი ახალსა და კარგს ..
  - კარგს ვერაფერს მეფე ბატონო, ქალაქის ჭიშკრის გაღებაზე უარი გვითხრეს, დიდგორის შემდეგ შეშინებულები არიან თბილისში ძლიერ, აღარავის ენდობიან, ჩემი გამოშვებაც კი არ უნდოდათ, ლამის ხმალდახმალ მოგვიწია ქალაქიდან გამოსვლა ..
  - შენი უკან დაბრუნება აღარ შეიძლება, ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს, ძალიან მალე ჩვენ მართლა შევუტევთ ქალაქს ...
  - თბილისი ძლიერადაა გამაგრებული მეფე ბატონო, თუ  ქალაქში შესასვლელი  რომელიმე ჭიშკარი არ გავაღეთ ბევრი მეომარი დაგვეხოცება, ჩემზე უკეთესად მაგას ვერავინ მოახერხებს, ოღონდ ეხლავე უნდა მოვიფიქროდ ეს როგორა ვქნათ....
    დავითი ყურადღებით დააკვირდა ახალგაზრდა კაცს, თვალი თვალში გაუყარა;
- შენ გესმის რაზე მიდიხარ? ეს სასიკვდილოდ თავის გადადებას ნიშნავს ...
 - მეფევ ბატონო, მე არც პირველი ვიქნებიდა არც უკანასკნელი ვინც ქვეყანას თავს შეწირავს, თუ თვლით რომ საქმეს ვერ მოვერევი და ნდობას თქვენსას ვერ გავამართლებ? - ხმაში წყენა ვერ დამალა ახალგაზრდა მეომარმა.
  - ღმერთმა დამიფაროს შენს ერთგულებაში ან ვაჭკაცობაში ეჭვი შემეპაროს მაგრამ თავს წააგებ, უყურადღებოდ შენ არ დაგტოვებენ, ხმლის ამოღებისთანავე ციხის კარებს ჩაკეტავენ და ქალაქის მეციხოვნენი თავს დაგესხმიან..
  - მე მარტო არ ვიქნები მეფევ ბატონო, თითოეული ჩემი რაზმის წევრი ბრძოლაში ხუთ ექვს კაცს უდრის, მე არ ვტრაბახობ, ეს მასეა და თქვენ არაერთხელ გინახავთ ისინი ბრძოლის ველზე ..
  - რომ ვიცი რა ვაჟკაცებიც ხართ იმიტომაც არ მემეტებით - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა დავითმა.
  - მე მაინც მგონია ჩვენს დასჯას და დილეგში ჩაგდებას ვერ გაბედავენ, ვერც იარაღს აგვყრიან, როდესაც ქალაქზე შეტევას დაიწყებთ მოვითხოვ ქალაქიდან გაგვიშვან, დარწმუნებული ვარ დარეჯელის ციხესიმაგრის კარებიდან გაგვიშვებენ, რადგან მეციხოვნეებს მის შეუვალობაში ეჭვიც არ ეპარებათ, თანაც ქალაქში ხიდით შედიხარ რომელიც მტკვარზეა გადადებული, ოღონდ მეფევ ბატონო მტრის თვალის ასახვევად სხვა ადგილას მოგიწევთ შეტევის დაწყება ..
  - კარგი რახან არ იშლი დანარჩენს მე მივხედავ, თუ უფალმა ინება და თქვენიდან ვინმე გადარჩა, ჩემი წყალობა თქვენ არ მოგაკლდებათ და ქვეყანა არ  დაივიწყებს თქვენ თავგანწირვას..
  - ჩვენ უბრალოდ ვალს ვიხდით ქვეყნისა და მეფის წინაშე - სხვა ფორმით საყვედური ვერ აკადრა ყმაწვილმა მეფეს, დავითი მიუხვდა ბიჭს გულის ნადებს, გაეღიმა - ეხლა წადით, დაისვენეთ, ხვალისთვის დაწვრილებით მოვიფიქრებთ რა როგორა ვქნათ ..
          ლიპარიტ ორგულას ძე დაფიქრებული იჯდა, ერთ დროს არაბი ქალაქის მმართველის - ამირა ბანუ ჯაფარის - სასახლეში, მისსავე ტახტზე. კარგს არაფერს უქადდა ეს დღეები არც მას, არც ქალაქს. მეფის წარმომადგენლის მოთხოვნას ქალაქის გასაღებების გადაცემაზე და ქალაქის დათმობაზე უარით უპასაუხა ”ქალაქის ბერების” კრებამ. დილიდან მოვიდა ცნობა ”კართა კოშკთან” კედლის სანგრევი საშუალებები მოაყენაო მეფე დავითმა, კრების რამოდენიმე მონაწილემ მეფე დავითის წარმომადგენლების დატუსაღების წინადადებაც კი წამოაყენა, მადლობა ღმერთს, კრებას ეყო გონი არ მიეღოთ ეს შეთავაზება, იცოდა ლიპარიტმა ცხვირიდან ძმრად ამოადენდა მეფე დავითი ქალაქს მსგავს თავხედობას. რაღა ეხლა მოუნდა მასაც ქვეყნის გამთელება როდესაც მისი მმართველობის ჯერი დადგა. სად აღარა ყავს სოვდაგრები დაგზავნილი, რაც კი ფული ქონდა ქარავნებს გაატანა ახალი საქონლის ჩამოსატანად, ინდოეთი გინდა თუ სპარსეთი, მართალია მდიდრულად მოწყობილი სასახლეები და ის ქონება რაც კიდევ დარჩა შვილთაშვილებს ეყოფა მაგრამ ბედი ხომ უნდა ყველაფერს, ხომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მის მმართველობას არ დამთხვეოდა… არა ბატონო ეგრე ადვილად მისი წინაპრები არ თმობდნენ ძალა-უფლებას და არც ის დათმობს. ამ ქალაქში ბევრსაა აქვს მისი ვალი, არც თბილისელები არიან ჩვეულნი აყვნენ სხვის ნებას. ამ არცთუ სასიამოვნო პიქრებში იყო ლიპარიტი როდესაც მსახურმა დავით მეფის წარმომადგენლების მოსვლა და მასთან შეხვედრის სურვილი აუწყა.
  - შემოვიდნენ - ბრძანა ლიპარიტმა
   დარბაზში პირველმა შემოსულმა, თმოგველმა ოდნავ დაუკრა თავი ტახტზე მჯდარ ქალაქის თავს.
  - ქალაქიდან გასვლა გვინდა - მოკლედ მოსჭრა ”სტუმარმა”.
  - რომ მეფის ჯარს შეუერთდეთ და დედაქალაქი დაარბიოთ არა? - ღვარძლიანად წაისისინა ”მასპინძელმა”
  - თქვენ არ ისურვეთ სხვა არჩევანი, მე ვაკეთებ იმას რასაც მეფე ბატონი ბრძანებს და თქვენც იგივეს გირჩევდით - არ შეეპუა თმოგველი ლიპარიტს.
  - ციხისთავს მიხმეთ - გასცა ბრძანება ქალაქის თავმა.
  - დიდხანს ცდა არ მოგიწევთ, დილის აქეთ გვერდიდან არ გვშორდება თქვენი ციხისთავი - დამცინავი კილოთი მიმართა ახალგაზრდა კაცმა ბრძანების გამცემს და მართლაც გარეთ გასვლა ვერ მოასწრო მსახურმა რომ ციხისთავი ლიპარიტს ეახლა..
   - ამათ იარაღი აყარე და ქალაქიდან გაუშვი - მკვახედ დააგდო ბოლო სიტყვა ლიპარიტმა მაგრამ რეაქციას რაც მის სიტყვებს მოყვა ის არანაირად არ მოელოდა, უკლებლივ ყველა ”სტუმარმა” ხმლის ვადაზე გაივლო ხელი.
  - მეომრისთვის იარაღის აყრა იგივე ღირსების აყრაა, მაგის უფლებას არავის მივცემთ, ჩვენი დახოცვა მოგიწევთ მაშინ, ჯერ ერთი ბევრი თქვენი მეომარი წააგებს თავს და მათ შორის თქვენც შეიძლება მოხვდეთ, რასაც ჩვენ ვერ მოვახერხებთ მერწმუნეთ ჩემი ბატონი აგისრულებთ ენდეთ ჩემს სიტყვას.  
  -  თქვენს მეფეს სისხლის ღვრა რომ უყვარს მაგი ჩვენც გვსმენია.
  - მხოლოდ საქართველოს მტრების და მოღალატეების - არ შეარჩინა სიტყვა ისევ თმოგველმა.
  - მომაშორეთ ეს ხალხი თვალსაწიერიდან, ”დარიჯელი”-ს ციხე-სიმაგრის კარიბჭედან გაუშვით და ფრთხილად იყავით ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი - გაასპიტებულმა მიმართა ორგულას-ძემ ციხისთავს.
  - ნუ გეშინიათ ლიპარიტ ბატონო, მე ოცკაციანი ამალა მახლავს და არც მეციხოვნეები არიან ცოტანი...
    თმოგველმა თავი დახარა რომ მის თვალებში გაელვებული სიხარულის ნაპერწკალი არავის შეემჩნია ...
     მხედართა დიდი რაზმის გამოჩენას მეციხოვნეები აღტაცებით მიესალმენ მაგრამ როდესაც რაზმში დავით მეფის წარმომადგენლებიც აღმოაჩინეს სიხარული საგრძნობლად გაუნელდათ. ქალაქის ციხისთავმა ორ შეგებებულ მეციხოვნეს გალავნის კოშკზე ასვლა და მიდამოს დაზვერვა უბრძანა.
  - მდინარის ნაპირას მწყემსები ნახირს აძოვებენ, ახლო მახლო სხვა არავინ სჩანს - მოახსენა ქონგურიდან ჩამოსულმა მეომარმა მთავარ მეციხოვნეს.
  - იქნებ მეფე დავითის მეომრებია -  უფრო ხმამაღლა გაიფიქრა ქალაქის ციხისთავმა ვიდრე შეეკითხა ქვეშევრდომს თუმცა ამ უკანასკნელის პასუხმაც არ დააყოვნა - ესენი ცოტანი არიან,  სანამ აქამდე დახმარება მოაღწევს ვირი ხეზე ავა, თუ მოვლენ და ჩვენც აქ ისე დავხვდებით როგორც მათ ეკადრებათ - დამცინავი ტონით დაწყებული სიტყვა მუქარით დაამთავრა მასთან ყველაზე ახლოს მდგარმა მეციხოვნემ.
  - გააღეთ კარიბჭე - ბრძანა ქალაქის მთავარმა მეციხოვნემ, თმოგველის რაზმი ზანტად, ისე რომ ცხენები ოდნავადაც არ აუჩქარებიათ გასასვლელისკენ გაემართა, პირველი თმოგველი მიდიოდა, როგორც კი კარებს გაუსწორდა დამბაჩები იძრო, იქუხა იარაღმა და ორი მეციხოვნე იქვე კარებთანვე გამოესალმა სიცოცხლეს, მესამეს ხმალი გადაჰკრა, ისიც იმათ კვალს გაუყენა, შემდეგ ცხენი შემოატრიალა და ყივილით ეკვეთა ჯერ კიდევ გაოგნებულ მეციხოვნეებს.
    ქალაქის შესასვლელი გვამებით გაივსო, ციხის კედლებზე აღარავინ დარჩა რომ დაენახა როგორ შემოისვეს მწყემსების კვალობაზე ნამეტნავად მომრავლებულმა ”მენახირეებმა” კიდევ თითო-თითო მხედარი და ცხენები ქალაქის შესავლელისკენ გამოაჭენეს, დანარჩენი  აქამდე დამალული მეომრები სირბილით ცდილობდნენ რაც შეიძლება ჩქარა მიეღწიათ ქალაქის ჭიშკრამდე ...                           
    ქალაქის დამცველთა წინააღმდეგობა უკვე გატეხილი იყო როდესაც მეფე ქალაქში შევიდა, თმოგველის ორი განგმირული რაზმელი ქალაქის შესასვლელშივე ეცნო, გული მოეწურა - თმოგველის რაზმელები მომიძებნეთ ცოცხალი თუ მკვდარი ყველა უნდა ვნახოო ...
     მალე მეფის წინ თერთმეტივე ვაჟკაცი იწვა, მეფეს სახე გასთეთრებოდა, ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, იქ მოყრილ ტყვეებიდან ერთ-ერთმა ჩალმიანმა მუსლიმმა გაბედა მხოლოდ სიჩუმის დარღვევა - ხელები გამიხსენით და მიმიშვით ამ ხალხთან იქნებ კიდევ შეიძლება ვისმეს გადარჩენაო. დავითმა მზერით ანიშნა მის გვერდით მდგომ ბაკურ კალმახელიძეს გაუხსენიო ტყვეს ხელი.
    ტყვე მიწაზე დახრილი, დიდხანს და გულდასმით სინჯავდა მეფე დავითისთვის უკვე გამოტირებულ გმირებს, მერე ფეხზე წამოდგა თმოგველზე და კიდევ ერთ მებრძოლზე მიუთითა ამათი გადარჩენის მცირე იმედი არისო,  პირდაპირ დავითს მიმართა.
   - შენ თუ ამათ გადამირჩენ რაც გინდა მთხოვე - ხმით რომლის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო, მიმართა მეფემ უკვე ყოფილ ტყვეს.
   - მე კიდევ ერთი ჩემსავით მკურნალის, ჩემი თანამემამულის დახმარება დამჭირდება, საერთო ძალისხმევით და ალაჰის დახმარებით იქნებ გადავარჩინო კიდეც ეს ბიჭები.
   მეფე დავითთან პირდაპირ, ასე თავისუფლად საუბარი თავხედობად მიიღო ბაკურმა, განსაკუთრებით ბოლო სიტყვებმა გაამწარა, განა იმ ალაჰის სახელით არ მოდიოდა მუსულმანური, გარეთიანებული არმია ქართველების გასანადგურებლად, ხმლის ვადისკენ თავისით გასრიალდა ხელი მაგრამ მეფის გამჭოლმა მზერამ უმალ დააოკა ერთგული და უშიშარი მეომრის სიფიცხე.
   - თუ შენ ამათ გადაარჩენ მეფურად დაგასაჩუქრებთ და იმ მეჩეთს სადაც თქვენ ლოცულობთ ჩემს ზარაფხანაში მოჭრილ 10 000 დინარს უწყალობებ, ქალაქში როგორც ქართული ისე სპარსული ფული იტრიალებს რომ თქვენ ვაჭრობა გაგიადვილდეთ. ეხლა კი ჩემი ცხენი მიართვით ჩქარა ამ კაცს - ამ უკანასკნელი სიტყვების გამეორება მეფეს აღარ დაჭირვებია, მეორე წუთას  მკურნალი მეფის იაბოს მიაჭენებდა.
  - ქართველებს არ გვჩვევია დამარცხებული მტრის დასჯა და დამცირება, ამით გამოვირჩევით  ჩვენ სხვებისაგან, ერთადერთი ვინც ჩემგან პატიებას ვერ ეღირსება ეს გამყიდველი ქართველებია - ეს სიტყვებით საბოლოო, სასიკვდილო განაჩენი აღმოჩნდა იმ ქართველთათვის ვინც იარაღით ხელში ებრძოდა ქვეყნის ერთობას. 
    შეასრულა მკურნალმა სიტყვა და ორივე მეომრის სიცოცხლე იხსნა, არც მეფე დავითი დარჩენია ვალში, თვითონვე ესტუმრა მეჩეთს, თავისი ხელით უწყალობა შეპირებული თანხა, იქაური საწმყოს თხოვნით მაჰმადიანებით დასახლებულ უბნებში ქართველებს ღორის დაკვლა აეკრძალა….
      ჯერ კიდევ მეძინა ტელეფონმა რომ დარეკა, წინა დღის ნალოთავებმა თვალი ძლივს გავახილე, მეუღლე უკვე სამსახურში წასულიყო და ბიჭებიც წაეყვანა სკოლაში ჩამოსარიგებლად, ვიფიქრე ყურმილა არ ავიღებ, დარეკავენ და გაჩერდებიან მეთქი, შენც არ მომიკვდე, სანამ ლოგინიდან არ ”ავეხვეტე” და ყურმილი არ ავიღე რეკვა არ შეუწყვეტიათ ..
  - სიცოცხლე ძმას, რას შვები როგორ ხარ? - კარგად ნაცნობი ხმა შემომესმა ტელეფონიდან, ჩემი საუკეთესო ძმაკაცი, ბავშვობის მეგობარი და უფროსი ბიჭის ნათლია, ორი წლის უნახავი კაცი მირეკავდა. ენის წვერზე მომდგარი ”ტკბილი” სიტყვა უკან სასულეში ჩავაბრუნე და მოკითხვას მოკითხვით ვუპასუხე:
   - როგორ იქნები ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში, ჩემი ცოლის მაღაზია რომ არა შიმშილით დავიხოცებოდით ჩემი ას ოცი ლარი მარტო პურის ფულად არ გვეყოფოდა...
   - ბიჭო ენა არაა შენ რომ არ იცოდე ,,
   - კაი თუ ძმა ხარ, ნუ აბუქებ ..
   - რას ვაბუქებ .. ინგლისური იცი?
   - ვიცი ..
   - ფრანგული იცი? ...
   - ვიცი ..
   -  რუსული იცი?
   - რუსული ჩვენი თაობიდან სამიდან ორმა იცის ...
   - შეიძლება ისე სრულყოფილად როგორც დანარჩენები არა მაგრამ გერმანულიც ხომ იცი?
   - გაქცეულ გერმანელს მოვაბრუნებ...
   - აბა მეტი რა გინდა?
   - მინდა ვიცოდე ერთი ენა და მყავდეს პარლამენტარი ბაბუა..
   - მომინდომე აი მთვარეზე გასეირნება, მაგი ჩემო კარგო მარტო შთამომავლობით გადადის და მაშინაც ძალიან ძვირი ჯდება - ამყვა ღადავში მერაბა - მაგას ჯობია მიდგე მოდგე, ხალხი შეაწუხო ...
     - შენ თუ ჭკუის სასწავლებლად დარეკე, ჩემი ცოლის მობილურის ნომერს მოგცემ, მაგას უყვარს მაგ საქმე, დარეკე და იჭუჭუკეთ ერთმანეთში, მე თუ ძმა ხარ თავი დამანებე ჩემი გაჭირვება მყოფნის გუშინდელი ნაბახუსევი ვარ ..
    - აკი პურის ფული არ მაქვსო ..
    - ჩვენი შალვა შემხვდა, ხომ იცი რა ტიპია, არ მომეშვა, მომენატრა კლასელებთან დაჯდომა და გემრიელი პურის ჭამაო ...
     - მაგი რას, შვება როგორ არის?
     - არის რა... აკეთებს ერთ ორ კაპიკს..
    - კაი ეხლა საქმეზე გადავიდეთ, ფულის გაკეთება გინდა?
    - შენ გეტყობა ღადაობის ხასიათზე, ხარ მე წავედი..
    - სად წახვედი, შენ გიჟი ხომ არ ხარ?
     - აბა რა იდიოტურ შეკითხვებს მაძლევ, მინდა აბა არ მინდა?
    - მოკლედ მილიონერების ჯგუფი მყვს შეკრებილი, სვანეთში მიმყავს დასასვენებლად და თარჯიმანი მინდა. ისეთი კაცი მინდა ბოლომდე რომ გვერდში დამიდგეს, ოთხი წელია ამ პროექტზე ვმუშაობ და ძლივს შევკრიბე ყველა ერთად. დიდ მაყუთს მოვხსნით თუ ყველაფერი როგორც მე მაქვს ჩაფიქრებული ისე გამოვიდა..
      - შენ ეხლა ის მითხარი ჯგუფში ვინ გყავს, იქნებ ფინელებია ან ჩინელი, მაშინ მე ვერაფერში ვერ გამოგადგები..
      - არანაირი ჩინელი და მალაიზიელი.. მყავს ფრანგები, იტალიელი, გერმანელი, ამერიკელი ესტონელი და რუსი, ამერიკელი და რუსი ძალიან დიდ მაყუთს იხდიან თუმცა არც სხვები მიმყავს იაფად...
      - როდის მივდივართ..
      - დღეს მოვფრინავ შტატებიდან ამერიკელის პირადი თვითმფრინავით, პეტერბურგში დავჯდებით და იქ რუსი შემოგვიერთდება. ალბათ ერთი კვირა დასჭირდება ყველას შეგროვებას, მერე წავალთ სვანეთში. ჯერ აქ ვუმასპინძლებ ჩამოსულებს თბილისს დავათვალირებინებთ, ასე რომ ზეგ უკვე მჭირდები...
     - გასაგებია ”უფროსო” რომ ჩამოფრინდები ეგრევე დამირეკე...
     - წავედი აბა მე, მეუღლე მომიკითხე და ნათლული დამიკოცნე, უთხარი თუ ჭკუით მოიქცევა და დედიკოს არ გააბრაზებს სერიოზულ საჩუქარს ელოდოს ჩემგან..
     - კი ბატონო გადავცემ..
       ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ თბილისის  ყველაზე ფეშენებელური სასტუმროს ფოიეში შევხვდით ერთმანეთს. ჩემს ძმაკაცს ჩემგან განსხავავებით ყოველთვის უყვარდა კარგად ჩაცმა- დახურვა, შარვალ-კოსტუმი რომელზეც შეუძლებელი იყო ყურადღება არ მიგექცია, აშკარად არ იყო ფართო მასების სამომხმარებლო ”გარდერობიდან” რაშიც მალე დავრწმუნდი..
     - მოგწონს - შემეკითხა ლევანი და თავის შარვალ-კოსტუმზე მიმანიშნა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
     - ”დოლჩე დე გაბანა”-ს კოლექციიდანაა - ”გეები” ეძახე შენ და მაგათთან ჩაცმის მსურველი მილიონერები რიგში დგანან..
     - შენის მეთაურობით? - სარკაზმისაგან თავი ვერ შევიკავე.
      პაუზით რომელიც რამოდენიმე წამი გაგრძელდა მივხვდი, ლევანის ვერ გდაეწყვიტა იგივე ტონში გაეცა პასუხი თუ არ შეემჩნია დაცინვა, ბოლოს მაინც გადაწყვიტა არ დაეძაბა სიტუაცია - მილიონერობამდე ცოტა მაკლია, ეს ჩვენი ფრანგი ”სტუმრების” ხათრით ნახევარ ფასში მომცეს ”მეგობრებმა”, თუმცა ამ ნახევარი ფასის სანაცვლოდ რამე სერიოზულ მანქანას ჩამოვიტანდი ევროპიდან. ეხლა წამოდი სტუმრები გაგაცნო, ძირითადი ”სასტავი” ჩამოსულია ხვალ იტალიელი ჩამოვა და ზეგ ან მაზეგ სვანეთში ავალთ.
    - სასტუმროს რესტორანში სადაც ლევანი შემიძღვა, ”ბენდის” სცენის მოშორებით, სხვა მაგიდებისაგან განცალკევებით მდგარ არასტანდარტულ მაგიდას ერთი ქალი და ხუთი მამაკაცი შემოსხდომოდა. საოცრად ლამაზ, ქერათმიან, მწვანეთვალება ქალბატონს მაგიდასთან ჩვენი მოკალათების შემდეგ უკვე ექვსი მამაკაცი შესციცინებდა თვალებში და მზად იყო ყველა მისი კაპრიზი აესრულებინა, მას შემდეგ რაც ცეკვა მოისურვა და რუს სტუმართან ერთად მაგიდიდან წამოდგა საბოლოოდ დავრწმუნდი ბუნებას ამ ქალბატონისთვის არაფრით დაეწყვიტა გული. მაღალ, გრძელ ფეხებზე შემდგარი უნაკლო ტანი, მოშიშვლებული, საშუალო ზომის, ულამაზესი მკერდი, ვერცერთ ნორმალურ მამაკაცს ურეაქციოდ ვერ დატოვებდა. მთელი იმ ხნის განმავლობაში სანამ ფრანგი ქალბატონი ცეკვავდა მთელი სუფრის ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი, მხოლოდ მას შემდეგ რაც ისინი სუფრას დაუბრუნდნენ ლევანის ”გაახსენდა” ჩემი საზოგადოებისთვის წარდგენა:
   - ეს ბატონი გახლავთ ჩემი უახლოვესი მეგობარი და რაც მთავარია ჩვენი თარჯიმანი, თავისუფლად ფლობს ფრანგულს, გერმანულს, ინგლისურს და რუსულს - გააცნო ჩემი თავი ლევანიმ მაგიდასთან მსხდომთ.
   - რა კარგია ერთი ადამიანი მაინც იქნება ვისთანაც ფრანგულ პოეზიაზე ვისაუბრებ, ჩემს ქმარს უკვე მობეზრდა ამ თემაზე ჩემთან ლაპარაკი, ან საერთოდ პოეზიაზე, თქვენ ხომ გიყვართ პოეზია? - შემეკითხა ფრანგი ”ფერია”.
   - ძალიან არ მინდა  დაგწყვიტოთ გული, მაგრამ ფრანგულ პოეზიას კარგად ვიცნობ მეთქი რომ გითხრათ მართალი არ ვიქნები, თუმცა რამოდენიმე ლექსი ბოდლერის და მორეასის კიდევ მახსოვს, საერთოდ პოეზია ჩემის აზრით განსაკუთრებული რამაა, შეიძლება ძალიან კარგად იცოდე ენა მაგრამ იმისთვის რომ სხვა ერის პოეზია შეიცნო და ბოლომდე ჩაწვდე, ამისთვის მარტო ენის ცოდნა, რა ბრწყინვალედაც არ უნდა ფლობდე საკმარისი არ არის. რაღაც ერთ მნიშვნელობას სხვადასხვა სიტყვა შეესაბამებოდეს, მაგრამ ეს სიტყვები სხვადასხვა ემოციური დატვირთვის მატარებელი იყოს, აღარ ვლაპარაკობ ამ სიტყვებით წინადადების აწყობის ხელოვნებაზე, რითმაზე და ერთგვარ ტემპზე.. ამ სიტყვის რა თქმა უნდა არაპირდაპირი გაგებით. პოეზია ჩემი აზრით სულის მუსიკაა, ჩვეულებრივი ან არაჩვეულებრივი სიტყვებით გადმოცემული რომელსაც სულით ხორცამდე უნდა გრძნობდე ამისთვის კი ერის ანუ იმ ხალხის, ეთნოსის გვერდით, მის სამყაროში უნდა ცხოვრობდე დიდხანს ...ამიტომ მე მაინც პროზას ვანიჭებ უპირატესობას, ის ასაღქმელადაც უფრო ადვილია და ნაკლებად პრეტენზიულიც ..
  - ანუ პრიმიტიული - დამცინავმა სხივმა გაიელვა მშვენიერი ქალბატონის თვალებში.
  - ეს გააჩნია დაწერილს და გარკვეულ წილად მკითხველის ინტელექტსაც, ერთისთვის სანტ-ეგზიუპერის ”პატარა უფლისწული” შეიძლება ზღაპარი იყოს, მეორესთვის ჰუმანიზმისა და კაცთმოყვარეობის გრძნობით გამსჭვალული საზოგადოების ცხოვრების წესი, გააჩნია ვინ როგორ გაიგებს, არის დიდი რუსი მწერალი დოსტოევსკი, ერთ ერთ მის ჩემთვის ყველაზე საყვრელ ნაწარმოებს ”იდიოტი” ჰქვია, მთავარი გმირი არის ბავშვობიდან ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი, რომელიც ერთი თანამემამულის, დიდი მეცენატის დაფინანსებით და კარგი შვეიცარიელი ექიმის დახმარებით ნაწილობრივ  ახერხებს გაუმკლავდეს თავის ავადმყოფობას მაგრამ სამშობლოში დაბრუნებულს, საზოგადოების დიდი ნაწილი გონებასუსტად აღიქვამს, მხოლოდ იმიტომ რომ, მან არ იცის რა არის თვალთმაქცობა და მხოლოდ სიმართლეს ლაპარაკობს. თავადი ლევ ნიკალაევიჩ მიშკინი სულა არ არის სულელი და გარდა მიღებული კარგი განათლებისა ბუნებასაც არ დაუშურებია მისთვის ჭკუა-გონება მაგრამ ის ხალხი რომელზეც რომანის კიდევ ერთი გმირი, მასზე შეყვარებული  ულამამაზესი ახალგაზრდა ქალი ამბობს რომ - ”ისინი მისი ჯიბიდან ამოვარდნილი ხელსახოცის აღების ღირსნიც კი არ არიან” - უფრო ხშირად ”იდიოტი”-ს ეპითეტით მოიხსენიებენ მას და როგორც არასრულფასოვან ადამიანს ისე უყურებენ. როდესაც ბოლო გვერდს კითხულობ და წიგნს ხურავ ხვდები თუ რა მწარე სარკაზმია ჩადებული ამ ნაწარმოების სათაურშივე, ნაწარმოების ბოლოს მთავარი გმირი თავისივე კეთილშობილების მსხვერპლი ხდება და თავისი წილი ამ ტრაგედიაში იმ ხალხსაც შეაქვს ვინც მის გვერდით ტრიალებს. მოკლედ გენიალური მწერლისთვის მნიშვნელობა არა აქვს რა ფორმით გაწვდის ის თავის აზრს.
   - თუ თქვენ ცხოვრებასაც ისეთი ფუნდამენტალური პოზიციიდან უყურებთ როგორც მწერლობას ეს თქვენს მიმართ პატივისცემის გრძნობას ბადებს მაგრამ მეორეს მხრივ თუ შევხედავთ სიცოცხლე მოკლეა და დრო ჩქარა გარბის, მხოლოდ ბავშვობაშია პერიოდი როდესასც გეჩქარება საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გახდე თორემ 30 წლის შემდეგ დღეები თვალის დახამხამებაში გარბის , შენ კი გინდა ყველაფრის ნახვა მოასწრო და ყველაფერს გაუსინჯო გემო. მე არ მიყვარს ბოდლერი, ის ჩემთვის მძიმეა, მიყვარს პოლ ვერლენი, დომენიკ ფურკადო, განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ ჟან ჟაკ კოკტოს, პოეტი, დრამატურგი. ხელოვანი რომელმაც ყველაფერში რასაც კი ხელი მოკიდა წარმატებას მიაღწია - საუბარში მშვენიერი ფრანგი ქალბატონის მეუღლე ( როგორც შემდგომში გაირკვა) ჩაერთო
   - ეს თქვენ ფრანგებს ევროპაში ერთერთი წამყვანი ქვეყნის წამომადგენელებს შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ იცხოვროთ ასე ლაღად, თავისუფლად, ზედმეტი დაძაბვისა და თავის ტკივილის გარეშე. ისეთი პატარა ქვეყნების შვილები როგორებიც ჩვენ ვართ ასეთ ”ფუფუნებას” მოკლებულები არიან - ამ საუბრის მიმართ გულგრილი ვერც ესტონელი სტუმარი დარჩა - ჩვენ ყველაფერზე დიდი დაფიქრება გვმართებს, მსოფლიომ მთლიანად ბალტიისპირეთი  75 წლით ქვეყანა სხვა „დიდი“ სახელმწიფოს მონობისთვის გასწირა და ბოლომდე თავი ჯერ კიდევ ვერ გაგვინთავისუფლებია მიუხედავად იმისა რომ ნატოში გავწევრიანდით და უკვე გვაღიარეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ჩვენზე ბევრად ცუდ დღეშია საქართველო, ჩვენ  რუსეთის პირდაპირი, სამხედრო აგრესიისაგან ნატოს წესდების მე-5 მუხლი გვიცავს.
   - რა თქმა უნდა ყველაფერი ჩვენი ბრალია - რუსი სტუმარი რომელიც მეგონა მხოლოდ შავი ხიზილალის მირთმევით და ზედ ”სმირნოვის” არყის დაყოლებით იყო გართული, არცთუ ისეთი უყურადღებო და საკუთარი კუჭის ”პატივისცემით” დაკავებული აღმოჩნდაი - როდესაც რუსი ჯარისკაცი თურქებთან და ფაშისტებთან სისხლს ღვრიდა მაშინ კარგი ბიჭები ვიყავით ...
    ამ რეპლიკაზე პასუხის გაცემა ვერც მე და ვერც ესტონელმა სტუმარმა ვერ მოვასწარით, სუფრასთან მჯდომმა ფრანგმა ქალბატონმა კატეგორიულად მოითხოვა პოლიტიკაზე საუბრის შეწყვეტა რასაც უსიამოვნო სიჩუმე მოყვა მაგრამ ეს ინციდენტი იმასთან შედარებით რაც მერე მოხდა არაფერი იყო
 - მე მინდა თქვენ ჩემთვის ქართული ნაციონალური ცეკვა შეასრულოთ - ეს ჭირველი ქალის მანერით შემოთავაზებული წინადადები ვისი მისამართით იყო ნათქვამი მე და ლევანიმ თავიდან ვერც კი გავარკვიეთ, მხოლოდ მას შემდეგ რაც ქალმა თავისი მზერა ჩემსკენ მომართა მივხვდი, ამ ქალბატონის ახირების მსხვერპლი ისევ მე ვიყავი...
   სიხლმა ტვინში ამასხა, ამას მე დაქირავებული ტაკიმასხარა ხომ არ ვგონივარ მეთქი, გუნებაში გავიფიქრე, ეტყობა ჩემი უკმაყოფილება მიუხედავად მაქსიმალური თავშეკავებისა მაინც დამეტყო სახეზე. ქალი მოულოდნელად წამოდგა ადგილიდან, მომიახლოვდა, საოცრად ლამაზი, გრძელი, ჩამოქნილი თითები მხარზე დამადო - მაპატიეთ თუ უტაქტოდ გამომივიდა, მე მართლა მაინტერესებს თქვენი კულტურა და თქვენს ცეცხლოვან ცეკვებზეც მსმენია ცოტა რამ, საქართველო გვაინტერესებს, იმიტომაც ჩამოვედით აქ. მე და ჩემს მეუღლეს მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ფეშენებელურ კურორტებზე შეგვეძლო დაგვესვენა და შესაბამისი კომფორტი მოგვეწყო ჩვენს გარშემო მაგრამ არჩევანი საქართველოზე შევაჩერეთ...
    უმშვენიერესი ქალბატონის ამ ქცევამ უცბად ჩააქრო ჩემს სულში ანთებული ცეცხლი ისე რომ მისი კვალიც არ დატოვა;
  - ქართული კულტურა მართლაც საინტერესოა რადგან ის ძალიან ძველია და თვითმყოფადი - უკვე დამშვიდებულმა გავეცი პასუხი ჩემს ”ვიზავი”-ს - თქვენ სწორედ გააკეთეთ აქცენტი, მისი უმშვენირესი გამოხატულებაა ქართული ცეკვა მაგრამ იმისთვის რომ იცეკვო ძალიან ბევრი მუშაობა და მაპატიეთ გამოთქმისთვის ოფლის ღვრაა საჭირო, ილეთები რომლებიც  გამოიყენება ძალიან რთული შესაძლებელია და იდეალურ სიზუსტეს მოითხოვს შემსრულებლისაგან. ხალხური სიბრძნე ამბობს ასჯერ მოყოლილს ერთხელ ნანახი სჯობსო, ორ დღეში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენას მართავს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ”სუხიშვილების” ანსამბლი, ვისაც აინტერესებს ქართული ცეკვა  ყველას გეპატიჟებით, თქვენ კი - ამჯერად ჩემი მიმართვის ადრესატი მხოლოდ მშვენიერი ფრანგი ქალბატონი იყო - შემიძლია რეპეტიციებზე შეგიყვანოთ რათა თავად დარწმუნდეთ თუ რაოდენ დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის რომ შეასრულო ქართული ცეკვა ისე, როგორც ეს მას ეკადრება...  
     ყველა სტუმარმა გარდა რუსი ბიზნესმენისა გამოთქვა სურვილი კონცერტზე დასწრებისა, იმავე საღამოს ჯერ კიდევ სუფრასთან ვიჯექით, იტალიელმა სტუმარმა რომ დარეკა და ლევანის აეროპორტში დახვედრა სთხოვა.
     მართალია ფრანგ ქალბატონს რეპეტიციაზე დასწრების სურვილი არ გამოუთქვამ მაგრამ კონცერტით აღფრთოვანებული დარჩა და არა მარტო ის.. აქვე დარბაზში შეკრებილებმა გადავწყვიტეთ (რაზეც ჩვენ რუს სტუმარს ტელეფონით შეუთანხმდით)  ორ დღეში სვანეთში ავსულიყავით, იქ ყველაფერი მზად იყო სტუმრების მისაღებად.   
     დილის ათი საათი იყო ლევანიმ რომ დამირეკა და გამაფრთხილა ათ წუთში შენს სახლთან ვიქნებიო, კვირა დღე იყო და მეუღლეს და ბავშვებს კიდევ ეძინათ, წინადღით გამზადებულ ჩანთას ხელი დავავლე და ქუჩაში დავეშვი. სადარბაზოს წინ შემოგრიალებულმა ოთხმა, შავმა ”ტოიოტა”-ს ჯიპმა მეზობლების დიდი ინტერესი გამოიწვია, ზოგის თვალებში პატივისცემას და ერთგვარ მორიდებასაც კი დაინახავდი ამ მდიდრული მანქანებით შემდგარი კოლონის მიმართ, ზოგის თვალებში დაუფარავი შური და ბოღმა სჩანდა, ზოგიც თვითონვე ვერ გარკვეულიყო რომელი გრძნობა უფრო სჭარბობდა მასში ...
    ზუგიდამდე 4 საათში ჩავედით, როდესაც ენგურგესის წყალსაცავს გავცდით და უკვე სვანეთის გზას დავადექით ჩვენი სტუმრები ფანჯრებს არ მოშორებიან, კლდოვანი გზის პირას, ავად მობუტბუტე მდინარე ჭუბერსა და ხელთუქმნელ ბუნებას შეუძლებელი იყო გულგრილი დაეტოვებინე. ორი საათის, სვანეთის გზებისთვის საკმაოდ ჩქარი სიარულის შემდეგ, კოლონა გაჩერდა და პირველ მანქანაზე საჭესთან ლევანი დაჯდა. კოლონამ გზიდან გადაუხვია და ამის შემდეგ ისეთ ადგილებში დავდიოდით, სხა სიტყვას ვერ ვიხმარ იმიტომ რომ სადაც ჩვენი კოლონა მოძრაობდა იქ გზა უბრალოდ არ იყო. მანქანების დახრილობა მთის ფერდობებზე სადაც დავდიოდით ჩემი ზერელე გათვლით 25 გრადუსზე ნაკლები არ იყო. ლევანი პირველი იყო ჩვენს კლასში ვინც მამამისის მანქანას ასე ვთქვათ ”მოაჯდა”, მიუხედავად იმისა რომ ჩქარი სიარული უყვარდა მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდი, ამ კაცს ბუნებით მოჰყვებოდა მანქანის ტარების ნიჭი და მაინც გაკვირვებული ვუყურებ ჩვენს თანამგზავრებს, ადამიანებს რომელთა სიცოცხე საერთო ჯამში ათეულობით მილიარდები ღირს, როგორ უდტვრინველად ანდობდნენ თავის უსაფრთხოებას ჩემს ძმაკაცს, კარგად უმუშავია მეთქი გუნებაში გავიფიქრე. ბექა ჩვენი მანქანის მძღოლს, 30 წლის ახალგაზრდა კაცს, 10 წლიანი პროფესიონალური მძღოლობის სტაჟით, დაძაბულობისაგან ოფლი ღვარად ჩამოდიოდა, განსაკუთრებით მძიმე იყო ბოლო 30 კილომეტრი, ჩვენი ნაქები ”ტოიოტები” ლომებივით ბრდღვინავდნენ მაგრამ გაჭირვებით უმკლავდებოდნენ პრაკტიკულად ციცაბო მთაზე ამავალ ფერდობს, ერთ ადგილას წყალმარჩხი მდივარეც კი გადავკვეთეთ.
   - კიდევ ცოტაც და თერმოსტატი აგვიდუღებს, ამ მთაზე რა მუხრუჭები გაუძლებს თუ იძულებული გავხდებით გავჩერდეთ მე არ ვიცი - ჩემსკენ არც გამოუხედია ისე ჩაილაპარა ბექამ მგზავრები რომ არ დაეფრთხო, ამის თქმა იყო და თითქოს მთას ვიღაცამ თავი ხმლით გადაუსხიპაო ტრიალ მინდორზე გავედით. შემდეგ რაც მე იქ ვნახე ეს ზღაპარს უფრო გავდა ვიდრე რეალობას ...
    თავწაჭრილ მთა შუაში მოექციათ სამ მასზედ ბევრად უფო დიდ და მაღალი მთას გეგონებოდა სამო გოლიათი ტაბლას შემოუჯდაო პურის საჭმელად, 10 ჰექტარის ფართობზე 10  ცალი, კოხტა, არასტანდარტული ხის კოტეჯები, ორ რიგად, ერთმანეთისგან 20-20 მეტრის დაშორებით ჭადრაკისებულად დაესკუპებინათ.  ორი პატარა და ერთ მოგრძო სათავსო შენობებსაც მოვკარი თვალი, ორტონიანი ავზი შენობებისგან ყველაზე დაშორებულ წერტილში მიწაში ჩაეფლათ. იგრძნობოდა რომ ტერიტორია მაქსიმალური ყაირათიანობით იყო გამოყენებული, მანქანებიც კი წინასწარ გათვლილ ადგილას, კომპაქტურად ერთმანეთის გვერდი ჩაემწკრივებინათ, მხოლოდ მას შემდეგ მოიცალა  ლევანიმ ჩემთვის, რაც სტუმრები ყველა თავ-თავის კოტეჯში დააბინავა.
   - ეს რა შენობებია? - შევეკითხე მეგობარს და დამხმარე შენობებზე მივანიშნე,
   - ერთი საბოილეროა, კოტეჯებში ცხელ წყალს აწოდებს და რადიატორებს ათბობს, მეორეში დიდ სიძლიერის გენერატორია, სხათაშორის იაპონურია და თავისი ხმის ჩამხშობები აქვს, მუშაობისას მისი ხმა შეიძლება თავისუფალ სიჩქარეში გამართული მერსედესის ან რაიმე კარგი მანქანის ძრავის ხმას შეადარო მიუხედავად იმისა რომ ამით არა მარტო კოტეჯების და დამხმარე შენობების მომსახურებას უზრუნველყოფს, მესამეში საჯინიბოა..
   - რა თქვი ცხელი წყალიო? - რაღაცა ხომ არ მომესმა მეთქი, საკუთარი თავი გადავამოწმე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ლევანის რეაქცია იყო, ერთი კი გაეღიმა რო გამომხედა, ხელით მანიშნა გამომყევიო და ერთ ერთი კოტეჯისკენ გამიძღვა.
    აქ მე და შენ ვიქნებით, მითხრა და კოტეჯის კარები შეაღო. მე პატარა ბიჭი არ ვარ და ბევრი სახლი მინახია, ჟურნალები დამითვალიერებია სხვადასხვა არქიტექტურით დაპროექტებული სახლების,  უამრავი სხადასხვა ინტერიერი მაგრამ ასეთი კოხტა და გემოვნებით გაწყობილი არაფერი მენახა, სპეციალურად გაკეთებულ  მაგიდას  ბოლო თაობის კომპიუტერი და მობილური ტელეფონი იდო ...                 
     - ეს ტელეფონი ვისია? - ვიკითხე და როდესაც კიდევ ერთხელ დავინახე ლევანის გაღიმებული სახე, ყველაფერს მივხვდი, უცბად წარმოვიდგინე დისნეის მულტფილმებში ნანახი ვირის ყურებგამობმულ პერსონაჟად თავი.      
      - ამიტომ ღირს ამათი ერთი დღე 15000 დოლარი. ამერიკელი და რუსი 25000 იხდიან,
      - შენ რა ხუმრობ, ამდენს რაში იხდიან? - ეს კი არ ვიკითხე მოულოდნელობისაგან ”ვიბღავლე”.
      - ექსკლუზიურ თევზაობაში, ნადირობაში, მთაზე თხილამურებით სრიალში, ცხენით ჯირითობაში, თუ მომთხოვენ და გადაიხდიან... ტოკ-მოდელებსაც მოუყვან, ჩიტის რძეს მოინდომებენ იმასაც გაუჩენ, მთავარია გადაიხადონ, რაზეც ჩემი სტუმრები თანახმანი არიან.
     მხოლოდ ეხლა მივაქციე ყურადღება კედელზე ჩამიკიდებულ თოფს და კუთხეში მიყუდებულ ძვირფასს სპინინგს, ყოველივე იმის მერე რაც ვნახე თხევად კრისტალიანი, უზარმაზარი, კედელზე ჩამოკიდებული თხელი ტელევიზორი ისე მივიღე როგორც ჩემი სახლის კუთხეში მიყუდებული მეუღლის ნაყიდი ახალი ცოცხი.
     - გაფიცებ ყველაფერს ცხენები სადღა მოძებნე -  შევეკითხე მეგობარს და ნიშნად იმისა რომ ნამდვილად მოახერხა ყველაზე ”რბილად” რომ ვთქვათ ჩემი გაოცება ხელები ავწიე.
    - ოოოო...  მე შენ გაგაცნობ საოცრად საინტერესო კაცს, ჩემს უფროს მეგობარს, პარტნიორს, ”შავ სამყაროშო” ძალიან ცნობილი ადამიანების მამას და ბოლოს თავის სვანეთზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ზუსტად მისი ცხენებია ჩვენს საჯინიბოში, ეხლა სადაცაა მოვა თუ უკვე მოსული არაა.
    ლევანის ”ნაქები” ”საინტერესო” ადამიანი საქმაოდ პირქუში და საუბრის ნაკლებად მოყვარული ბატონი მევლუდი აღმოჩნდა. ის იყო ბელეტაჟზე შემოდგმული კოტეჯის კიბიდან ჩამოვედით თავისი თეთრი ცხენი ჩვენთან მოაგდო სვანმა. ჩამოქვეითებული მევლუდი დინჯად მოგვესალმა:
  - რამე ხომ არ გვჭირდება - შეეკთხა ლევანს
  - არა მევლუდ ბატონო, მაცივრები სავსეა სტუმრების შეკვეთილი ახალი პროდუქტებით, თუ რძის ნაწარმი ან ახალი ხორცი დაჭირდათ, თქვენ მოცემულ ნომერზე, მობილურზე გადავურეკავთ და ამ საქმეს ალბათ მიხედავენ როგორც თქვენ დამპირდით, თუ სანადიროდ ან სათევზაოდ მოუნდათ წასვლა მაშინ თქვენ შეგაწუხებთ, როგორც ჩვენ გადავწყვიტეთ. ცხენებისათვის საჭმელი მეგრელებმა ჯერ კიდევ გუშინ დამირეკეს ამოვიტანეთო და მასეც იყო, დღეს როგორც ვნახე ყველაფერი წესრიგშია.
   - მოზვერი მოვიყვანე, შენ ამბობდი რომ ჩემმა ბიჭებმა მანქანის მართვის გარდა მწვადის შეწვაც იციანო, მე სოფლიდან ნათესავი გოგო ჩამოვიყვანე და ფქვილიც ჩამოგიტანეთ, ჩვენ სტუმრებს სვანური კუპდარი გაასინჯეთ. ის გოგო ცხენითაა, როცა თავის საქმეს მორჩება თვითონვე წავა სახლში არავის გაცილება არ უნდა..
   -  ბიჭებმა მწვადის შეწვაც იციან და ერთი საერთოდ მზარეულადაცაა ნამუშავარი, საჭმლის გაკეთების პრობლემა ჩვენ არ გვაქს...
      ლევანის ”უფროსმა მეგობარმა” სიტყვის დამთავრება არ გვაცალა, ცხენს მოახტა და წესიერად არც გამოგვშვიდობებია ისე დაგვცილდა. მევლუდი, ეს უკვე ხნოვანებაში შესულ სვანი, სიტყვაძუნწი და ბუნებითაც საკმაოდ მკაცრი, ჩვენი სტუმრებისთვის ქართული მეგობრობის და სტუმართმოყვარეობის მაგალითად იქცა, ერთადერთი ვინც მასთან საერთო ვერ ნახა და თვითონაც ამის არანაირი სურვილი არ გამოუხატავს რუსი ბიზნესმენი იყო როგორი მიამიტებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი სტუმრები (რომელთა კატეგორიას ისინი არ განეკუთვნებოდნენ) მაინც მიხვდებოდნენ რომ ამ კაცს მათი ფული არანაირად არ აინტერესებდა. სვანეთით ყველანი აღტაცებულები ვიყავით მაგრამ ბალტიისპირელ ბიზნესმენზე და მის ამერიკელ ”კოლეგაზე” სვანეთმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, ამერიკელი თუ ამ ზღაპრული ადგილის ბუნებით და მისი პოტენციალით იყო გაოგნებული, იანესი მაგის გარდა სვანების ყოფა-ცხოვრებით, მათი ტრადიციებითაც იყო დაინტერესებული, მას შემდეგ რაც მევლუდიმ სპეციალურად მისთვის სვანური ჩოხა შეაკერინა და ზედ მოვერცხლილი სვანური ხანჯალიც დაკიდა სვანების სამეგობროში საბოლოოდ ჩაეწერა.       
      იყო ამ მილიონერების ”ეკსკლუზიურ’ კურორტზე, ერთი, ყველასათვის შურის, აღფრთოვანების თუ ნატვრის საგანი - ეს იყო მევლუდის ”თეთრა”. მე შეიძლება იმდენი არ მენახა, შეხების წერტილი ნაკლები მქონოდა ცხენებთან მაგრამ ჩვენი სტუმრებიდან უმრავლესობას თავისი საჯინიბოები ჰქონდათ და ულამაზესი და უძვირფასეს ცხენებს ყოველწლიურად ყიდდნენ ან ყიდულობდნენ, ყველა აღიარებდა რომ თეთრას ნაირი ცხენი არცერთს არ ყოლია. ”თეთრა”-ს პირველი ნახვისთანავე ვლადიმირმა მევლუდს შესთავაზა დაესახელებინა რა თანხაც უნდოდა ამ ცხენისთვის და ის ულაპარაკოდ თანახმა იყო გადაეხადა, მევლუდის უარი გახდა პირველი მიზეზი მათი არცთუ კეთილმოსურნე ურთიერთობისა. მხოლოდ ერთხელ ვნახე შეცბუნებული ჩვენი სვანი მასპინძელი როდესაც ელენმა, ჩვენმა ფრანგმა ქალბატონმა თეთრაზე ამხედრება ისურვა, ამ ცხენზე ჩემს მეტი ჯერ არავინ შემჯდარა და არც არავის შეისვავსო ჩემი პირით გააფრთხილა სტუმარი მევლუდიმ, მაგრამ ქალის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დაემორჩილა მის ნება-სურვილს, მაშინაც კი როდესაც თეთრა პატრონს აღვირით ეჭირა, ცხენი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა მისთვის უცხო ადამიანის ზურგზე შემოჯდომას,  ხოლო მის შემდეგ რაც სადავეებიც ამ ადამიანის ხელში აღმოჩნდა სულ გაგიჟდა, ისეთ მალაყებს აკეთებდა უეჭველი ჩამოაგდებდა ელენს ისევ მევლუდს არ ევაჟკაცა და ქალი ხელიდან გავარდნილი სადავეები ისევ თავის ხელში არ აეღო. ელენს ამ შემთხვევის შემდეგაც არ აუღია თავის განზრახვაზე. ჩემი მოვალეობა იყო, პირობითად რომ ვთქვათ ხიდი ვყოფილიყავი ჩვენს კლიენტებსა და დანარჩენ გარემოს შორის ამიტომაც ელენის თხოვნა მევლუდი გამოჩენის შემთხვევაში, მასთან მიმეყვანა, შეძლებისთანავე შევასრულე.
   - შეეკითხე რა დელიკატესს აჭმევს თავის ცხენს, ჯიბით რომ დაატარებს ხოლმე ყოველთვის? - დამტვრეული რუსულით მთხოვა ელენმა და სანამ იგივე კითხვას მევლუდს დაუსვავდი ჩემი გაოცების ჯერი დადგა.
   - თეთრას შაქარყინული უყვარს ძალიან - სუფთა, უაქცენტო რუსულით მიიღო პასუხი მევლუდისაგან ფრანგმა ქალბატონმა, გასაგები იყო რომ ჩემი თარჯიმანობა იქ აღარავის ჭირდებოდა მაგრამ იმ ადგილის დატოვება არ მიჩქარია.
   - მინდა სანამ მე აქ ვიქნები ყოველთვის მქონდეს შაქარყინული, და თეთრაც ჩვენს საჯინიბოში იდგეს - გამოგვიცხადა ელენმა.  
   - შაქარყინულს აუცილებლად ამოგიტანთ, ცხენი ყოველთვის თქვენთან ვერ იქნება, ის მოიწყენს უჩემოდ მე კი უმაგისოდ, მაგრამ ყველანაირად ვეცდები რომ უფრო მეტად აქეთ, თქვენკენ იყოს და დატოვებითაც ხშირად დავტოვო ხოლმე თქვენს საჯინიბოში - ელენის თანხმობამ მისი  ხასიათიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გამაკვირვა რაც მევლუდს მხედველობიდან არ გამოპარვია ..
  - ჭკვიანი ქალია და რაც მთავარია ცხენებთან ურთიერთობა იცის, ამიტომაც დათანხმდა ჩემს პირობებს, თეთრა საკეისროთი მოევლინა ამ ქვეყანას და ეს ოპერაცია მე გავაკეთე, სპეციალობით ვეტერინარი ვარ და რუსეთში მაქვს განათლება მიღებული, დაბადების დღიდან მე ვუვლი, თხის რძით მყავს გამოზრდილი. ზოგი ძაღლი არ არის პატრონს ისე მიჩვეული  როგოც თეთრა მე, რომ ვერ მნახოს გაღიზიანდება და აღარავის არ მიიკარებს, ამჯერად ჩვენს სტუმარს უნდა თეთრა მიიჩვიოს მაგისთვის მოითხოვა შაქარყინული - მევლუდის სიტყვებში აშკარად იგრძნობოდა პატივისცემა ელენის მიმართ. იმ დღის შემდეგ გემრიელ სასუსნავს თეთრა ორ პორციად იღებდა უკვე. ადრე თუ ელენეს დანახვაზე გარბოდა, ეხლა შაქარყინულის ხათრით უჩერდებოდა, ცოტა ხანში მოფერების და ხელით შეხების უფლებაც მისცა.                     
    ქალაქში ჩასული ლევანი რამოდენიმე დღე არ გამოჩენილა, მიუხედავად იმისა რომ მისი აქ ყოფნა-არყოფნა არაფერს ნიშნავდა საქმისთვის, ყველაფერი ისე კარგად იყო აწყობილი, თვითონ ფაქტმა შემაფიქრიანა, სერიოზული მიზეზი რომ არა ლევანი ამდენ ხანს თავის ბიზნესს უყურადღებოდ არ დატოვებდა.
    უკვე ღამე იყო ლევანიმ პირდაპირ კოტეჯთან რომ შემოაყენა მანქანა, ამას არასოდეს თვითონ არ აკეთებდა და დანარჩენი ბიჭებისაგანაც კატეგორიულად თხოულობდა მხოლოდ მანქანებისთვის განკუთვნილ ადგილას გაეჩერებინათ სატრანსპორტო საშუალება, შევატყვე ხასიათზე ვერ იყო...
   - ხომ მშვიდობაა ლევან? - შევეცადე საუბარში ამეყოლიებინა მეგობარი და ეს მოვახერხე კიდეც.
   - აბა როგორ გითხრა... ქალაქში მიტინგი დაარბიეს, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა- შემოხლა მოხდა. მე მთავრობასთანაც მაქვს გასასვლელი და ოპოზიციის ლიდერებთანაც. ჩემს ბიზნესს ვერავი ვერ შეეხება რა თქმა უნდა პოლიცია და ჯარი თუ არ მომიქსიეს, არც მაგისი მეშინია, სანამ აქ ამოვლენ უკვე მეცოდინება რას აპირებენ, ისეთ ადგილას გადავმალავ ყველაფერს კაციშვილი ვერაფერს მიაგნებს, კოტეჯები მევლუდის შვილების და ნათესავების სახელზეა გაფორმებული. მე იმისი მეშინია რომ ამ არეულობების ჩვენ სტუმრებს არ შეეშინდეთ და აქაურობა არ დატოვონ. ჩვენ სულზე გამოვასწარით, ძველებს უთქვამთ შუბს ხალათში ვერ დამალავო ... შენ ჩემგან არაფერი გესწავლება...ხო! ხვალ ერთ ჩემ ოპოზიციონერ მეგობართან მაქვს შეხვედრა, დიდი ხანია შიმშილობს და დამანამუსა ერთი გემრიელი პური მაჭამეო, ხომ წამომყვები?  
   - თუ აქ არაფერში გჭირდები გიჟი უნდა ვიყო კაი სუფრაზე უარი რომ ვთქვა ...
   - აქ ყველა ლაპარაკობს ინგლისურად ან რუსულად ისე რომ უშენოდაც გაძლებენ, ყოველი შემთხვევისთვის მევლუდს დავურეკავ, ვთხოვ რომ ჩვენს არყოფნაში სულ აქ იყოს.
    ხელისუფლების გუნდრუკის მკმეველი არასოდეს ვყოფილვარ, რამდენადაც წამიკითხავს და გამიგია, მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფოებრივობა ჯერ კიდევ გვქონდა, ბევრჯერ ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით, ერთმანეთი და აქედან გამომდინარე, მიზეზ-შედეგობრივად ქვეყანაც აღარ დაუნდიათ უცხო ტომის და ჯიშის საჯიჯგნად სამეფო გვარის წარმომადგენლებს. თუ სამეფო ოჯახში დაბადებულ კაცს, ვისაც სისხლში უნდა ქონოდა ღვთის და ხალხის წინაშე სახელმწიფოს იტერესების უზანოესობა, იმას დაუყენებია წინ პირადი კეთილდღეობა, უცხო ქვეყნის, ისიც კომუნისტების მიერ ხელდასმულს, არც ხატის რომ სწამდათ, არც ჯვარი, ხალხსაც ბუზებივით რომ ხოცავდნენ იმისგან რა უნდა მოგეთხოვა.
      პოლიტიკოსების მიმართ დიდი სიმპატიები არასოდეს მქონია. ჯერ კიდევ კარგად მახსოვდა ძალაუფლების ელში ჩასაგდებად, მტრულად განწყობილი, მეზობელი სახელმწიფოდან შემოგზავნილი თუ  საკუთარ თავში დარწმუნებული, ამბიციებით სავსე ”პატრიოტები”, ადამიანები, ვინც ერი ორად გახლიჩა, ეს ისედაც ერთი მუჭა ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირა და ძმას ძმა მოაკვლევინა. ქართველთა უჭკუობით უმალ ისარგებლა ვითომ მეგობრად დიდი ხნის წინ მოსულმა მტერმა და ქართულ მიწას კიდევ ერთხელ, ისევ თავიდან დაეპატრონა. ორასი წლის განმავლობაში, პირველად მოსვლის დღიდან, უახლოვესს ნათესავს ნათესავს აძულებდა, ერთ ოჯახში, ერთი დედის ძუძუთი გაზრდილ ბიჭებს ერთმანეთის სისხლის დასაღვრელად აქეზებდა, თუმცა ამას ისევ ქართველის ხელით აკეთებდა, ქართველს და მის ხელისუფალს აჭრევინებდა ღვთის ხელით მათვე დასაცავად აღმართულ კლდეს, რათა ქვეყნის დასაპყრობად ისევ იმ გვირაბიდან შემოსულიყო.        
   ექვსაათიანი მგზავრობის შემდეგ ორი საათი  სატუმროში დავისვენეთ და მგლებივით მშიერები მივადექით ძვირფას რესტორანში წინასწარ შეკვეთილ სუფრას, ჩვენი დაპატიჟებული სტუმრები უკვე იქ დაგვხვდნენ, თამადაც უკვე აერჩიათ და გემრიელადაც ”უბერავდნენ”. ყველანაირად ვცდილობდი გვერდი ამევლო პოლიტიკური დისკუსიებისათვის და დამტკბარვიყავი კულინარიის იმ მშვენიერი შედევრებით რომელიც კაი პურის მჭამელი ხალხი რომ იტყვის ”დაყრილი’ იყო სუფრაზე, თუმცა არაფერი გამომივიდა საშუალება არ მომცეს სანამ საუბარში არ ამიყოლიეს, მიზეზი ისევ ლევანის მეგობარი პარლამენტარი გახდა:
   - აბა მეგობარო შესვი ერთი ოპოზიციის სადღეგრძელო - უაპელაციო ტონით ბრძანა ოპოზიციური ტელეარხების ხშირმა სტუმარმა და განსხვავებული სასმისი მომაწოდა როგორც დაგვიანებულ სტუმარს. ჩემთვის უცხო კაცის ამ მომართვამ გამაღიზიანა თუმცა არ შევიმჩნიე..
  - გაგვიმარჯოს - მოკლედ მოვჭერი სიტყვა და სასმისი მოვიყუდე.
  - ვის გაუმარჯოს? - არ მაცალა სასმისის დაცლა.
  - ჩვენ - კიდევ ერთხელ ვეცადე მეგრძნობინებინა რომ ტყვილად ლაქლაქის ხასიათზე არ ვიყავი.
  - ჩვენში ეს ხელისუფლებაც შეიძლება ვიგულისხმოთ ..
  - მერე რა განსხვავებაა თქვენს და იმათ შორის?
      სუფრაზე წამით ჩამოვარდნილმა სიჩუმემ მიმახვედრა რომ ჩემი კითხვა ბევრს არ მოეწონა...
   - როგორ გეკადრება მეგობარო, ვის გვადარებ, ვერ ხედავ გაანადგურეს ქვეყანა, თვითონ და თავისი ოჯახის წევრები ფუფუნებაში ლამის დაიხრჩონ, ხალხი კი შიმშილით კვდება, ჩადი ერთი მეტროში ნახე რა ხდება ერი მათხოვრადაა ქცეული..
   - თქვენ თვითონ ბოლოს როდის იყავით მეტროში? ერთი რაღაცა მიკვირს თქვენი, თბილისი პატარა, ჭორიკანა ქალაქია სადაც ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის, თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებიც დადიხართ ძვირფასი მანქანებით, გაქვთ ძვირფასი სახლ-კარი და აგარაკები, შვილები საუკეთესო განათლებას საზღვარგარეთ იღებენ. ერთი პარლამენტის სხდომებს ესწრებოდით, ხან სავარძლებში გეძინათ, ხან ერთმანეთში ქილიკობდით და ლაზღანდარობდით, იშვიათად უმრავლესობასთან ხელჩართულ ბრძოლაში ებმებოდით, ბოლოს ესეც მოგბეზრდათ და თქვენს ამომრჩევლებს მანდატები თავზე გადაახიეთ მაგრამ იმ ოთხი თუ ხუთი ათასზე რომელსაც დღესაც არ ვიცი პარლამენტარებს რაში აძლევენ უარი არ გითქვიათ. უმრავლესობამ ცხოვრება კარგად რომ მოიწყო და ეს ყველაფერი უბრალო ხალხის კისერზე გადავიდა ამას ბევრი მიხვედრა არ ჭირდება მაგრამ ამათმა ქვეყანასაც რაღაცა შემატეს, რაღაცა ააშენეს, რაღაცა გაალამაზეს. ყველა თუ არა, იქნებ ერთი ორი კაცი მაინც გამოჩნდეს ისეთი ვისაც ჭკუა ეყოფა და მიხვდება რომ თუ არ მიხედეს, ცოტა საშველი არ მისცეს, გაგიჟდება ეს ხალხი, ზღვასავით აღელდება, აზვირთდება მათში ეს ამდენი ხნის დაგროვილი ტანჯვა-წვალება და წალეკავს ყველაფერს რაც შეხვდება თავის გზაზე. მე არ მადარდებს ხელისუფლება, ესენი თავის თავს და თავის ოჯახებს კი უშველიან, იმათ იმდენი აქვთ ნაშოვნი თაობებს ეყოფათ მაგრამ ვეღარ წამოდგება ფეხზე, ვეღარ გაუძლებს ამდენს, კიდევ ერთხელ წაქცეული, გადათელილი, ქვეყანა, ჩვენს თავს ჩვენ თვითონვე გამოუტანთ სასიკვდილო განაჩენს...    
  -  ძამია შენ თუ ამ ქვეყნის ერთადერთ პატრიოტად და რომის პაპზე მეტ ქრისტიანად გინდა თავი წარმოაჩინო არ გამოგივა. შენზე ნაკლებად აქ საქართველო არავის უყვარს და მის დაგრევას და გადათელვას არავინ აპირებს. შენ თუ 7 ნოემბრის ამბები გაქვს მხედველობაში მაშინ ხელისუფლების კისერზეა ეს ინციდენტი, პარლამენტის კიბეებზე მოშიმშილე პარლამენტარები პოლიციამ დაარბია როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა არ იყო. ჩვენ 70 ათასი კაცი შევკრიბეთ სტადიონზე და ერთი ურნა არავის გადაუბრუნებია..
  - იმ დღეს მომიტინგეებში მეც მოვხვდი მართალია შემთხვევით როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სტადიონისკენ დაიძრნენ, ჩემი პატარა ბიჭი მიმყავდა სადღაც... თავიდან გამოგიტყდებით შემეშინდა ეს ზღვა ხალხი რომ დავინახე, გაოცება მალე პატივისცემამ შეცვალა როცა დავინახე რა კარგად იყო ეს მსვლელობა ორგანიზებული და მაინც.. თქვენ წარმოგიდგენიათ ვიღაცას რომ პროვოკაცია მოეწყო, იარაღი გაესროლა, ხალხი დაეხოცა და ხელისუფლების ძალოვანი ორგანოებისთვის გადაებრალებინა ეს ყველაფერი, შეძლებდით გაღიზიანებული და ჭკუიდან გადასული მასის მართვას? ყველა მიტინგზე თქვენ მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდით. მე კარგად მესმის რომ ეს ეგრეთწოდებული პოლიტიკური თამაშის ხერხი და ხელისუფლების ბოსტანში ნასროლი ქვა იყო მაგრამ ყველას ინტელექტს ერთნაირად ნუ განსჯით, თქვენი განცხადება თავისთავად უკვე ნიშნავდა რომ არეულობის და სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევაში პასუხისმგებლობას თავიდან იცილებდით. ახალ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ბევრია ის ადამიანი ვისაც პასუხი ჯერ იმ სამოქალაქო ომის გულისთვისაც არ უგიათ პასუხი რომელიც მათ გააჩაღეს და რის შედეგებსაც, უკვე მეოცე წელი გადის და დღესაც კი ვიმკით. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ეს ყველაფერი მტრულად განწყობილი დიდი მეზობელი ქვეყნის თითქმის ღია აგრესიის ფონზე ხდება რომელიც პირდაპირ აცხადებს რომ საქართველოში არეულობის შემთხვევაში არ დაუშვებს სიტუაციის გამწვავებას და ის გააკონტროლებს რეგიონს.                              
  - შენი მეგობარი ლევან შემთხვევით ”სოდი”-ს ან ”კუდი”-ს თანამშრომელი ხომ არ არის? - დამცინავი ღიმილით კითხულობს უკვე კარგად გამძღარი, ჩვენი ”ნაშიმშილარი” პარლამენტარი.
  - არეულობა ვისაც რამე ბიზნესი აქვს, არავის აწყობს და მე ხომ მითუმეტეს, შენ იცი ჩემი ამბები.. რაც შეეხება ჩემს ძმაკაცს, ამ მთავრობას ჭკუა რომ ქონდეს ასეთ ადამიანებს სახელმწიფო სასმსახურისთვის, გინდაც იმ ძალოვან ინსტიტუტებში შენ რომ ჩამოთვალე, სანთლით უნდა ეძებდნენ, ოთხი ენა იცის, საერთო განათლებაზე აღარაფერს ვამბობ და რაც მთავარია ამ ხელისუფლების კიდევ ჯერა...
  - ერთადერთი რაც ამ ხელისუფლებაში მართლა მომწონს ის არის რომ მტერს მტერს ეძახის და თავს არ უხრის, მოყვარეს კიდევ ისე იღებს როგორც ჩვენ შეგვშვენის, თუმცა თუ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს არაფერი გამოუვათ. ქვეყანა აუცილებლად მომავალი თაობის კეთილდღეობის გარანტი უნდა გახდეს მაგრამ ბავშვი თუ მშიერი, მომავლის რწმენადაკარგული, მშობლების გვერდით იზრდება ვერასოდეს იქნება ფსიქიკურად გაწონასწორებული, ბოლომდე ჯანმრთელი ადამიანი, მისგან მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველი ეგოისტი გამოვა რომლისთვისაც გვერდზე მდგომი ადამიანის პრობლემა  არაფერს ნიშნავდეს იქნება, ან შეშინებული, მხოლოდ ფულის შოვნაზე ორიენტირებული ადამიანი რომელიც საზოგადოებისთვის ისევე უსარგებლო იქნება როგორც მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველი ეგოისტი. საქართველოს ისტორიას გამყიდველების მეტი რა ახსოვს მაგრამ როდესაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგებოდა რაღაცა ღვთიური რაც ამ მიწა-წყალშია იღვიძებდა და ქართველებს ერთ მუჭად კრავდა მაშინ ქართველის დამმარცხებელი არავინ იყო, ჩვენი გაუტანლობით, მოყვასისადმი შურით და ზიზღით დაბრმავებულნი ამ მადლს ვკარგავთ ... თქვენ ჩემზე მეტი უცხო ენა იცით, უმაღლესი სამეცნიერო რეგალიების მფლობელი ხართ, იცით უძველესი ეგრეთწოდებული მკვდარი ენა რომელსაც მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ფლობენ და არ მითხრათ რომ ვერ ხვდებით მე რაზე ვლაპარაკობ ... მივმართე  ჩემს ოპონენტს.
    შევამჩნიე ლევანის მეგობარი პარლამეტარის აგდებული დამცინავი მზერა როგორ შეიცვალა, ჭკვიანი, თაფლისფერი თვალები ყურადღებით მაკვირდებოდნენ, თითქოს ამოწმებდნენ რამდენად გულწრფელი იყო ჩემი სიტყვები ...
    - შენ ძმაო ჩვენიანი ყოფილხარ, ოპოზიციას სხვა კი არაფერი უნდა და სხვას კი არაფერს ქადაგებს - ერთგვარი პატივისცემას კი ვიგრძენი პარლამენტარის ხმაში.
    - ძალიან გთხოვთ საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ მაგრამ ჩვენ ოპოზიციას რა უნდა ისე ნათლად ჩანს რომ მოზრდილ, ჭკვიან ბავშვს რომ შეეკითხოთ ის გეტყვით რომ მინისტრის პორტფელების და სახელისუფლებო სავარძლების გარდა მათ არაფერი აინტერესებს თუმცა რატომღაც გონიათ რომ ხალხი სულელია და ვერაფერს ხვდება. ეს ავადმყოფობა განვითარებულ სახელმწიფოებსაც ახასიათებთ, ასე ვთქვათ შეძენილი ჭირია რადგან სანამ სახელმწიფო გვქონდა მეფე იყო ერთპიროვნული მმართველი, კომუნისტური სისტემა კი კარგად მოგეხსენებათ ტოტალიტარული სისტემაა და სულ არ აინტერესებს საზოგადოების აზრი. ჩემი სიტყვების დამტკიცება ძალიან ადვილია, რამდენი ოპოზიციონერია რომელიც ჯერ წინა შევარდნაძის მთავრობაში იყო, მერე უცბად ”გაფერადნენ” და ახალი ქვეყნის აღმშენებლებად მოგვევლინენ, მერე ამ მთავრობასაც ვერ შეეგუენ ვინაიდან ამ უკანასკნელებმა მათი ამბიციები ვერ დააკმაყოფილეს, ზოგიერთი მათგანი კი სამსახურიდან გაანთავისუფლეს. მე არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანს რომელიც ფილმს გადაიღებს იმაზე თუ როგორ ”ჩაგრავდნენ” ქართველები თურმე ოსებს, აფხაზებს და ევროპაში წაიღებს ”ჭეშმარიტი” დემოკრატის სახელის დასამკვიდრებლად, შეიძლება რამე პრიზის ან პრემიის მოსაპოვებლადაც, პრეტენზია ქონდეს არათუ პატრიოტობაზე არამედ საერთოდ ქართველობაზე, მითუმეტეს რომ ეს ადამიანი არ არის ისეთი სულელი ვერ მიმხვდარიყო რა ზიანი მიადგებოდა ამით ქვეყანას და როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანის ისევ ხელისუფლებაში მოსვლა. მეორე დედაქალაქში გზების გადაკეტვით და მისი ”ჩაკვდომით” იმუქრება. მესამე რკინიგზის ფუნქციონირებას ბლოკავს. თქვენ ხომ გადასარევად ხვდებით რომ ეს ქვეყანას დიდ ფულად უჯდება, ეს კერძო მეწარმეებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის,  საქართველოს მომავლისთვის, მისი იმიჯისთვის მომაკვდინებელია მაგრამ თქვენ ეს მაპატიეთ გამოთქმისთვის და ფეხებზეც გკიდიათ .... თქვენ გადასარევად იცით რომ ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთადერთი დასაშვები ლიგიტიმური გზა ეს პარლამენტია, მაგაზეც ჩემი შეფასება თქვენთან მიმართებაში უკვე მოგახსენეთ ...
  - კარგი ყმაწვილო, შენ ეხლა მეტისმეტი არ მოგივიდეს - გაღიზიანება ვერ დამალა ჩემმა ოპონენტმა - პარლამენტში რომ ვერაფერს მივაღწიეთ იმიტომ გამოვედით გარეთ, ჩვენიდან წამოსული ყველა წინადადება რომ იბლოკებოდა იმიტომ გადავწყვიტეთ პარლამენტიდან წამოსვლა. რომელია უმრავლესობიდან ჩემზე მეტი განათლება, მეტი დამსახურება ან გამოცდილება ქონდეს, რა მარტო მაგათ უყვართ ქვეყანა?
  - თქვენ თუ გახსოვთ ჩვენ შორის კამათი მის შემდეგ დაიწყო როცა ვთქვის რომ დიდ განსხვავება თქვენს და ხელისუფლებას შორის ვერ ვხედავ მეთქი. საერთოდ არცთუ ბევრი პოლიტიკოსი ვიცი ვისი მოღვაწეობაც ჩემში აღფრთოვანებას იწვევს. პოლიტიკა ძალისმიერი ხელოვნებააო გამიგია, ეს კლასიკური შეფასება ჩემში არასასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. შეიძლება ადრე როდესაც შვილდ-ისრებით და ხმლებით ომობდნენ შეიძლებოდა ასე აზროვნება მაგრამ დღეს როდესაც  მსოფლიოში უამრავ ქვეყანას აქვს ატომური იარაღის პოტენციალი,  ყველა მოაზროვნე ადამიანი უნდა მიხვდეს რომ თუ ატომური იარაღი თუ გავარდა ერთი არ გავარდება, აღაც მოგებული დარჩება და  აღაც წაგებული.
  - ზუსტადაც მაგიტომ რომ პოლიტიკა საშიში თამაშია ხელისუფლების სათავეში ჭკვიანი ხალხი უნდა იჯდეს, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს რომ ძლიერ მტერთან მეგობრობა ჯობია, რუსეთის მსოფლიოს ეშინია, შენ ვინ ხარ 4 მილიონიანი ქვეყანა მსოფლიოში ტერიტორიულად ყველაზე დიდ ქვეყანას რომ ეჭიდაო?
  - მაგაშიც ვერ დაგეთანხმები ბატონო ჩემო, წინა ხელისუფლების დროს მოვიდრიკეთ თავი, ვაღიარეთ რუსეთის უპირატესობა, უარი ვთქვით საბჭოთა კავშირის ტერიტორიზე არსებულ ქართულ აქტივებზე, ანუ ყველაფერზე რაც წილობრივად გვეკუთნოდა, შევედით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირში სადაც ერთპიროვნულად რუსეთი ღებულობდა რეალურად გადაწყვეტილებებს ანუ ტრანსფორმირებულ ახალ საბჭოთა კავშირში. მინისტრებსაც კი რუსეთის ხელისუფლების რეკომენდაციით ვნიშნავდით. ტერიტორიები დაგვიბრუნეს? დევნილები დააბრუნეს თავის სახლებში? თუმცა მაშინ ვაჭრობაზე რუსეთთან ემბარგო არ იყო და ქართველებს ნახირივით ჯგროდ სატრანსპორტო თვითმფრინავით არ გვიყრიდნენ ქალაქებიდან. ჩვენ ისეთი ხელისუფალი გვჭირდება ეხლა ვინც საკუთარ სავარძლებს და თავის ცხოვრებას კი არა როგორც ამას თქვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრები და პარლამენტის თავჯდომარეები აკეთებენ,  ქვეყანას და მის მოსახლეობას დაიცავს კბილებით, გინდაც თავისი პირადი ინტერესების საზიანოდ ...
  - მოდი აქტივები და პასივები რა არის მე ნუ ამიხსნი, არა მგონია მაგი შენ ჩემზე კარგად იცოდე, ისე ცნობისთვის მსოფლიოს სავალიუტო ფონდის რეკომენდაცია იყო რუსეთის ეს მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა. მაშინ ჩვენი ფრაქცია იყო ვინც ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მაგრამ მაშინაც არავინ მოგვისმინა. რაც შემეხება მე ჩვეულებრივი პარლამენტარი ვიყავი და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო კანონმდებლობის შექმნაში, მერწმუნე ყმაწვილო ჩემი განათლება და ინტელექტი ამის საშუალებას მაძლევდა ...    
   - მე აქ პურის საჭმელად მოვედი თუ პოლიტიკური დისკუსიების მოსასმენად - თავი ვეღარ შეიკავა ჩვენი კამათით შეწუხებულმა ლევანიმ - ვისაც რამის გარკვევა გინდათ მოსაცდელში ან კიდევ უკეთესი გარეთ გაბრძანდით. 
    ლევანის მეგობრის ამბიციები კარგად ვიცოდი მაგრამ მეგობარს და ქართული სუფრის წესს და ადათს ვეცი პატივი, ხმა აღარ ამოვიღე.
     მიუხედავად ზოგიერთი სუფრის წევრის ალმაცერი მზერისა გადასარევად მოვილხინე, უკვე კარგა გვიანი ხანი იყო, მეუღლესთან ერთად მყოფმა რამოდენიმე თანამეინახემ სუფრაც დატოვა რომ ოპოზიციონერების მობილურ ტელეფონებზე რეკვები ატყდა, ვიღაცამ სასწრაფოდ ტელევიზორის მოტანა და ჩართვა მოითხოვა რაც რესტორნის ადმინისტრაციამ ოპერატიულად დააკმაყოფილა, ყველა არხზე ერთი და იგივე ინფორმაცია ტრიალებდა, ცხინვალის რაიონში ქართველებსა და რუსებს შორის ფართომაშტაბიანი შეტაკებები დაიწყოო. ჩვენი მძღოლის, ცხინვალთან მიმდებარე სოფელ კეხვის მაცხოვრებლის, თამაზის, წამოსვლის წინ საუბარში ნათქვამი სიტყვები გამახსენდა, რუსები რაღაც მაშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ, ორი კვირაა ჩვენი სოფელი იბომბება, ბევრი ლაპარაკობს ”ქართველების” წამოკიდება უნდათ რომ ქვეყანაში შემოჭრის მიზეზი ქონდეთო.
      ამუშავებული ”გრადების” ფონზე სამშვიდობო ჯარების უფროსი რაღაც განცხადებას აკეთებდა, უსიამოვნო ფიქრები ჭიანჭველივით წამომესია, ლევანს გავხედე, არც ის იყო მე მგონი უკეთეს დღეში, სახეზე მკვდრის ფერი ედო.
    - რას ვშვებით ხვალ უთენია დავიძრათ? - შევეცადე ხმისთვის უდარდელი ტონი მიმეცა, თუმცა ეს არც თუ ისე დამაჯერებლად გამომივიდა.
   - არა - მოკლედ მოჭრა ლევანიმ. გაკვირვებულმა შევხედე თუმცა არაფერი მითქვამ, დუმილი ისევ ლევანიმ დაარღვია:
   - მე რომ ჩავალ სიტუაცია უნდა აუხსნა, დარწმუნებული ვარ უკვე თვითონაც იციან ყველაფერი, გადაწყვიტონ დარჩებიან თუ არა, რომ ჩავალთ უკვე გარკვეულები იქნებიან და დამატებითი ორი დღეც ჩამეთვლება მაგის დედაც....  
    მესამე დღეს ასულებს ჩვეულებრივი ყოველდღიური სიტუაცია დაგვხვდა, თითქოს არც არაფერი მომხდარაო, ორი მინიშნების გარდა, ეს ვლადიმირის შეუნიღბავიი თვითკმაყოფილი გამომეტყველება და ქართველების დაღვრემილი სახე იყო.
     თათბირი რომელიც ჩვენი ბანაკში ასვლის შემდეგ ლევანიმ სასწრაფოდ ჩაატარა ერთ კონკრეტულ მითითებას მოითხოვდა ჩვენგან, გაგვეათკეცებინა ყურადღება სტუმრების მიმართ რომ მათ არანაირი დისკომფორტი არ ეგრძნოთ, თანაც მადლობა გადაუხადა ჩვენი წამოსვლის შემდეგ დარჩენილ ბიჭებს ვალდებულებების მიმართ ერთგულებისათვის.
    - ლევან, ჩავალ რა ჩემებს დავხედავ რა ხდება - შეეხვეწა თამაზი ჩემს ძმაკაცს.
    - რა თქმა უნდა ოღონდ არ გეწყინოს და მანქანით ვერ გაგიშვებ, ექსტრემალური სიტუაცია რომ არ იყოს პრობლემა არ იქნებოდა...
    - არა ლევან, შენ რომც შემოგეთავაზებინა მე თვითონ ვერ გავრისკავდი, ნამეტნავად ძვირიანი მანქანებია...
      ათ დღეზე მეტიც გავიდა მაგრამ ჩვენ სტუმრებს აზრადაც არ მოსვლიათ გამგზავრებაზე სიტყვა დაეძრათ, ფრანგი ცოლ-ქმარი ცხენებზე ჯირითით და სვანეთის ულამაზეს ბუნებასთან ახლოს ყოფნით ირთობდნენ თავს, ბოლო დღეებში განსაკუთრებით შეხმატკბილებული რუსი და გერმანელი სათევზაოდ დადიოდნენ ერთად, იტალიელი გურმანი ქართული კერძებით და ღვინით იყო აღფრთოვანებული, მისი წუწუნი რომ წონაში კატასტროფულად იმატებს გარშემომყოფთა შეფარულ ღიმილს იწვევდა, ჩვენი ბალტიისპირელი სტუმარი რასაც ქვია გავალოთეთ, თითქმის ყოველი დილა მასპინძლების იმაზე ფიქრით იწყებოდა რა კერძი დაემზდებინათ ისეთი რომელიც სტუმარს სვანებთან სმაში გატარებულ წინა დღეს შეუმსუბუქებდა, კიდევ კარგი ქართველებს მაგის ”მდიდარი” გამოცდილება გვაქვს დაგროვილი.
    უკვე საღამო ხანი იყო, რომ მევლუდმა გაქაფული თეთრა ჩვენ ბანაკში მოაგდო, ამ მხარეში დათვი გამოჩნდა, ან კბილი ტკივა ან დაჭრილია, თავის გზაზე რაც შეხვდება ყველაფერს ანადგურებს, ფრთხილად იყავითო.
კოცონის გარშემო ვიჯექით და გაგანია ზაფხულის ღამეს შეცივნებულები ცეცხლს ვეფიცხებოდით როდესაც ფრანგი წყვილის ცხენები ნელი ჩორთით ბანაკის ტერიტორიაზე შემოჯირითნდნენ. თეთრას დანახვაზე, ცხენიდან სასწრაფოდ ჩამოქვეითებულმა ელენმა აღვირი მეუღლეს მიუგდო და თავისი ცხენის თავლაში დაბინავება თხოვა.
- რას შვებით? - დამტვრეული რუსულით შეეკითხა თავის ცხენთან ერთად დინჯად მოსიარულე მევლუდს.
-  ბევრი ვარბენინე, სიარულში უნდა შევაშრო ოფლი - უპასუხა მევლუდიმ ისე რომ ნაბიჯი არ შეუნელებიათ არც მას და არც თეთრას.
- მომეცი მე მივხედავ, დავბან, კარგადაც გავწმინდავ  და ჩვენს თავლაში დავაბინავებ - თხოვა ელენმა მევლუდს. 
სვანმა უსიტყვოდ გადასცა ლაგამი სტუმარ ქალბატონს, თეთრას უნდოდა გაეპროტესტებინა პატრონის გადაწყვეტილება მაგრამ ელენის მტკიცე ხელმა აიძულა ცხენი მის ნებას დაჰყოლოდა. მევლუდიმ, თავლიდან სხვა ცხენი გამოიყვანა და იმით ავიდა საკუთარ ციხე -კოშკში. იმ საღამოს მთელი ბანაკი ველოდებოდით როდის მორჩებოდა ჩვენი ფრანგი გულთმპყრობელი თეთრას დაბავა-დასუფთავებას, ზოგი ნელთბილ წყალს მივარბენინებდით მისთვის, ზოგი ცხენის საწმენდ ჯაგრისს და ზოგიც ცხენის ფაფრის სავარცხელს. გვიანი ღამე იყო როდესაც ელენე საქმეს მორჩა და ჩვენც ნელნელა ყველა ჩვენს კოტეჯებში გავიკრიფეთ.   
მესიზმრა ვითომ დათვს პირისპირ შევეჩეხე, მურდალი პირი დაეღო, ეშვები გადმოეყარა და ორფეხზე ამდგარი ჩემზე მოიწევდა, ცივ ოფლში სველს გამეღვიძა, ეს რა ჯანდაბაა გაღვიძებულს დათვის ბღავილი როგორ მესმის მეთქი მაგრამ როდესაც ამას ცხენების ჭიხვინიც მოყვა მივხვდი რაღაცა სახიფათო რეალობასთან მქონდა საქმე. სასწრაფო შემოვიცვი შარვალი პერანგზე არც მიფიქრია, კედლიდან ჩამოღებული პომპიანი თოფის დატენვა სიარულშივე დავიწყე, ამ დროს  ლევანიმაც გაიღვიზა, შემოიცვა ტანზე და უკან გამომყვა. ჩვენი კოტეჯი ყველაზე ახლოს იყო თავლასთან, სირბილით გავეშურეთ იქითკენ, იმ მხარეს საიდანაც მე მივადექი კარები ანჯამებიდან მოგლეჯილი იყო, დათვის ღრიალიც საიდანღაც ახლოდან მესმოდა, შემდეგ ჭახანის, მძიმე მასიური რკინის ძირს დაგდების ხმა და ქალის კივილი ერთდროულად შემომესმა შევარდი და საშინელი სურათი წარმომიდგა თვალწინ: დათვს თავლის ერთ-ერთი თვალის რკინის კარები გამოეგლიჯა, ზედ შემდგარი ორ ფეხზე ამდგარიყო და თეთრასკენ რომელსაც კისერზე ელენი ჩამოკიდებოდა იწევდა. თეთრა ყალყზე დადგა და ელენე გვერდზე მოისროლა, დათვს არჩევანი უკვე გაეკეთებინა, გეზი ელენესკენ ქონდა აღებული როდესაც ჩემმა ნასროლმა ჟაკანმა ხერხემალი გადაუმტვრია. დათვის ბრჭყალები თითქმის წვდებოდა ქალს მაგრამ მხეცს განძრევა არ შეეძლო, აღარ გავაწვალე ნადირი და შემდეგი ტყვიით ბოლო მოუღე. როგორც მერე ელენე მოგვიყვა ცხენების ჭიხვინს დაუფრთხია მისთვის ძილი, მეუღლე არ გაუღვიძებია ისე გამოსულა გარეთ. ერთი მხრიდან დათვი რომ მიდგომია თავლის დაკეტილ კარებს მეორე მხრიდან ეს უშიშარი ქალი შესულა კარები გაუღია და ცხენების ნაწილი გარეთ გამოუყრია, დათვი ყნოსვით მიმხვდარა რაღაცას და სასწრაფოდ მეორე მხრიდან მოუვლია, ქალს ეხლა მეორე მხარეს ჩაუკეტია კარები და კიდევ რამოდენიმე ცხენი გადაურჩენია დაგლეჯას, თეთრას გამოყვანას ვეღარ ვასწრებდი, ერთი რაც მოვახერხე თეთრასთან შევედი და დათვმა ჩემი დაკეტილი თავლის დიდი კარებიც შემოანგრია, დანარჩენი თქვენც დაინახეთ დაამთავრა ქალმა მოყოლა და თავისი დიდი, მწვანე თვალები ისეთი შემომანათა მადლობის ნიშნად რომ ათასჯერ სიტყვით ნათქვამს ჯობდა.
მევლუდი ჯერ გათენებული არ იყო ისე მოსულიყო ბანაკში, დათვის ნაკვალევს გამოყოლოდა, ჩვენ რომ ავდექით ის უკვე დათვს ატყავებდა, სახლში ასვლა, ახალი ანჯამების  წამოღება და დაყენებაც კი მოესწრო, ჩვენ გაღვიძებას ელოდებოდა რომ ეს მასიური კარებები ერთად ჩამოგვეკიდა.
ლევანს იმედი გადაწურული ქონდა, დარწმუნებული იყო რომ ამ ინციდენტის მერე აღარავინ დარჩებოდა მაგრამ ამჯერადაც  არ გამართლდა მისი პროგნოზი. ტურისტული ექსპედიციის მონაწილეებმა ეს შემთხვევა პიკანტურ მოულოდნელობად შეაფასეს თუმცა დამატებით უსაფრთხოების ზომების მიღება მოითხოვეს, ჩვენს ბიჭებს მანქანის ტარების და მზარეულობის გარდა ბანაკის პერიმეტრის დაცვაც დაევალათ მომხვდურისაგან.      
 ორასორმოცდაათ კილოიანმა ნადირმა ორასი კილო სუფთა ხორცი დაყარა, მთელი დღის განმავლობაში იწვებოდა ცეცხლზე მწვადები, მევლუდიმ ნათესავი გოგოც ჩამოიყვანა დასახმარებლად, უკან სოფელში ასვლისას ხორციც გაატანა ტყვილად რომ არ გაფუჭებულიყო. ერთ დღეში დასალევის თითქმის მთელი მარაგი დაილია.           
      ლევანი უკვე ფიქრობდა თვითონ ჩასულიყო ბარში თუ მე გავეგზავნე როდესაც თამაზიმ ზუგდიდიდან თხოვნით მოგვმართა ვინმე ხომ არ ჩამოვიდოდა ჩემს ამოსაყვანადო. საბოლოოდ გადავწყვიტეთ მე ჩავსულიყავი ზუგდიდში, ლევანიმ რამოდენიმე ადამიანის მობილური ტელეფონის ნომერი მომცა: ამათ მე ”წრიალა” მეგრელებს ვეძახი, ფული აჩვენე და გაუჩენელს გაგიჩენენ, შენ მხოლოდ დაურეკე და უთხარი რომ მე გამოგიშვი, რა, როგორ და რამდენი თვითონ იციან, თვითოვე ჩაგიწყობენ მანქანაში შენ არც შეგაწუხებენ, ერთი სათხოვარი რაც მექნება ფრთხილად ჩადი მანქანა არ დამიმტვრიო, ამოსვლისას აუცილებლად თამაზი დასვიო საჭესთან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი გავხდით, იმ დღეს, თეთრამ მასზე ამხედრების უფლება მისცა ელენს, თუმცა ქალს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის რომ ცხენი მის ნებას დამორჩილებოდა. ელენის ეს გამარჯვება ჩვენი ღრეობიდ კიდევ ერთი დამატებით მიზეზი გახდა. მშვენიერ ხასიათზე ვიყავით ყველა, მის შემდეგ რაც ლევანიმ მანქანაზე დაჯდომა მთხოვა წვეთი აღარ დამილევია თუმცა სხვებთან შედარებით ფხიზელი ნამდვილად ვიყავი. ბარში ჩამოსულმა თამაზის რომ დავურეკე ბიჭმა დიდი ბოდიშებით ორი საათის შემდეგ  ზუგდიდის გასასვლელთან მთხოვა შეხვედრა, ეხლა ნათესავთან ვარ და არაფრით უპატივცემულოდ არ მიშვებსო.  ლევანის ყველა დავალება უპრობლემოდ შევასრულე, და დროშიც ზუსტად ჩავჯექი, ხუთი წუთი არ დამჭირვებია თამაზის ლოდინი. ჩემთვის მუსიკებს უსმენდი მსუბუქი მანქანა რომ მომადგა გვერდით, იქიდან თამაზი გადმოვიდა საჭესთან მჯდომს დაემშვიდობა და ჩემს გვერდით დაჯდა. შავმა პერანგმა და გაუპარსავმა სახემ მიმახვედრა რომ რაღაცა ცუდი ხდებოდა ჩვენი მეგობრის თავს, თუმცა უკვე ვიცოდით რომ კეხვი, თამაზის მშობლიური სოფელი ოსების და რუსების ხელში გადასულიყო, აქედან გამომდინარე რამე კარგის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, უსიტყვოდ გამოვრთე მაგნიტაფონი, მისი დაღვრემილი სახის შემხედვარე მომერიდა კიდეც მეთქვა საჭესთან დაჯექიო.
ორი საათი ისე ვიარეთ, მანქანაში მხოლოდ ძრავის ხმა არღვევდა გამეფებულ სიჩუმეს, მაგრამ მეტი თავი ვეღარ შევიკავე რომ არ მეკითხა შავი რატომ გაცვია მეთქი:
- ჩემი თანატოლი, მამაჩემის ძმის შვილი და ბიცოლა, სახლის კარებთან დამიხვრიტეს ოსებმა, ბიცოლაჩემი თვითონ ოსი იყო, ჩემს ბიძაშვილს ბევრი ნათესავი და კარგი მეგობარო ყავდა ცხინვალის რაიონში, ეგონა მათი ხათრით ხელს არ მოკიდებდნენ - მოყოლა დაიწყო, მივხვდი რომ დროული და გამართლებული იყო ჩემი შეკითხვა, იგივე უბედურება თავს რომ დამტყდომოდა და არავისთვის ჭირ-ვარამი არ გამეზიარებინა ალბათ გული გამისკდებოდა ...
 თამაზის და ბიძამისის სახლს  ერთი ქუჩა ყოფდა სოფელში, ჩემს სახლსაც ვუპატრონებ და თქვენსასაცო ბიძამისისთვის უთქვამს ძმიშვილს, მამამისს თამაზის მშობლები და უნცროსი ქალიშვილი გამოუყვანია თავისი მანქანით საომარი მოქმედებიდან თორემ არც ის აპირებდა სახლის დატოვებას. თამაზის უკვე თბილისში უპოვია თავისიანები, სულ მალე მისი და ბიძამისის სახლის გადაწვის და ნათესავების სიკვდილის ამბავიც შეუტყობინებიათ მისთვის, ბიძამისი თავს იკლავდა თურმე, ძლივს გადაურჩენიათ.
- საშინელებები ხდებაო ქართველების დაკარგულ ტერიტორიებზე, ყველაფერს რასაც კი ქართულის კვალი ატყვია მიწასთან ასწორებენ და სპობენ რუსები და მათი მარიონეტები - დაამთავრა მოყოლა თამაზიმ და დადუმდა ბანაკში ისევ შევედით მთელი გზა ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია.   
უკვე ღამდებოდა, ბანაკის თავის ცხოვრების წესს ნელ-ნელა ისევ უბრუნდებოდა, სტუმართა უმეტესობა თავის კოტეჯებში ისვენებდა, კარგად შემთვრალმა რუსმა მდინარის პირას მოისურვა მწვადების მირთმევა, რაც შეუსრულდა კიდეც, ბოლო ორი ბოთლი არაყი და გერმანელი ძმაკაციც თან გაიყოლა. ცეცხლის გარშემო ვიჯექით ბიჭები, თამაზი იძულებილი გახდა კიდევ ერთხელ გაეხსენებინა და მოეყოლა თავს დამტყდარი უბედურება, ის იყო მოყოლას მორჩა და ცხენოსანთა ჯგუფი მოგვიახლოვება შევნიშნეთ, ერთი მხედარი პირდაპირ ცხენზე იყო გადაკიდებული, ამ სამკაციან ჯგუფს წინ მევლუდი მოუძღვებოდა, უკან ფრანგების წყვილი აბოლოებდა ჯგუფს.
ცხენზე უძრავად გადაკიდებული კაცის დანახვაზე ლევანს ფერფური წაუვიდა თუმცა უკვე ბანაკში შემოსულმა მევლუდიმ მისკენ სირბილით მიმავალი ჩემი ძმაკაცი შორიდანვე დაამშვიდა, უბრალოდ ზომაზე მეტად ნასვამია, სხვა არაფერი ჭირსო როგორც მერე გაირკვა, მევლუდს სტუმრები არ მიუტოვებია, ის ორი ბოთლი რომ დაულევიათ კიდევ მოუთხოვიათ სასმელი, მევლუდი იძულებული გამხდარა სახლიდან ჩამოეტანა ჭაჭა, მაშინ ვიფიქრე ამათ უკან წამოსასვლელად ცხენები დაჭირდებათ მეთქი და არც შევმცდარვარ, დააწყნარა შეშინებული ლევანი სვანმა მასპინძელმა.
- არა, ევროპელებმა დალევა არ იციან, ისევ თქვენთან თუ დალევს კაცი - შემოგვჩივლა ცხენიდან საკმაოდ მხნედ ჩამოსულმა რუსმა სტუმარმა - ეი, შენ - თითით მიანიშნა თამაზიზე - ორი ბოთლი არაყი მომიტანე, კიდევ მინდა დალევა...
დავინახე როგორ აიჭრა თამაზი, მივხვდი რომ სანამ რეაგირებას მოვასწრებდი ინციდენტი კიდევ უფრო გართულდებოდა, სამწუხაროდ არ შევმცდარვარ..
- შენ რა ყრუ ხარ? არ გესმის რას გეუბნებიან? აწიე ეგ გასიებული ტ.. და არაყი მომიტანე, ამ არარუსებს ხომ ვერაფერს გააგებინებ...
- წადი შენი დედაც მ...ნ - ”შეუკურთხა” ქაღალდივით გათეთრებულმა თამაზიმ.
დავინახე როგორ თვალსა და ხელს შუა გამოფხიზლდა რუსი ბიზნესმენი, მის გვერდით მდგარ ლევანს თვალი თვალში გაუყარა:
- შენ ფიქრობ რომ ვერ მივხვდი ამ კაცმა რა თქვა - მზერით მიანიშნა თამაზიზე - და ჩემს გინებაში მე იმ დიდძალ ფულს გადავიხდი რომელზეც შეთანხმებული ვართ? ჩემი ყველა მოთხოვნა რომლის შესრულებაც შესაძლებელი იქნება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, ჩვენ ასე ვართ შეთანხმებულები..
- ეხლავე მოგართმევთ არაყს - სასწრაფოდ ვცადე ინციდენტის ჩაფარცხვა, თუმცა ჩვენი სტუმრის დამცინავმა ღიმილმა მიმახვედრა რომ ის არ აპირებდა ამ ამბის ასე უბრალოდ დასრულებას.
- ამ კაცმა ან დღესვე უნდა დატოვოს ბანაკი ან .. რომ არ იფიქროთ რომ მე ბოროტი კაცი ვარ... ყოველ დღე, სანამ მე აქ ვარ, მისი სამუშაო დღე უნდა დაიწყოს ჩემთან გამოცხადებით და ბოდიშის მოხდით, მერე შევხედავ როგორ მოიქცევა, იქნება დამავიწყდეს კიდეც, ვნახოთ ... ესაა ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ ...
გოჩას, ჩვენი მეორე მძღოლის მოტანილ ორ ბოთლ არაყს ხელი დაავლო და მადლობაზეც არ შეუწუხებია თავი ისე გასწია თავისი კოტეჯისაკენ.
დილაუთენია სანადიროდ წასულმა მევლუდმა და ჩვენმა ესტონელმა სტუმარმა ჯიხვი მოინადრეს, ისევ აწრიალდა ბანაკი, ესტონელმა სტუმარმა ყველა დაპატიჟა თავის სტუმარ-მასპინძლიანად. თამაზი სუფრასთან ახლოს არ მოსულა, მწვადებს წვავდა თუმცა რუსი ბიზნესმენის მზერას მაინც ვერ დაემალა:
-            ეს კიდევ აქ არის? - გაღიზიანებას არ მალავს ვლადიმერი და ჩვენგან პასუხს თხოულობს. მე და ლევანი ვცდილობთ გავექცეთ უსიამოვნო საუბარს, თუმცა ვგრძნობ რომ ჩემი მოთმინების ფიალა ივსება, ამ კაცის თავხედობა ყველანაირ, დასაშვებ  ზღვარს ცდება.                 
-            ვისზე მეკითხებით? - იმ იმედით რომ ამით თამაზის გადაარჩენ თავს „ისულელებს“ ჩემი მეგობარი.
-            შენ კარგად იცი ვისზეც გეკითხები - კატეგორიული ტონით თხოულობს პასუხს რუსი ბიზნესმენი - იმაზე ვინც გუშინ შეურაცყოფა მომაყენა ....
-            თქვენ გუშინ პირველმა მიაყენეთ შეურაცყოფა და სხვათა შორის არა მარტო მას - სისხლმა უკვე ტვინში ამასხა და პასუხისაგან თავს ვეღარ ვიკავებ. ჩემი ხმამაღალი ლაპარაკი იმპროვიზირებული „სუფრის“ სხვა წევრების ყურადღებას იპყრობს - თქვენი თანამემამულეების „წყალობით“ თაობების ნაშოვნი და დაგროვილი ქონება, ყველაფერი რაც კი ებადა ერთ დღეში დაუწვეს და გაუნადგურეს, უახლოვესი ნათესავები დაუხოცეს, თქვენ ეხლა გინდათ ბოლო იმედიც წაართვათ, თანაც ხელგაშლილი და კეთილი ბიძიას როლიც გინდათ შეითავსოთ ...
-            კეთილი ბიძიას როლს რაც შეეხება ეს იქით - ხელით ამერიკელი ბიზნესმენისკენ მიმითითა -  ჩვენ ყოველთვის გასაგებად ვამბობდით რა გვინდოდა თქვენგან მაგრამ თქვენ არ გინდათ ჩვენ რჩევებს ყური უგდოთ, ასე რომ ყველაფერი თქვენს თავს დააბრალეთ. ეს ინციდენტიც კი კლასიკური მაგალითია იმის თუ როგორ ცდილობთ საკუთარი შეცდომა სხვას გადააბრალოთ. თითოეული ჩვენთაგანი ვინც აქ ვართ, იმდენს ვიხდით რომ ყველას დედა რომ გაგინოთ ხმა არ უნდა ამოიღოთ, კლიენტი ყოველთვის მართალია, ეს ბიზნესის „ოქროს“ წესია, განსაკუთრებით ჩვენს შემთვევაში. ასე არ არის განს?
ვლადიმერის გვერდით მჯდარი გერმანელი ბიზნესმენი კვერს უკრავს კოლეგას - ჩვენ გასაკუთრებით „ძვირფასი“ სტუმრები ვართ და არაა გასაკვირი შესაბამისი მომსახურება მოვითხოვოთ თქვენგან.  
საუბარში საკმაოდ უდიერად მოხსენიებული, ამერიკელი „კეთილი ბიძია ერთვება - ჩვენ თუ კარგი გადამხდელები ვართ, ეს ჯერ არ ნიშავს რომ უდანაშაულო ადამიანის შეურაცყოფის „ექსკლუზიური“ უფლება გვაქვს, ეს ბატონმა განსმაც გადასარევად იცის რამდენადაც მე ვიცი ის კარგად ერკვევა  საერთაშორისო იურისპოდენციაში. ეჭვი მაქვს რომ მას, ისევე როგორც მის წინაპრებს, უხსოვარი დროიდან რუსეთის რეფორმატორ მეფესთან - პეტრე პირველთან - დაახლოვეულ გერმანელ საქმიან წრეებს, იმედი აქვს რუსული სახელწიფოს უმდიდრეს რესურსებს თავის შეხედულებისამებრ გამოიყენებს. სამწუაროდ იმედი უნდა გავუცრუვო, ისინი ამას თვითონაც გადასარევად ახერხებენ და ხშირად ევროპის დაშანტაჟებაც ბრწყინვალედ გამოსდით. მეორეს მხრივ ჩვენს მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერების მოთხოვნა სავსებით ლოგიკურია და გასაგები ...
-            მე სხვა არაფერი მითქვია, ოღონდ ჩემი სიტყვებით. თქვენგან განსხვავებით ჩვენს  პრიორიტეტებს ღიად, ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებთ და ზოგ-ზოგიერთებივით ორ ცხენზე ერთდროულად ჯდომას არ ვაპირებთ.
   ამერიკელის გაღიმებული სახე აშკარად მიანიშნებდა რომ ის მშვენივრად მიხვდა ვინ იგულისხმა ზოგ-ზოგიერთებში გერმანელმა და რა ცხენებზე იყო საუბარი -  გააჩნია მხედარსო - ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
   ჩვენი სვანი მასპინძელი, ბატონი მევლუდი, არსოდეს არ მინახავს ჩვენთან ან სტუმრებთან საუბარში ჩარეულიყოს, ბუნებით სიტყვაძუნწი კაცი, რამოდენიმე სიტყვით ან წინადადებით თუ შემოიფარგლებოდა ხოლმე და ისიც კონკრეტული საქმისთვის საჭირო მოთხოვნების სახით, ჩვენი და რუსი ბიზნესმენის კამათის დაწყების წუთიდან ეს მოუსვენარი კაცი ადგილიდან არ განძრეულა, ყურადღებით უსმენდა ჩვენს შორის გამართულ დისკუსიას, თვითონაც ჩაერთო საუბარში რატომღაც ქართულ ენაზე ისურვა საუბარი:
-            ჩვენთვის ქართველებისთვის ცხენს, გასაკუთრებით თეთრ ცხენს უფრო საკრალური დათვირთვა აქვს, ამბობენ საქართველოშო 365 წმინდა გიორგის ეკლსიააო, შეიძლება მე ყველა ეკლესია არ მინახავს, მაგრამ სადაც მინახავს ყველა ხატზე თუ ფრესკაზე თეთრ ცხენზე ზის წმინდა გიორგი, საქართველოს მფარველი ზეციური რაინდი.  ჩემზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, იმის მაგივრად რომ შვილიშვილებს ვეფერო და იმათ ვასწავლო რაც ვიცი, კვიცებს დავსდევ და მაგათ ვუფრთხილდები - ცუდად დაფარულმა სევდამ გაიჟღერა ჩვენი მასპინძლის სიტყვებში - ჩემს თეთრას ვადარებ ხოლმე საქართველოს. მე ვეტერინარი ვარ, ციმბირში მაქვს უმაღლესი დამთავრებული. მამაჩემის მკვლელი, ნაქეიფარი, კლდიდან გადავარდა. სოფელში ხმა დააგდეს ვიღაცამ ცხენი დაუფრთხოო და დედაჩემმა სასწრაფოდ სვანეთს მომაშორა, ჩემი ძმა შურსძიებისთვის პატარა იყო, ციმბირში ჩვენი ნათესავი ასწავლიდა სამედიცინოში და იქ ჩამაბარებინეს სავეტერინაროზე. თეთრას დედას მე გავუკეთე საკეისრო კვეთა. ზამთარი იყო და ჩემს კოშკში მყავდა თბილად, საბნებში გახვეული კვიცი, თხის რძით გამოვზარდე, ალბათ მაგიტომაცაა თეთრამ დაღლა რა არი, არ იცის. როდესაც შენი სამშობლო პატარაა და უსუსური მაშინ უნდა მოუარო, გაუფრთხილდე. ყველაფერი გააკეთო რომ მომაგრდეს, ფეხზე მყარად დადგეს, მერე როდესაც  გაიზრდება, ძალი და ღონით აივსება მერე თვითონ გიპატრონებს და მოგხედავს.
     სანადიროდ ვიყავი წასული. ის ზამთარი საშინლად ცუდი ზამთარი იყო. მშიერი მგლების ხროვა ჩამიდგა კვალში. ესეც თეთრამ მანიშნა, აწრიალდა ვერაფრით დავამშვიდე. მერე კლდის პირას მივედი და იქიდან გადავიხედე, ჩემი მდევრები ჩემს ქვემოთ იქყვნენ. თოფით ერთი მგელი დავჭერი, როდესაც ძალიან მშივრები არიან თავის თანამოძმის დაგლეჯასაც არ ერიდებიან მაგრამ ისე იყვნენ ჩემზე დაგეშილები არ შეჩერებულან. ხროვაში თავიდან, სულ, შვიდი ზრდასრული ნადირი იყო. მგლები საუკეთესო მონადირეები არიან მაგრამ ის დღე მათი დღე არ იყო, შეუცდომელმა მონადირეებმა საბედისწერო შეცომა დაუშვეს და გაიყვნენ, ორი მათგანი ჩემგან 20-30 ნაბიჯში მორბენალ თეთრას გაეკიდა დანარჩენები ჩემსკენ გამოემართნენ.
     ცხენი ფრთხილი ცხოველია და თავს გაქცევიი შველის მაგრამ თეთრას ჩემდამი ერთგულებამ ინსტიქტსაც კი აჯობა, ჩემგან  მოშორებით ხვიხვინებდა, ყალყზე დგებოდა. გიჟდებოდა მაგრამ არ გარბოდა. ერთი მგელი სანამ მომიახლოვდებოდნენ იქამდე მოვკალი თოფით, დანარჩენები დავხანჯლე. როდესაც თეთრასთვის მოვიცალე ერთი ნადირი რომელიც გავაზე აპირებდა შეხტომას ტყუპი წიხლის ზუსტი და დროული დარტყმით ხევში გაეგდო მაგრამ მეორე მგელს მოესწრო სანამ ცხენს თავი დახრილი ქონდა კისერზე შეხტომოდა და თავისი ეშვები ხორცში ჩაერჭო.
     დაკვირვებული ვარ, ძლიერი შიშის დროს ადამიანები საერთოდ კარგავენ მოძრაობის და ფიქრის უნარს ან პირიქით შეუძლებელს ახერხებენ. შორიდან ნასროლმა ხანჯალმა ერთი ფერდიდან მეორეში გაატანა და წამებში მოკლა მგელი. ამ შემთხვევის შემდეგ ბევრჯერ მიცდია იგივე მანძილიდან მიზანში მესროლა ხაჯალი მაგრამ ისეთივე სიზუსტის და სიძლიერის არასოდეს გამომსვლია. თეთრას კი სამუდამოდ დარჩა კისერზე კბილების კვალი. ადრე თუ მთის წვერზე უშიშრად შევაგდებდი ხოლმე ეხლა, იმ შემთხვევის შემდეგ სიმაღლის შიში აქვს, რაც უფრო მაღალ  მთაში ვართ, მით მიჭირს მისი მართვა.

     მინდოდა სვანი მასპინძლის განსაკუთრებული პატივისცემით ხათრით ჩუმად მჯდარი სტუმრებისთვის მეთარგმნა მისი სიტყვები მაგრამ ვლადიმირმა არ მაცალა ...
       -  რა მინდაო? რას ტლიკინებდა ეს მოხუცი? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს... ლევან! მოდი მომყიდე შენი ბიზნესი შენ იცი მე როგორი კლიენტი ვარ, მე რომ შემიძლია ისეთ პირობებს ცოტა ვინმე თუ შემოგთავაზებს ....
-            თუ მაგდენს ხვდები რომ შენზე ბევრად უფროსი ვარ, მაშინ იმასაც მიხვდი რომ სათანადო პატივისცემაც უნდა გამოხატო ჩემს მიმართ, მე რას ვლაპარაკობდი სხვასაც არ ესმოდა მაგრამ შენს გარდა არავის უკადრებია ჩემთვის ის რაც შენ მაკადრე, ამიტომაც  არ გყავთ თქვენ მეგობრები. აქ სულ სხვადასვა ტრადიციების და წეს-ჩვეულებების ადამიანები ზიან მაგრამ ხვდებიან რომ უცხო ქვეყანაში არიან და თავის ერის ღირსებას უფრთხილდებიან ... თუმცა ამას რომ მიხვდე ჯერ ღირსება რა არის ის უნდა იცოდე ... რაც შეეხება ამ ბაზის ყიდვას - მევლუდი ლევანისკენ პირით შემოტრიალდა და ვლადიმერთან რუსულ ენაზე საუბრიდან ქართულზე გადავიდა  - ყმაწვილო არ დაგავიწყდეს, აქ შენზე მეტი ოფლი მაქვს დაღვრილი და ფულიც შენზე მეტი მაქვს ჩადებული. სანამ პირში სული მიდგას ამ ტერიტორიას ვერავინ მიისაკუთრებს მითუმეტეს რუსი....
       უხერხული სიტუაციის ნაწილობრივ მაინც განსამუხტავად გადავწყვიტე, ჩემთვის თავიდადანვე ოპიციალურად დაკისრებული მოვლეობა შემესრულებინა და დამსწრე საზოგადოებისთვის მათთვის გაუგებარ ენაზე ნათქვამის მოკლე შინაარსი გამეცნო.
-            ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი თანხა დაჯდებოდა - გაოცებას ვერ მალავს გერმანელი სტუმარი
-            დღეისთვის მე ერთადერთი თუ არა ერთერთი უიშვიათესი წარმომადგენელი ვარ ჩემი კუთხის რომელიც ფულს ხახვივით და ნიორივით კედელზე კიდებს რომ თაგვმა არ შეჭამოს  - ისევ რუსულზე გადადის მევლუდ ბატონი - ყოველ თვე ჩემი უმცროსი 5000 დოლარს მიგზავნის ციმბირიდან, უფროსი ბიჭი 4000 ევროს ესპნეთიდან, დამატებით ყოველ 5-6 წელიწადში დაბადების დღისთვის ცხენებს რომლის ღირებულება როგორც წესი მილიონს აჭარბებს, ამას უკვე ჩემი ბიჭები და ჩემი ძმა ეჭვი მაქვს ერთად უკეთებენ ორგანიზებას....
-            აბა თქვენ უნდა თქვათ ოჯახის წევრები მყავსო - ქათინაურს არ უგვიანებს ჩემი ძმაკაცი ამბის მომყოლს თუმცა საპასუხოდ მოულოდნელ რექციას აწყდება .... სვანი კაცის თვალებს სუსხიანი მზერა წყდება და სახეს ირონიული ღიმილი უსერავს ...
-            მართალი ხარ, შენი არ იყოს ფულის კეთება ნამდვილად იციან, სკოლა არ ქონდა ჯერ დამთავრებული ჩემს ძმას, ჩემთან როცა ჩამოდიოდა საერთო საცხოვრებელში, პლასმასის ბოცებით არაყი ჩამოქონდა ხოლმე გასაყიდად, თავიდან ვჩხუბობდი, მერიდებოდა ნაცნობ- მეგობრების, გადავწყვიტე საერთო საცხოვრებლის კომენდანტი ჩამერთო საქმეში და პირდაპირ მასთან მიქონდა მერე უკვე ჩემ ძმას ჩამოტანილი დასლევი, ბოლოს რიგდებოდნენ და თანხას ერთმანეთში იყოფდნენ. 
პირელ კურსს ვამთავრებდი ჩემს გოგოს ბიჭი რომ გაუჩნდა, ცოლად მოვიყვანე და ერთ წელიწადში მეორე ბიჭიც მაჩუქა. მეხუთე კურსზე ვიყავი, დღე-დღეზე დიპლომი უნდა ამეღო, იმ წელს ჩემმა ძმამ ყველაფერი გაყიდა რაც კი ებადა, იმ დროისთვის დედაჩემიც აღარ იყო ცოცხალი, ჩვენი საგვარეულო კოშკიც კი დახურდავდა იმისთვის რომ ჩემს ძმას ერთი ცისტერნა სპირტი ჩამოეტანა. ჩეთვის არაფერი უთქვამს პირდაპირ მიაკითხა თავის ძველ პარტნიორ. გავიდა ერთი დღე.. მეორე..მესამე....ჩემი ძმა აღარც ჭამდა აღარც სვავდა, ნერვიულობისგან აღარ იცოდა რა ექნა, ბოლოს კატეგორიულდ მოვთხოვე აეხსნა რა ხდებოდა, როცა ყველაფერი მამბო, პირველ რიგში სადგურზე წავედით რომ ცისტერნა გვენახა მაგრამ როდესაც მოვიკითხეთ გვითხრე სპირტი უკვე გაიტანეს სარეალიზაციოდო. იმის მიხვედრა ვის უნდა გაეტანა სპირტი ძნელი არ იყო, ჯერ საერთო საცხოვრებელში შევეცადე ჩემი ძმის კომპანიონის მოძებნას, მერე ვცდილობდი ტელეფონით დავკავშირებოდი, კაცი აშკარად გვემალებოდა. ბოლოს მისამართი გავიგე და მე და ჩემი ძმა სახლში ავადექით.  ერთი ძველი დაჟანგული დანა მქონდა ხელს გავაყოლე, შევაშინებ მეთქი ამით. ჩემი ძმის „ძვირფასმა“ კომპანიონმა რომ დაგვინახა არ ესიამოვნა მაგრამ იხტიბარი არ გაუტეხავს, ისე თავხედურად გველაპარაკებოდა რომ ვეღარ მოვითმინე და ხელში დანით წამოუხტი ღორივით გამოგჭრი ყელს მეთქი. ეტყობა კარგად შევაშინე, გაფითრდა სახეზე, ხვალვე ჩაგაბარებთ ფულსო. მეოე დღეს დამიჭირეს და ყაჩაღობის მუხლით გამასამართლეს. სასამართლოზე ყველაფერი მე დავიბრალე ძმა რომ გადამერჩინა. თავიდან კი გამიკვირდა როდესაც მომჩივამა ხმა არ ამოიღო ჩემი ძმის ამ საქმეში მონაწილეობაზე, მერე ყველაფერს მივხვდი: კომენდანტი გაურიგდა ჩემს ძმას და დიდი ფულის შოვნის ფასად, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ჩემი ციხეში გამოკეტვა მოითხოვა რაზეც თანხმობა მიიღო.  ათი წელი მოვათავე, რომ უნდა გამოვსულიყავი დაცვის ოფიცერთან ჩხუბი მომივიდა, როგორც შემდეგ გაირკვა ესეც ჩემი „ძველი მეგობრის“ ჩაწყობილი აღმოჩნდა, ამჯერდ ჩემმა ძმამ აღარ აპატია და ძალიან დიდი თანხა კრიმინალურ ენაზე რომ თქვათ „აახია“ უკვე ყოფილ პარტნიორს, თუმცა ჩემს დამატებით კიდევ სამი წლით პატიმრობას ამან ვერაფერი უშველა.
მოკლედ ციხიდან რომ გამოვედი ცოლი დაბერებული და შვილები დაზრდილი დამხვდა, თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა დავამატო, სანამ მე ციხეში ვიჯექი ჩემს ოჯახს რომ იტყვიან ჩიტის რძე არ მოკლებია, ჩემს ბიჭებს ყველაფერი საუკეთესო ქონდათ სასმელ-საჭმელით დაწყებული და ჩასაცმელით დამთავრებული ერთი რაც დააკლდათ მამა იყო რომ   ვაჟკაცობასა და კრიმინალს შორის ხანდახან ძნელად გასარჩევი ზღვარი დაენახვებინა მათთვის.
მე რუსეთში დარჩენა არ ვისურვე, მათ საქართველოში დაბრუნება, ჯერ  კიდევ რუსეთში ყოფნისას, ციხიდან უკვე გამოსული ვიყავი, ძმასთან კამათი მომიხდა, მისი წყალობით უაზროდ გაკარგულ წლებს ვედავებოდი, ჩემმა ბიჭებმა ეს უკანასკნელი გაამართლეს და საინტერესო სიტყვაც კი მოძებნეს ბიძამისის საქციელის შესაფასებლად, მისი ქმედება „რაციონალურ“ გადაწყვეტილებად „მონათლეს“. უფროსს ესპანეთში აქვს სერიოზული ბიზნესი, ეჭვი მაქვს კრიმინალურ საწყისებზე აგებული, პატარა „კანონიერი“ ქურდია და მთელ ციმბირს აზანზარებს.
სხვას რა უნდა მოვთხოვო როდესაც საკუთარი ოჯახის წევრებმა მანაცვალეს ფინანსურ კეთილდღეობას და კომფორტულად ცხოვრებას მაგრამ მე ძველ იდეალებზე გაზრდილი კაცი ვარ,  თუ მიყვარს ესეიგი ის შეუფასებელია და არ იყიდება, არ ხურდავდება შაურიანებად, მითუმეტეს როდესაც ეს გრძნობა ჩემს მშობლიურ კუთხეს ეხება, თქვენ რაც მიტაცებული გაქვთ ჯერ ის დააბრუნეთ.
მე გულჩათხრობილი კაცი ვარ და უცხო ადამიანებზე გულის გადაშლა არ მჩვევია მაგრამ გუმანით ვხვდები ეხლაც ფული იზეიმებს გამარჯვებას და არა სიმართლე - ამ სიტყვების შემდეგ მევლუდი მოტრიალდა და მძიმე ნაბიჯებით ერთ-ერთი კოტეჯის კიბის მოაჯირზე მიბმული ცხენისკენ გასწია.
სტუმრები  უკვე თავის კოტეჯებში ისვენებდნენ, ცეცხლთან მხოლოდ ქართველები ვიჯექით და ჯიხვის ხორცის ბოლო ნაჭრებს ვაცმევდით შამფურებზე, ცივი არყის ბოთლებიც იქვე, ცეცხლისგან მოსორებით ეწყო  თუმცა ლხინის არაფერი ეტყობოდა ამ პურისჭამას. თამაზი უხალისოდ იკირკნებოდა რაღაცას, გულისყური ლევანისკენ ქონდა .....
-            არ გეწყინოს თამაზ მაგრამ ბანაკის დატოვება მოგიწევს, შენ ხელფასს რაც გეკუთვნის ბოლო  თეთრამდე მიიღებ დამატებით პრემიის სახით კიდევ 200 დოლარს - ლევანის ამ სიტყვებზე ბიჭი უსიტყვოდ წამოდგა, უსიტყვოდ, ფეხათრეული გაემართა თავისი ბარგი-ბარხანის შესაგროვებლად, მისი შემხედვარა გულ-მუცელი ჩამეთუთქა ....
-            მისი ბრალია, ენა უნდა დაეყენებინა და რაც უბრძანეს ის შეესრულებინა - ამბობს ჩვენი კიდევ ერთი მძღოლი, ეს სიტყვები ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა რამაც ჩემი მოთმინების ფიალა აავსო ...
-            ერთი ბიძაშენი მოეკლათ და შენი სახლ-კარი გადაეწვათ ვნახავდი როგორ „იჭიკჭიკებდი“...
   ბიჭმა რაღაცნაირად დაკვირვებით შემომხედა, თითქოს ჩაიღიმა კიდეც:
-            მე გაგრელი ვარ, დედ-მამაც ლამის თვალწინ დამიხოცეს და სახლ-კარიც გადამიწვეს. მე შემთხვევით გადავრჩი, კარგი მოცურავე ვარ, ზღვაში შევცურე და ღვთის ნებით გამოჩენილმა გემმა ბორტზე ამიყვანა. მერე როგორც გავიგე გაგრაში არა თუ ახალგაზრდა, შუა ხნის მამაკაცი არ დატოვეს ცოცხალი. დაბეჩავებული მოხუცები, ბავშვები და ქალები შეაგროვეს კაზაკებმა  და იმათ დაამარხინეს თავიანთი მკვდრები. სულ მალე მეოცე წელი დადგება ჩვენი ლტოლვილობისა... სად არის თქენი ნაქები გაერო, ევროკავშირი, იუნესკო, წითელი ჯვარი და რა ვიცი კიდევ რამდენი საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც სახელმწიფოთა შორის არსებულ ურთიერთობას არეგულირებს? .... რუსს ვერავინ ვერაფერს უშვება, ისევ მის ხელში ვართ, ჩვენში ამბობენ: დათვი რომ მოგერევა ბაბაია დაუძახეო ....   
-            შენ მამა გიყვარდა? .....
       ჩემმა შეკითხვამ ცოტა არ იყოს დააბნია ჩემი ოპონენტი - რა თქმა, უნდა როგორც ყველას - გაკვირვებულმა მიპასუხა.
-            მერე იმას ვინც ნამდვილი მშობლები დაგიხოცა, თაობების ნაშრომ-ნაოფლარი, შენთვის თითო თითოდ შეგროვილ-შემონახული გაგინადგურა, მამა როგორ უნდა დაუძახო, თუ მორწმუნე ხარ და იმ ქვეყნის რამე გჯერა მამაშენს როგორ გინდა დაენახო ...
     თამაზის „კოლეგისთვის“ პასუხის გაცემა საშუალება აღარ დამიტოვებია ისე გადავერთე ჩემ ძმაკაცზე: 
-            ლევან რას შვები? შენ მაინ ხომ შენი ყურით გაიგონე ყველაფერი, კონფლიქტი ვლადიმერის წამოწყებული იყო, შენ მართალ კაცს სჯი .....
-            კარგი თუ ძმა ხარ, ისედაც დამპალ ხასიათზე ვარ, ხვალ დილას ერთ ადგილს გაჩვენებ და იქ აგიხსი ყველაფერს.
ისე დავწექით და დავიძინეთ ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. მეორე დღეს ჯერ კიდევ ლოგინში ვიწექი, ლევანი თავზე რომ დამადგა - ჩაიცვი რაღაცა უნდა გაჩვენოო....
კოტეჯიდან გამოსულებს ორი შეკაზმული ცხენი დაგვხვდა კიბის მოაჯირზე დაბმული, პირველი ცხენს ლევანი მოახტა და გაქუსლა, უკან მე მივყევი. თხუთმეტ წუთიანი ჯირითის შემდეგ მთას მივადექით, რომლის ზემოთა ნახევარი ჯერ კიდევ თოვლით იყო დაფარული, არ იყო აუცილებელი ყოფილიყავი დიდი სპორტსმენი რომ მიმხვდარიყავი, ეს იყო იდეალური ტრასა მოთხილამურეებისათვის. მთის დასაწყისში და მის შემეგ სადამდისაც კი თვალი მივაწვდინე რკინის კონსტრუქციებმა მიიქცია ჩემი ყურადღება, საბაგირო გზისთვის საჭირო მასალებს მივამსგავსე და როგორც აღმოჩნდა არ შევმცდარვარ ...
-            აქ საერთაშორის დონის სათხილამურო ტრასა მინდა გავაკეთო, მილიონ ნახევარი უვე დახარჯული მაქვს, ყველაზე ცოტა ერთი ამდენი კიდევ დამჭირდება რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო. რაც კი მქონდა ყველაფერი ბოლო კაპიკამდე ამ საქმეში მაქვს ჩადებული ანუ შენთვის უფრო გასაგები რომ იყოს ამ წუთში მე  ამ ბაზის მეტი არაფერი არ გამაჩნია, ვლადიმერი რომ წავიდეს მე საკმაოდ კარგა ვიცი მისი ხასიათი, ყველაფერს გააკეთებს დანარჩენებიც თან წაიყოლოს. ამერიკელი და ჩვენი ბალტიისპირელი სტუმარი ალბათ არ აყვებიან რუსს მაგრამ მერწმუნე, გერმანელი და იტალიელი ბიზნესნენები მის პირველსავე მოთხოვნაზე მორჩილა დაღუნავენ თავს და უკან გაყვებიან, დიდი შანსია რომ ფრანგებიც იგივეს გააკეთებენ, მე ვერ გავრისკავ ...
-            მე რომ „დავეჯახო,“ რა თქმა უნდა შემთხვეით, ვლადიმერს, მეც სახლში გამიშვებ? - თვალებში ჩავხედე და ისე შევეკითხე ლევანს. ბიჭმა თვალი მომარიდა, თუმცა ტყვილი არ მაკადრა, კიო, მიპასუხა..            
  კიდევ 5 დღე დარჩნენ სტუმრები, მეტი არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ლევანი ყველანაირად ცდილობდა ჩვენ შორის მომხდარი უსიამოვნო საუბარი არაფრით არ შეეხსენებინა მაგრამ იმ დღის შემდეგ ჩვენ მეგობრობას ბზარი გაუჩნდა და ჩვენ ორივენი ვგრძნობდით ამას.
ამ საქმიდან აღებული თანხა სერიოზულად გააუმჯობესებდა ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას ჯერ ომს და მერე თავს დამტყდარ მსოფლიო კრიზისს ჩემი მეუღლის კომერციული საქმიანობისთვის სერიოზული დარტყმა არ მიეყენებინა. ჩემი ძველიდან მოყოლებული ვალების და მეუღლის საბანკო სესხების დახურვი შემდეგ, ერთი რაც შეგვრჩა ეს „ტოიოტა“-ს ჯიპი და მეუღლის ნანატრი ძვირფასი სარეცხი მანქანა იყო. ლევანის ჩემთვის მეტი არ დაურეკია და „ცოდვა გამოტეხილი ჯობიაო“ აღარც მე დამირეკია მასთან, არ მინდოდა ეფიქრა თითქოს თავს ვახსენებდი ...
წავიდა ის ნეტარსახსენებული, თამარ მეფის დროინდელი ‘ოქროს ხანა“, გარეშე მტერმა თუ შინააშლილობამ დააძაბუნა ერთ დროს ყველასთვის ანგარიშგასაწევი, ძლიერი სახელმწიფო. ცუდი დრო დაუდგათ ქართველებს.
ხვარაზმის სახელმწიფოს საზღვრებს კვეთს, მონგოლთა ურდო. დედაწულიანად აყრილი, ხვარაზმის მმართველი თავისი ჯარით საქართველოში კასპიისპირეთის გავლით შემოდის. პირველი შეტაკება გარნისთან იმართება.
 ქართველებისთვის დამღად ქცეული ისევ ღალატი, ისევ ვერაგობა. შურით აღვსილმა იოანე მხარგრძელმა დამხმარე ჯარი არ მიაშველა მოწინავე ჯარის მეთაურებს შალვა და ივანე ახალციხელებს. თავგანწირვით იბრძვიან მეომრები მაგრამ ღალატმა და მტრის სიმრავლემ თავისი ქნა ... დამარცხდნენ ქართველები, ივანე ახალციხელი ბრძოლის ველზე დაეცა, ტყვედ ჩავარდნილი შალვა, რჯულის გამოცვლის სანაცვლოდ შეთავაზებულ პატივსა და სიმდიდრეზე უარს ამბობს, მოწამებრივი სიკვდილით აღესრულება ჯიუტი „გურჯი“... 
     თბილისს შეუტია ჯალალედინმა, ერთბაშად გამდიდრებას პირდება მთავარსარდალი თავის ჯარისკაცებს, აურაცხელი სიმდიდრეაო ამ კედლებს იქით, თუ შეაღწევთ თქვენი იქნებაო ყველაფერი. თავგამოდებით იბრძვიან ქართველები კარგად ხვდებიან რა ელოდებათ თუ მტერმა ქალაქის აღება შესძლო.
      ვერ აიღო დამპყრობელმა დედაქალაქი. ცოფებს ყრის ხვარაზმის შაჰი, სასწრაფოდ სადარბაზოდ იწვევს თავის ვეზირებს, ყველას სიკვდილით დასჯას პირდება თუ სასწრაფოდ არ მოიფიქრებენ რამეს წყეული ‘გურჯები’-ს დასამარცხებლად. მთავარი ვეზირი, ჭკვიანი და სასტიკი ახმად ბეი, გადაცმული მსტოვრების შეშვებას ურჩევს ქალაქის მუსულმანურ მოსახლეობასთან კავშირების დასამყარებლად.
     ამართლებს მზაკვრული გეგმა, გამცემები ქლაქის ჭიშკარს აღებენ მტერთან შეთანხმებით. გამხეცებული მეომრები არვის ინდობენ, ცას წვდება ქართველთ გოდება. ჯალალედინმა სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოახდევინა და იქ დაიდგა ტახტი, იქიდან ადევნებს თვალს როგორ აწიოკებენ მისი ქვეშევრდომნი დედაქალაქს. გამარჯვებული გადაჰყურებს მის ფეხქვეშ გართხმულ თბილისს ჯალალედინი მაგრამ მაინც ეჭვი იპყრობს, საკუთარი თვალით ნახა და ბევრიც გაუგია ქართველთ სიჯიუტის შესახებ, უნდა რამე ისეთი მოიფიქროს რაც საბოლოოდ გასტეხს, დაუმორჩილებს ამ „ურწმუნოებს“.
     მთავარ ვეზირს თხოულობს სასწრაფოდ შაჰი, მის გონებაში დაბადებულ ეჭვებს უზიარებს თავის ქვეშევრდომს, კიდევ ერთხელ გამოსავლის პოვნას ბრძანებს უცილობლივ....
     ინით შეღებილ წვერს თითებით ეფერება ახმად ბეი,  ის ერთადერთია შაჰის გარემოცვიდან ვისაც შეუძლია თავს ნება მისცეს ხმამაღლა იმსჯელოს და მბრძანებლის მოთმინება გამოსცადოს, ყველა სხვას მსგავსი თავდაჯერებულობა უეჭველად სიცოცხლის ფასი დაუჯდება:
-            ჩემო მბრძანებელო, ჩვენ ბრძოლა მოვიგეთ და ქართველების დედაქალაქი დავიპყარით, იმისთვის რომ დიდხანს ვიყოთ მშვიდად რწმენაც უნდა შევურყიოთ, მთავარი პირველი ნაბიჯია მერე ყოველი ჩვენი აქ გატარებული დღე ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს. უბრძანეთ იმ ხიდზე - თითით მიანიშნა მტკვრის ნაპირებს შორიდ გადებულ პატარა ხიდზე - გურჯების სალოცავები გამოიტანონ, ყველა ქალაქის მაცხოვრებელი აიძულეთ ზედ ფეხით შედგეს, ვინც ჩვენს მოთხოვნას შეასრულებს გულმოწყალედ დაასაჩუქრეთ, ვინც უარს იტყვის თავი მოკვეთეთ - თავის მდაბლად დაკვრით დაამთავრა თავისი სიტყვა მთავარმა ვეზირა. ჭკუაში დაუჯდა რჩევა ჯალალედინს, ბრძანა მტკვრის ორივე მხარეს შეეგროვებინათ მოქალაქეები. უამრავი ხალხი შეაგროვეს ხვარაზმელებმა, ხიდზე სიონის ღვთისმშობლის და მაცხოვრის ხატები გაიტანეს.
თავიდან სათითაოდ გაყავდათ ქართველები, არავინ შეურაცყო სალოცავები. ჩუმად, უსიტყვოდ ეწირებოდნენ ქართველები უფლის დიდებას. გამწარდა შახი, არვინ დაინდოთ, ხმლით აკუწეთ ყველა ვინც არ შეასრულებსო ჩემს ბრძანებას, გაყვიროდა გაცოფებული...
ასი ათას ადამიანს იმ დღეს თავი მოჰკვეთეს ხორაზმელებმა, სულმთლად გაწითლდაო ქართველთა სისხლით იმ დღესო მტკვარი.....
ორასიოდე მეტრი მქონდა დარჩენილი სახლამდე ლამბორჯინი „მურსალაგო“ მომადგა უკან და სიგნალებით ამიკლო. გვერდზე გადავედი რომ გზა დამეთმო, ლამბორჯინის მძღოლს აზრად არ მოსვლია გვერდზე გადასულიყო და თავისუფალ გზაზე ემოძრავა. ჩემს უკან მდგარმა ლამბორჯინმა კიდევ ერთხელ რომ დამისიგნალა მანქანიდან გაცოფებული გადმოვხტი, ეხლა ამ მანქანის მძღოლს ცხვირ-პირს დავუმტრევ მეთქი გავიფიქრე.
ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა როდესაც მანქანიდან გაღიმებული ლევანი გადმოვიდა და გადამეხვია....
-            რა იშოვნე ბიჭო ამდენი რო „მურსალაგოთი“ დადიხარ? - გაოცებულს ცოტა არ იყოს ტაქტის გრძნობა მღალატობს.
-            ეს მეგობარმა დამითმო ნახევარ ფასში, თვითონ სულ ახალი მოდელი იყიდა - არ იმჩნევს ჩემს არაკორექტულობას ლევანი.
-            როგორა ხარ? რას შვება შენი „ბიზნესი“, როგორაა ბატონი მევლუდი და მისი თეთრა? - ვეკითხები ლევანის და მის სახეზე შეცბუნებას ვგრძნობ.
ერთერთი მიზეზი ჩვენი სკოლაში დამეგობრების მისი ტყვუილისადმი შეურიგებლობა იყო, ბევრჯერ  ჰქონია ამის გამო ჩვენს კლასელებთან სერიოზული კონფლიქტი, როდესაც ასეთი „საქმის გარჩევისას“ მისი მხარე დავიჭირე ზუსტად მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა თუმცა ეს დამტვრეული ცხვირ-პირის ფასად კი დაგვიჯდა.
-            მაგ მხრივ ვერაფერი კარგით ვერ გაგახარებ, „თეთრა“ სარანგეთში გადაყავდათ თვითმფრინავით და კრეტინმა ვეტერინარმა ტრანკვილზატორის დოზა დააკლო. თვითმფრინავი მალე უნდა დაშვებულიყო „თეთრა“ რომ დაფრთხა და გაგიჟდა, ვერავინ მიეკარა, თვითმფრინავის მეთაური იძულებული გახდა ტაბელური იარაღი გამოეყენებინა რომ „ბორტი“ გადაერჩინა.....
-            როგორ? მევლუდიმ თეთრა გაყიდა? –
ლევანიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია - ვლადიმირმა თავისი დიდი ხნის უნახავი უფროსი ბიჭი  ჩამოუყვანა თავისი ოჯახით, იმან თხოვა ელენისთვის დაეთმო „თეთრა“, მევლუდიმაც უარი ვერ უთხრა თავის ბიჭს და აჩუქა ცხენი. ცუდი ამბავი ამით არ დამთავრებულა, მევლუდის გულმა უმტყუნა და  დაიღუპა... ერთი რაც მოუხერხებია, ბავშვი ჭერია ხელში, ის უვნებლად დაუსვია ძირს და უსულოდ დავარდნილა კიდეც...                  
გუმანმა მიგრძნო, მევლუდის და თეთრას ურთიერთობიდან გამომდინარე რაღაცა საერთო უნდა ყუფილიყო ამ ორ შემთხვევას შორის და ეს ვარაუდი ლევანისთან გამოვთქვი.
ბიჭმა ყურადღებით შემომხედა - შენ მართალი ხარო - მითხრა - მაგ აზრი მეც მომივიდა თავში. ზუსტი დრო გავიგე როდის მოხდა ეს ორი ამბავი, „თეთრა“-ს და მევლუდის სიკვდილი წამი წამზე დაემთხვა .....
-            აბა ვინ მიხედავს „ბაზა“-ს - ვეკითხები ლევანს.
-            ეს უკვე ჩემი პრობლემა აღარ არის ....
-            გაყიდე „ბიზესი“? - უკმაყოფილების დამალვას არც ვცდილობ.
-            ჩემზე დამოკიდებული უკვე აღარაფერი იყო, მევლუდის შვილმა დამიბარა და ბიზნესის ვლადიმერზე გაყიდვის ამბავი უფრო გამაგებინა ვიდრე შემითანხმა .....
-            და შენ მევლუდის დანაბარები მისი შვილისთვის რა თქა უნდა არ გადაგიცია - ცოტაც და ირონიას დაუფარავი ზიზღი შეცვლის ...
-            არ მითქვია მაგრამ რომც მეთქვა აზრი არ ქონდა, გიმეორებ ბაზის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი იყო, შენ ჩემი ხასიათი კარგად იცი, არ მოვიტყვილები. უკმაყოფილო ამ შეთანხმებით ნამდვილად არ დავრჩენილვარ ...
-            ნეტავ მე გამაგორებინა ერთი მასეთი სარფიანი საქმე და ჩემს ბედს ძაღლი არ დაყეფს - ამ სიტყვებით გადმოდის მანქანიდან „ძველი ნაცნობი“, ლევანის „ოპოზიციონერი მეგობარი“, რომელსაც ჩვენი საუბარი როგორც მივხვდი მანქანაში ესმოდა .....
-            მერე შეურთდით თქვენ „კოლეგებს“, მათ ხომ უკვე დაწყებული აქვთ რუსეთთან ვაჭრობა საქართველოს გაყიდვასთან დაკავშირებით. რუსები როგორც კარგი გადამხდლები მთელ სოფლიოში ცნობილები არიან .....
-                 ყმაწვილო, ბევრი ჩემი კოლეგა ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, ჩვენ ძალიან მძიმე  მდგომარეობაში ვართ....
-            და ამიტომ მართავთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს იმ განცხადებების ფონზე რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ხმამაღლა აკეთებს რომ -  საქართველო უნდა შეეგუოს 8 აგვისტოს შემდეგ შემნილ რეალიებს სამხრეთ კავკასიაში - მე ვეცადე გამეგო მათი ასეთი პოზიცია მოსკოვში ვიზიტების დროს მაგრამ როდესაც იგივე პოზიცია შენარჩუნებული იქნა სამშობლოში დაბრუნების შედეგ ....   თქვენს კოლეგას ნახევარი საათი ესაუბრეს დაკარგულ ტერიტორიებზე და ვერ წამოაცდევინეს რომ ეს ტერიტორიები ანექსირებულია. ეს იმ ხალხზეა ლაპარაკი ვინც ხელისუფლებაში სანამ იყო დიდ ფულს აკეთებდა წლების განმავლობაში, მაშინაც კი როდესაც საქართველო როგორც სახელმწიფო, უფრო „პირობითად“ არსებობდა ვიდრე რეალობაში. თქვენ გინდათ მითხრათ რომ იმდენად გულუბრყვილო ხართ რომ გჯერათ ვისმეს პიროვნული ხიბლის ან ანტიპადიის გამო დაიწყო რუსეთმა ომი? ან გჯერათ რომ თქვენ თუ მათი დახმარებით ხელისუფლებაში მოხვდით, არ გაიძულებენ ქვეყნისთვის დამღუპველი თუ არა, პოლიტიკურად და ეკონომიურად ყოვლად უსარგებლო პირობებზე დათანხმდეთ? რუსეთი რომ საჭოთა კავშირის დაშლას პირად დამარცხებად აღიქვავს, მათ ეს არც არასოდეს დაუმალავთ და ყოველი მაღალი დონის, საერთაშორისო შეხვედრაზე აცხადებენ რომ რუსეთი არ შეეგუება გავლენის შესუსტებას საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიებზე. ყველაზე ადვილი სამართავი დანგრეულ-გაღატაკებული ქვეყანაა .....
-            რუსეთთან ომში ჩაბმა რომ სისულელე იყო ამას ვერცერთი ნორმალური ადამიანი ვერ უარყოფს, მე არ მინდა ყმაწვილო, შენგან განსხვავებით მიკერძოებული ვიყო და ვიცი რომ ამ ომის პროვოცირებისთვის ის ყელაფერს აკეთებდა მაგრამ ხელისუფლების დანიშნულება ზუსტად მაგია, მოძებნოს გადაწყვეტილებები რომელიც ქვეყანას  საშიშროებისაგან დაიცავს.
-            რუსეთთან ომი დაწყება გეთანხმებით სისულელეა მაგრამ ჩვენ დავიწყეთ რომ ომი? ან უსასრულოდ შეიძლებოდა გეთმინა სეპარატისტების  საზღვრისპირა ტერიტორიების მუდმივი ტერორი? მთავრობას თუ  უნდა ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება მათ განუწყვეტლივ უნდა იმუშაონ მართვის სისტემის დახვეწა-გაუმჯობესებაზე. მე მართლ მაქვს დიდი იმედი ამ ახალგაზრდა ხელისუფლების და მჯერა რომ  პირად კეთილდღეობას ქვეყანას არ გადააყოლებენ.
    -   ნეტარ არიან მორწმუნენიო - ჩაიბუტყუნა ჩემმა ოპონენტმა, უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი და ისევ მანქანაში ჩაჯდა.
       კიდევ ცოტა ხანი ვილაპრაკეთ, ხასიათგაფუჭებულს სახლშიც კი არ დამიპატიჟებია ლევანი, იმაზე ცივად გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს ვიდრე თავიდან შევხვდით. სახლში მისულს კარებიდან ბავშვის ტირილი შემომესმა.
-            რა ატირებს? - ვეკითხები კარების ხმაზე სამზარეულოდან გამოსულ მეუღლეს.
-            ტყვიებს რომ ისვრის ისეთი თოფი არ ვუყიდე, შენი გათამამებულია ეს ბავშვი, ჩემი ნათქვამი ამას არ ესმის დ იქნებ შენ აუხსნა სიტყვა არას მნიშვნელობა.
-            რად გინდა გიო თოფი? თანაც რომელიც ტყვიებს ისვრის, ჩიტებს, ძაღლებს და კატებს  ტყვია რომ არ უნდა ესროლო შენ იცი ...
-             თოფი იმიტომ მინდა რომ ოკუ..ოკუმპანტებს ვესროლო - ამბობს გიორგი და ტირილს წყვეტს.
-            შენ რა დაგიშავეს ოკუპანტებმა? - ვეკითხები გიორგის და ბუნდოვნად მახსენდება რაღაცა მეუღლის ნათქვამი, ბაღში ლტოლვილი ბავშვების დამატების შესახებ.
გიორგი კმაყოფილი მიღიმის და ამით მაჯილდოვებს მიხვედრილობისათვის - ჩემს მეგობარ საბას მამა მოუკლეს, სახლი და ვაშლის ხეები დაუწვეს, თანაც  გამოაგდეს და უკან აღარ უშვებენ. შენ ხომ მიყიდი თოფს? - მეკითხება გიორგი და ვგრძნობ ისევ სატირლად ემზადება. ბიჭს გულში ვიკრავ, ვთანხმდებით რომ როგორც კი ცოტა ფულს ხელში მოვიგდებ, აუცილებლად ვუყიდი თოფს, მოვუტან სპეციალურ სამიზნეებიან ფურცელს და ის თავის ძმას მიზანში სროლაში შეეჯიბრება. რაც შეეხება ოკუპანტებს ამას უფროსები თვითონ მიხედავენ თოფის სროლისა და ომის გარეშე.
სახლში სტუმრად მოსულ მამიდას ბიჭები ჟივილ-ხივილით ხვდებიან, იციან მამიდა ხელცარიელი, საჩუქრების გარეშე არ მოვა და ისიც არ უცრუებს ბიჭებს იმედებს. მეუღლე მულს სუფრას უშლის...
-            ხვალე 100000 მოწამეთა დღეა არ წამოხვალ სანაპიროზე? მაკა და მისი დაქალი ეკა მოდიან (მაკა ჩემი ბიძაშვილია). უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით იმართება ეს მსვლელობა....
მორწმუნე ვარ მაგრამ საეკლესიო წესებს ვიცავ მეთქი ვერ ვიტყვი, ეტყობა ჯერ მზად იმისთვის რომ აღსარება ვთქვა და მარხვა შევინახო არ ვარ თუმცა უფლის და დედაეკლესიის მადლს ნამდვილად ვგრძნობ, შევთანხმდით რომ გმირთა მოედანზე შევხვდებოდით ერთმანეთს. როდესაც ჩემმა უფროსმა ბიჭმა ჩვენთან ერთად წამოსვლა ისურვა სიამოვნებით დავთანხდი.
დილაუთენია გმირთა მოედანზე ჩასულებს, ჩემი და, ჩემი ბიძაშვილი და მისი დაქალიც უკვე იქ დაგვხვდნენ. შემოდგომის მოჟამული ამინდი იდგა, ცივი ქარი ქურთუკში აღწევდა მაგრამ ჩემზე მეტად, სიცივისგან მობუზული ბაჩი მაღელვებდა.
  გმირთა მოედანზე შეკრებილი უამრავი ხალხი უკმაყოფილებას ვეღარ მალავდა და ორგანიზატორებს უკვე მათი ემოციების დაოკება უწევდა როდესაც თამარ მეფის გამზირიდან წამოსული ნაკადი შემოგვიერთდა.
 პირველმა  მზის სხივებმა, თბილისის თავზე შეყრილი შავი, მძიმე ღრუბელი მაშინ გაარღვიეს, როდესაც შეერთებული ხალხის ნაკადი გმირთა მოედნიდან მეტეხის ხიდისკენ დაიძრა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით იმ ადგილს სადაც 100000 ქართველი მოწამის სიკვდილით აღესრულა, მით უფრო მეტნი ვხდებოდით, გვიერთდებოდნენ დიდ ნაკადებად, პატარ-პატარა ჯგუფებად, ერთგან ორ რიგად დაწყობილი ჯარისკაცებიც ვნახეთ რომელთაც წინ მამაო მიუძღვოდათ. რაც უფრო მეტნი ვხდებოდით მით ურო ფართო და კაშკაშა ხდებოდა ციდან მიწაზე გარდმოშვებული მზის ოქროსფერი სხივებით მოქსოვილი ხალიჩა. ადგილები მეტეხის ხიდზე, სადაც საუკუნეების წინ ხდებოდა მოწამეთა სიკვდილით დასჯა, ჯერ კიდევ შუაღამისას დაეკავებინათ, თანაც ყვავილები და გვირგვინები მოემზადებინათ მტკვარში ჩასაშვებად. შედარებით გვიან მისულები რიყეზე გავჩერდით. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა მთელი ქალაქი იქ შეგროვილიყო. სანამ პატრიარქ-კათალიკოსი მობრძანდებოდა ჯერ სტიქაროსნებმა შემდეგ მათ დასახმარებლად მოსულმა ახალგაზრდა ბიჭებმა და გოგონებმა საპატრიარქოს მიერ ნაკურთხი,  დიდ კულინარიულ საწარმოში დამზადებული ტკბილი კვერები რამდენჯერმე ჩამოატარეს. არ ვიცი დილიდან მშიერი რომ ვიყავი იმიტომ თუ უბრალოდ მართლა ძალიან გემრიელი  იყო, არცერთჯერ შემოთავაზებაზე უარი არ მითქვამს, ბოლოს უკვე ჯიბეშიც ჩავიდე ერთი ცალი ჩემი პატარა ბიჭისთვის.
მოგვიანებით  მობრძანებულმა, ყველასათვის სათაყვანებელმა და უსაყვარლესმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე იქ შეკრებილი მრევლი დალოცა შემდეგ სარწმუნოებისთვის თავდადებულთა სულებისთვის ილოცა და პარაკლისი გადაუხადა, ცერემონიალი ყვავილების და გვირგვინების წყალში ჩაშვებამ დააბოლოვა.
 მთელი თავისი ბრწყინვალებით გამონათებულ მზეს მთლიანად გადაეყარა ღრუბელი, გრილი, საკმაოდ ძლიერი ქარი რომ არა წინა დღის შეცივნულ დედაქალაქს ალბათ სიცხე შეაწუხებდა. მტკვრის დინებას შორს წაეღო მისთვის ძღვნად მირთმეული ყვავილები, მზის სხივებს ეფიცხებოდა დედაქალაქის ისტორიის უტყვი მოწმე და მემატიანე, მხოლოდ ხანდახან, ძლიერი ქარის დაქროლებაზე, თითქოს აიბურძგლებოდა, აიქოჩრებოდა იმ საზარელი მაგრამ მორწმუნეთათვის  საამაყოდ დარჩენილი დღის გახსენებაზე .... 
      

  

      




0 comments: