Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
   

     მამაჩემი დიდი ლიახვის ხეობელია, ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ამ ცოდვა-მადლიან, ქვემო–ქართლის ბარაქიანი მიწის თავზე, თორემ უკვე კარგად ფეხმოკიდებულმა ოსმა დიდი ხანია მოსვენება დაუკარგა ამ მხარესაც და ქართველ კაცსაც.
    პირველ ქართულ-ოსურ კომფლიქტს შეეწირა მრავალშვილიანი ოჯახის პირველი წევრი, მამაჩემის უფროსი ძმა, ორ კვირაში უფროსი და ემსხვერპლა ბრმა ტყვიას, ოჯახის დიასახლისმა ვერ აიტანა შვილების სიკვდილი და მალე მათ კვალს მიჰყვა. სამი კუბო გამოასვენა პაპამ ოჯახიდან ნახევარ წელიწადში, თავს დამტყდარმა უბედურებამ,  თმა და წვერი ერთიანად გაუთეთრა კაცს, მაგრამ შიგნიდან ვერ გატეხა, სული ვერ დაუძაბუნა, თავს უმცროსი ბიჭის სურვილს უმაღლესი სასწავლებელი დაემთავრებინა გულისყურით მოეკიდა.
    თბილისში, ”ივანე ჯავახიშვილისსახელობის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა მამამ და მიუხედავად დიდი კონკურსისა პირველსავე ცდაზე მოეწყო. პაპაჩემმა ერთი პატარა, მოცუცქნული ოთახი უქირავა ბიჭს და არც სურსათ-სანოვაგეს აკლებდა შეძლებისდაგვარად, აქვე ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო  ლამაზი, თბილისელი გოგონა მამაჩემმა, რომელთანაც ჯვრის დაწერაზე ბევრი არ უფიქრია, ერთ წელიწადში მე გავჩნდი,  ხოლო თავად მამაჩემი ამ დროისთვის თბილისელების ოფიციალური ზედსიძე გახდა.
    მამაჩემი უნივერსიტეტში იმდენად გამოირჩეოდა რომ კათედრაზე დატოვეს, ჯერ კიდევ ასპირანტი აქვეყნებდა სტატიებს, რომლის დაბეჭვდასაც ცნობილი სამეცნიერო ჟურნალები არ თაკილობდნენ. ისტორიის დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ, ძალიან მალე, მამაჩემი ინგლისის სამეფო აკადემიის წევრ-კორსპოდენტად აირჩიეს.
    პაპას გადაწყვეტილებამ მეზობელი ოსის ბიჭისთვის გაეყოლებინა უმცროსი გოგო მამაჩემიც კი გააკვირვა, მაგრამ ამჯერადაც არ შემცდარა ბრძენი მოხუცი, ოჯახის ერთგული და ქართული სულის სათანადო დამფასებელი აღმოჩნდა სიძე. ქართველების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობისათვის არაერთხელ მოსვლია კომფლიქტი თავის თანამოძმეებთან და არაერთისთვის დაუმტვრევია ცხვირი ფიზიკურად ძლიერ ბიჭს.
    მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა ბიძაჩემმა მოყვრების დაცვა, როდესაც პაპაჩემთან სახლში სტუმრად მიმავალი ჩვენი ოჯახი, გზაში დაგვაყაჩაღეს. დედაჩემი დღესაც დარწმუნებულია რომ მე გადავარჩინე ისინი სიკვდილს: მხოლოდ იმიტომ რომ ქართველები ჩვილ ბავშვთან ერთად იყვნენ, მძარცველებმა ისინი ცოცხლები დატოვეს. იმ ავადსახსენებელი დღის შემდეგ დედაჩემი არათუ მამას სოფელში, ქართლში აღარ ჩასულა და აღარც მე გაუშვივარ.            
     
მეოთხე კლასში ვიყავი როდესაც პაპამ კატეგორიულად მოითხოვა საზაფხულო არდადაგებზე ჩემი სოფელში გაშვება, ტელეფონით ცდილობდა დაერწმუნებინა ჩემები რომ იქ არანაირი საფრთხე არ არსებობდა.
    გამგზავრებამდე ბევრად ადრე დამიწყო დედაჩემმა ლექციების კითხვა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი სულ მცირეოდენი საშიშროების შემთხვევაშიც კი, გულში მეცინებოდა მის სიტყვებზე მაგრამ ყველაფერზე კვერს უკრავდი, ძალიან მინდოდა მონატრებულ პაპასთან სოფელში ჩასვლა და ლიახვის ცივ წყალში ჭყუმპალაობა.
    პაპას სურათი რომ არა საოჯახო ალბომში ალბათ ვერც კი ვიცნობდი მიკროავტობუსის გაჩერებაზე ჩემს დასახვედრად გამოსულ კაცს, ისეთი ძალით ჩამიკრა გულში სუნთქვა შემეკრა, მკოცნიდა, მეფერებოდა - ეს რამხელა კაცი დამდგარაო ჩემი ბიჭიო - თავისთვის ბუტბუტებდა.
     ორი-სამი დღე კი გავერთე პაპასთან მყოფ, ჩემს პატარა მამიდაშვილებთან ურთიერთობით, მაგრამ მალე მოვიწყინე, თანატოლებთან მინდოდა თამაში, პაპას ეს არ გამოპარვია, ორღობეში მიმავალ დაახლოებით ჩემ ტოლა ბიჭს გასძახა: კახა, შენს გახარებას, ”ვირომომიძებნე, უთხარი ჩემთან მოვიდესო 
   - ვიროვინ არის პაპა?  - შევეკითხე
   -  შენხელა ბიჭია, მერაბ მინდიაშვილი -
   -  ვიროსრატომ ეძახით  - არ ვანებებ კაცს თავს.
   -  ვირივით ჯანიანია და ცოტა არ იყოს ჯიუტიც, შენს თავს ჩავაბარებ რომ არავინ გაწყენინოს.
     შეურაცყოფილად ვიგრძენი თავი, პირველი კლასიდან კარატეზე დავყავდით და თავიდანვე ერთერთ საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი. სოფელში წამოსვლამდე, ორი კვირის ჩამოსული ვიყავი პოლონეთიდან სადაც ევროპის პირველობა მოვიგე ჩემს ასაკში, ყავისფერი ქამარიც იქ გადმომცეს საზეიმო ვითარებაში
    ეზოში დაახლოვებით ჩემი ასაკის, კარგად ჩაფსკვნილი ბიჭი შემოვიდა:
  - რაზე მეძახდიო პაპი? - იქვე ეზოში მოწრიალე მოხუცს მიმართა.
  - გაიცანი, ეს ჩემი გიორგის შვილია, წადით ერთად ითამაშეთ, ბიჭები გააცანი, არაფერი აწყენინოთ. თუ მდინარეზე საბანაოდ ჩახვედით და თევზაობა მოგინდეთ ესეც თქვენ ანკესი ...
      პაპამ უკვე გაწყობილი ანკესი საიდანღაც გამოაძრო და ჩემსმეურვესგადასცა, სანამ მე მისი, როგორც პოტენციური მოწინააღმდეგის შეფასებით ვიყავი დაკავებული. ბიჭი ეზოდან გავარდა და მეც სასწრაფოდ უკან მივყევი, ახლადგაცნობილიმეგობრისთავდაჯერებულობა უკვე მაღიზიანებდა:
  - ანკესი მომეცი - მივმართე ვიროს უკმეხად...
  ბიჭი გაჩერდა, თვალი თვალში გამიყარა, მაგრძნობინა რომ ჩემი ტონი არ მოეწონა:
   -  რომ არ მოგცე რას იზამ? - დამცინავი ღიმილით შემეკითხა.
   - რას ვიზამ? მაგ ვირის ყურებს აგახევ და ხელში დაგაჭერინებ - აქცენტივირისყურებზე გავაკეთე.
     ბიჭმა ანკესი მიწაზე, ზურგს უკან დააგდო - მოდი გამომართვი, ვნახოთ ერთი რა ბიჭი ხარო.
    ჩხუბის დაწყების შემდეგ, სულ მალე, თავში სუფთად გატარებული მავაშიგერის შემდეგ, თავდაცვის პოზიცია არც კი მიმიღია, იმდენად დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში და დავისაჯე კიდეც, ვიგრძენი ვიროს ძლიერმა ხელებმა როგორ ამიყვანა და გამეტებით დამაბერტყა მიწაზე.
   გაჭირვებით წამოვდექი, თუმცა ჩემს მოწინააღმდეგეს რომ შევხედე არც ის იყო მაინდამაინც კარგ დღეში, ხშირხშირად ისვავდა კეფაზე ხელს და ოდნავ შესამჩნევად ბარბაცებდა, ეტყობოდა რომ ჩხუბის გაგრძელების სურვილი, ჩემსავით, აღარ ქონდა, ასე გავიცანით და მერე დავმეგობრდით მე დავირო”,
 იმის შემდეგ როგორც კი საზაფხულო არდადაგების დრო დადგებოდა ერთი სული მქონდა პაპასთან სოფელში როდის ჩავიდოდი რომ ჩემს ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად სოფლის ღობე-ყორეს მოვდებოდი.
   ერთი ასეთი შემთხვევა დამამახსოვრდა, მდინარეზე სათევზაოდ წავედით ბიჭები, კარგად რომ ვიჯერეთ გული მცხუნვარე მზისგან, მხოლოდ ყინვა მოტეხილ, ლიახვის სუფთა წყალში ჭყუმპალაობით, მდინარის პირას ამოვიკრიფეთ გასათბობად, კარგა გვარიანად შემცივნებულები. მდინარესთან გამავალ გზაზე, ოსური სოფლიდან გამოსული საბარგო მანქანა გამოჩნდა, ძარა ოსი ეროვნების ზრდასრული მამაკავებით იყო სავსე. როდესაც მანქანა მოგვიახლოვდა სვლას უკლო  და მალე სულ გაჩერდა, უფროსი კაცების ავადმომზირალი თვალები დაუფარავი სიძულვილით იყო სავსე.     
  - კარგია ქართველებო ჩვენს მდინარეში გაგრილება? - ხმამაღლა კითხულობს ძარაზე მჯდომთაგან ერთერთი და სიტყვა ”ჩვენზე” აკეთებს აქცენტს. როდის აქეთ გახდა სამაჩაბლო ოსების სამშობლო - ჩუმად ბუზღუნებს ჩემს გვერდით მჯდომი ბექა.  ბიჭები ვხვდებით რომ ეს ხალხი შარისთვის მიზეზს ეძებს. .
  - რას გაჩუმებულხართ, ხომ არ ჩაიფსით შიშისგან? - ღიმილით კითხულობს დანარჩენებისაგან წლოვანებით გამორჩეული მე-9 -10 კლასელი ბიჭი.  
   შეურაცყოფის სიმწარე სიფრთხილეს ჯობნის - ქვეშაფსიები თქვენკენ მოიკითხე -  სამ ხმაში ერთდროულად ვპასუხობთ მე, ბექა და ვირო.
  ჩვენი დაკნინების ხარჯზე, თავისიანებში ავტორიტეტის მაძიებელი ოსი ბიჭი სიბრაზისაგან ლურჯდება და საპასუხოდ ძარიდან მიწაზე ხტება, კაცები ხვდებიან რომ ასეთი ღია, დაუფარავი აგრესია ბავშვების მიმართ ყოვლად გაუმართლებელია და ცდილობენ უფრო შეფარული ფორმა,  სპორტული ინტერესი მისცენ.
   -  თუ არ გეშინიათ დაეჭიდეთ ვინმე - გვთავაზობს ლამის შუახანს მიღწეული მამაკაცი და ახალგაზრდისკენ იშვერს ხელს. ბიჭი ჩვენთან შედარებით ბევრად დიდია. ცოტა ხანი სიჩუმე ისადგურებს, ყველას გვაფიქრებს ასაკში სხვაობა, რაც იყო იყოს, გულში ვფიქრობ და საჭიდაოდ ვაპირებ გასვლას რომ ვირო უკვე მეტოქის წინ დგას საპაექროდ გამზადებული.                          
     ოსები მანქანიდან არ ჩამოდიან, იქედნურად იღიმებიან გამარჯვებაში დარწმუნებულები. ჩვენ ნახევარწრედ შემოვერტყეთ მოჭიდავეებს. ვიროს გაუჭირდა, მოწინააღმდეგემ რამდენჯერმე მოახერხა ჩაჭიდება მაგრამ ვერცერთჯერ ვერ წამოიღო ილეთის შესასრულებლად, მერე ფეხებში შევიდა, თითქოს მისწვდა კიდეც... ის იყო მზერის სხვაგან გადატანა დავაპირე ჩვენი დამარცხებისათვის რომ არ მეყურებინა, დავინახე როგორ აფართხალდა ანკესზე წამოგებული თევზივით ოსი ბიჭის ფეხები ჰაერში. ვირომ წელში დაასწრო შესვლა თავს ზემოდან წამოიღო და გამეტებით დაანარცხა მიწაზე, სანამ დამარცხებულმა მოწინააღმდეგემ ტანი წამოწია  მიწიდან, ხელში ატატებული ვირო სოფლის გზას გავუყენეთ. გამწარებულმა ოსებმა ისევ თავის ფალავანზე იყარეს ჯავრი, შორიდან ვუყურებდით როგორ მისდევდა გალახული ბიჭი ადგილიდან დაძრულ მანქანას, მძღოლმა ერთი ასი მეტრი მაინც არბენინა სანამ მანქანას გაუჩერებდა. მოკლედ ვირო სოფელში პირველობას თავისზე უფროს ბიჭებსაც არ უთმობდა, მიუხედავად ჩემი ამბიციური ხასიათისა იძულებული გავხდი მისი უპირატესობა მეღიარებინა, თუმცა ჩემს გამოც ბევრჯერ შეუტანია რბილად რომ ვთქვათ ”შესწორებები” თავის გადაწყვეტილებებში.
     მამაჩემის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ, საქართველოში უკანასკნელ ხანს ნაპოვნი უძველესი სამარხების შესახებ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია რომ ინგლისის სამეფო აკადემიამ ოთხი წლით თავისთან მიიწვია სამუშაოდ, დაპირდნენ მეუღლის დასაქმებასაც.
   დედაჩემმა კატეგორიული უარი განაცხადა ჩვენი რომელიმე ნათესავის მეთვალყურეობის ქვეშ ჩემს დატოვებაზე საქართველოში, ასე აღმოვჩნდი ლონდონის ერთერთ პრესტიჟულ სასწავლებელში რომელიც წარმატებით დავამთავრე. უცხო ენაზე სწავლა არ გამჭირვებია ვინაიდან დედაჩემი, თვითონ ინგლისური ენის სპეციალისტი, ლამის დაბადებიდან, მშობლიურ ენასთან ერთად მასწავლიდა ინგლისურს.
   კოლეჯის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში მინდოდა საწავლის გაგრძელება, რაც ჩემი აზრით, მამაჩემის კონტრაქტის დამთავრებისთანავე ჩვენი წამოსვლის მიზეზი გახდა. დედაჩემის მიერ შერჩეულ ინსტიტუტში ჩაბარებაზე კატეგორიული უარი განვაცხადე, ერთი წელი უსაქმურობასა და ლოთობაში გავატარე.
   წინა დღის ნამთვრალევი სახლის კარების გაბმულმა ზარმა გამაღვიძა, ბუზღუნ-ბუზღუნით შემოვიცვი შემოვიცვი ხალათი და კარების გასაღებად გავემართე. პაპას შემოსვლამ სახლში, დაახლოვებით  ჩემი ასაკის, ბრგე, ყმაწვილთან ერთად გამაკვირვა. დედაჩემისაგან ვიცოდი რომ პაპა ჩვენი ოჯახის იშვიათი სტუმარი იყო, რძლისა და შვილის საყვედურებზე ყოველთვის ერთი პასუხი ქონდა, მე თუ სახლში არ ვიქნები ამოდენა მეურნეობას ვინ მიხედავსო, ჩემი აზრით არ იყო პაპა ბოლომდე გულწრფელი, მიუხედავად მართლა დიდი მეურნეობისა ერთი ორი დღით სახლ-კარის მიხედვაზე უარს არავინ ეტყოდა, მითუმეტეს ქალიშვილი გვერდით ცხოვრობდა, უბრალოდ რძლის ”ძვირად” სტუმრობას იგივეთი პასუხობდა.
   ყმაწვილმა კაცმა ორი მეზურნის ლოყებივით გვერდებდაბერილი ჩანთა ძირს დადო და თვალი თვალში გამიყარა, სახე მეცნო მაგრამ საიდან ვერ გავიხსენე, ისეთი ნაბახუსევი ვიყავი მგონია საკუთარ თავს ვერ ვიცნობდი სარკეში. პაპას შევხედე, იმედი მქონდა სტუმარს წარმომიდგენდა და იდიოტური მდგომარეობიდან გამომიყვანდა, ის კი იდგა და იღიმებოდა.
     რა იყო ბიჭო! ასე მალე დაგავიწყდა ვირო? - ამბობს ახალგაზრდა სტუმარი და გულში მიკრავს, კიდევ კარგი ინგლისში რეგულარულად ვვარჯიშობდი და ფორმა ჯერ არ მქონდა დაკარგული თორემ ეს ტორები ნეკნებს დამიმტვრევდა.
      იმ დღიდან ჩვენი ურთიერთობა არათუ განახლდა, არამედ უფრო ხშირი და მჭიდრო გახდა.  კვირა არ გავიდოდა ან ვირო არ ჩამოსულიყო ერთი ორი დღით ან მე არ ჩავსულიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად სოფელში. ჩემი მშობლები ისე შეეჩვივნენ და შეუყვარდათ ეს ტანტრე ბიჭი ლამის ჩემში არ გმოერჩეოდათ. თუ სავახშმოდ ჩვენთან დარჩებოდა დედაჩემი არაფრის დიდებით არ გაუშვებდა, ცალკე ოთახში ლოგინს გაუშლიდა, დილას კარგად დააპურებდა ჩვენთან ერთად, ოღონდ არაფრით  სუფრაზე დასალევს არ გამოიტანდა, ბიჭი გზაზეა დამდგარი, მანქანის საჭესთან უნდა დაჯდესო. მამაჩემს დალევა არ უყვარდა, ნაბახუსევი ჩემზე ძალიან წვალობდა, ერთადერთი ადამიანი ვისაც დალევაზე უარს ვერ  ეუბნებოდა ვის ღვინოსაც სვავდა ვირო იყო. ყოველ წელს ორ ორმოცდაათ ლიტრიან შტოფს ღვინით და ოცლიტრიანს ჭაჭით უცილობლად მოგვართმევდა, ეს პაპაჩემის გამოხდილი 70% -ია არაყია - დააყოლებდა ხოლმე - თქვენ ამის დამლევები გაუზავებლად არა ხართ, მაგრამ გაცივების საწყის სტადიაში, ორ ჭიქას თუ როგორმე დალევთ, ყველანაირ მიკრობს მოკლავსო.
    კიდევ ერთი ბავშვობის დროინდელი შემთხვევა მახსოვს, ვიროსთან ვიყავი სახლში სტუმრად, პაპამისს არყის სახდელი ქვაბი დაედგა, იქვე ტაბლა იყო გაშლილი: მჭადი, ყველი, მწნილი და ხილი გამოეტანათ თბილი არაყის ”დეგუსტაციისას” მისაყოლებლად. ჩემი დაგვიანებით შეწუხებული პაპა, ჩემს საძებნელად გამოეშურა და რა თქმა უნდა პირველად ვიროსთან მომძებნა.
    ეზოში შემოსული სტუმარი, მასპინძელმა ტაბლასთან მიიწვია, წვრილ ნაკადად წამოსულ არაყს ჭიქა შეუშვირა, შეავსო და შემოსწრებულს მიართვა. პაპამ ოჯახი დალოცა, დალია და ავტომატურად სახეზე ხელი აიფარა, შევამჩნიე როგორ გადაურბინა სახეზე ღიმილმა ვიროს პაპას. სახედან ხელებმოცილებულ მოხუცს თვალები დაწითლებოდა:
  -  რა იყო ბიჭო, არაყს ხდი თუ სპირტს - შეეკითხა უკვე დაუფარავად მომღიმარე მასპინძელს.
  -  მე ასეთი მიყვარს, თუ გინდა შენთვის გავაზავებ, გამოხდილი წყლის მეტი რა მაქვს?
    რა იყო პაპა, ტირი? - გაკვირვებული შევეკითხე და ჩემი ბავშვური გულუბრყვილობით, დაუკითხავად, ჩავერთე მოხუცების საუბარში. სადღა მაქვს შვილი ცრემლები, ცხოვრებამ იმდენი მატირა, სულ გამომიშრო რაც კი მქონდაო - სევდანარევი ღიმილით მიპასუხა პაპამ.
    როდესაც ვიროს ქორწილზე, 300 კაციან სუფრაზე, თამადობას დათანხმდა მამაჩემი, აი მაშინ კი ყველანი გავოცდით.
   - ლაპარაკი შენ არ შეგეშლება მაგრამ იქ ხალხი იქნება 5-10 ლიტრას ერთ დალევაზე რომ სვავენ, იმათ როგორ გინდა გაეჯიბრო, მეორე დღეს როგორ იქნები იმაზე აღარ ვლაპარაკობ - კაპასობდა დედაჩემი, რაზეც მამა ოლიმპიური სიმშვიდით და მისთვის ჩვეული, ირონიული ღიმილით პასუხობდა, რაც ყველაზე მეტად უშლიდა დედაჩემს ნერვებს.
   ქორწილი მამამ ბრწყინვალედ ჩაატარა, ერთადერთი რაც დაკვირვებულ თვალს შეეძლო გაეპროტესტებინა, ეს მამაჩემზე სპეციალურად მიჩენილი მერიქიფის მცდელობა იყო შეძლებისდაგვარად ”დაეზოგა” თამადა დასალევისაგან. როდესაც მამაჩემმა ბიძაჩემის სადღეგრძელო შესვა, ოსების და ქართველების ძმობის, მეგობრობის, ნათესაობის ისტორიულ  მაგალითად ალანთა მეფის დავით სოსლანისა და თამარ მეფის შეუღლება გაიხსენა, ძლიერი, მთლიანი საქართველოს წინაპირობადაც აფხაზთა, ქართველთა და ოსთა ერთობა მოიხსენია.  ბრძოლაში საქართველოსთვის დაღუპული გმირების სადღეგრძელოც რომ დავით სოსლანის თამადობით შესვა ამით საბოლოოდ მოიგო სუფრასთან მრავლად მსხდომი ოსების გული.
    არცერთი სუფრის წევრი არ წასულა ისე რომ თამადის სადღეგრძელო პერსონალურად არ დაელია. მეორე დღეს ვიროს ოჯახში, ყველანი დიდიან პატარიანად მამაჩემს თავს ევლებოდნენ, არაფრის დიდებით სახლში არ გამოუშვეს, მესამე დღეს ძლივს მოვახერხეთ მე და პაპამ  ოჯახის წევრის სახლში დაბრუნება.
   ყოველ შობას ვირო ღორს კლავდა და როგორც წესი ნახევარი ჩვენთან მოჰქონდა, იმდღეს მთელ ჩემს სამეგობროს დღესასწაული ჰქონდა, ლამის დილიდან იწყებოდა მწვადების წვა და ქეიფი.
    ზუსტად შობის დღე იყო, ჩემს საძინებელთან მოყენებული ვიროს მანქანის საყვირმა დილიდანვე დამიფრთხო ანგელოზები, ხალათმოსხმული გავედი აივანზე, ვირომ ქვემოდან ამომძახა ჩამოდი მომეხმარეო. ასკილოიანი ტუშის ამოტანა ორ კაცსაც კი გაგვიჭირდა -  რა იყო ბიჭო ღორი დაკალი თუ სპილო?  - ვეკითხები ძლივს სუნთქვა მობრუნებული სტუმარს. 
     -  ბევრს ნუ ლაპარაკობ თუ ძმა ხარ, მომეცი ერთი კაი მჭრელი დანა, მე ხორცს დავჭრი შამფურზე წამოსაცმელად შენ მაყალის და შეშის ამბავი მომიგვარეო - მითხრა, იმწუთშივე  გადავურეკე ჩემს მეგობრებს და ორ საათის შემდეგ ჩემს სახლში კაი მრავალჟამიერიც აგუგუნდა. შუა ქეიფში ვიყავი, ჩემი კლასელი გელა რომ ამოვიდა უბნელ ბიჭთან ერთად, რომელიც რბილად რომ ვთქვათ მაინცდამაინც გულზე  არ მეხატებოდა, ერთი კი გადავუბრიალე თვალები ძმაკაცს, თქმით არაფერი მითქვამს, სახალხოდ საყვედურს მოვერიდე, მაგრამ როდესაც გელას ამოყვანილმა ბიჭმა ვითომ პერანგი შეისწორა და საქამრეში გაჩრილი იარაღი სუფრას დაანახა მერე კი გავგიჟდი, ეს როგორ გაბედა მეთქი გავიფიქრე. რაც უფრო მეკიდება დასალევი მით უფრო ვბრაზდები, ვიროს მხედველობიდან არ რჩება ჩემი რეაქცია იარაღიან ყმაწვილზე.
     უკვე კარგი ნასვამები ვიყავით,  იარაღი მაჩვენეო რომ თხოვა ვირომ გელასთან ერთად ამოსულ ბიჭს, ბიჭიც იღებს საქამრიდან რუსულ “სტეჩკინს” და ხეlში აწვდის.
    - კარგი იარაღია – ამბობს ვირო, მჭიდს აძრობს იარაღს, შემდეგ გადატენით ამოწმებს რომ ლულაში ტყვია არ იყოს დარჩენილი, სიამოვნებით ირგებს ხელში რევოლვერს, კარგი იარაღიაო კიდევ ერთხელ იმეორებს ნათქვამ სიტყვას, მჭიდს უკან, თავის ადგილას უკეთებს და იარაღს პატრონს უბრუნებს.
   - ყველაფერი კარგი მაგრამ ქალაქში იარაღი რისთვის გჭირდება - თავს არ ანებებს იარაღიან ბიჭს ვირო.
      - ცოტა დადის ქალაქში გიჟი და გადარეული - ამბობს ბიჭი და აშკარად ამრეზით უყურებს ვიროს.
     - თუ ადამიანი გიჟი და ავადმყოფია იმას ტყვია და თოფი კი არა ექიმი ჭირდება. კონფლიქტურ რეგიონში, სადაც მე ვცხოვრობ იქ იარაღი მართლა გჭირდება რომ შეიარაღებული და რუსის მხარდაჭერით გათამამებული ოსისგან თავი დაიცვა.
      - შენ ნამეტანი გყვარებია ოსები - ირონიით პასუხობს ბიჭი.
     - შენ არ გესმის - ამბობს ვირო და ჩემზე უთითებს ბიჭს - ამის ბიძაც ოსია, მაგრამ ერთი გადაბრუნებული სიტყვა რომ თქვა მასზე სოფელში, შეიძლება ცოცხალმა ვერ გამოასწრო, იმიტომ რომ ვაჟკაცი კაცია,  რომელმაც ქართველებთან ნათესაობის და ძმობის ფასი იცის, მაგის გარდა ძმაკაცები მყავს ოსები, ქართველებისგან არ გამომერჩევა. მე იმ ნაგავებზე ვლაპარაკობ მოსკოვში რომ იმაგრებენ ფუძეს და ჩვენი ორი მონათესავე ერის ურთიერთ სისხლის ღვრის ხარჯზე რომ იწყობენ საკუთარ კეთილდღეობას. ყველა ოსმა იცის რომ სამაჩაბლო ძირძველი ქართული მიწაა და სანამ მე და ჩემნაირებს პირში სული გვიდგას ის მაგათი ვერასოდეს გახდება.
    უკვე მოსაღამოვებული იყო სუფრა რომ დაიშალა, პირველად დაირღვა ტრადიცია და ვირო ჩვენგან ნასვამი გაუშვეს, მიუხედავად დედაჩემის დიდი ხვეწნა-მუდარისა არაფრის დიდებით არ დარჩა, ხვალ  დილიდან საქმეები მაქვსო. კარგად ნასვამები ვიყავით და არ ვისურვე მისი მარტო დატოვება, დედაჩემს ძალიან არ მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება მაგრამ იცოდა, მაინც ჩემსას გავიტანდი, იძულებული გახდა გავეშვი.
    მანქანაში ჩავჯექით, ვირომ მანქანა სწრაფად დაძრა და გზაზე მიმავალ გელას და მის თანმხლებ ბიჭს გვერდით გაუჩერა, ჩვენთან ქეიფის გასაგრძელებლად თუ წამოხვალთო, შეეკითხა. რატომაც არაო პასუხობენ ბიჭები და მანქანაში გვიჯდებიან. სიმართლე გითხრათ აღვფრთოვანდი თქო ვიროს შეთავაზებით ტყვილი იქნება მაგრამ ხათრით ვერაფერი ვთქვი.
    ხაშურამდის არ მისული მანქანა ტრასიდან უხვევს, მთავარი გზიდან გადასული, სადღაც 100 მეტრაში ვირო მანქანიდან გადადის და საბარგულს აღებს. მანქანაში დარჩენილებს იარაღის ჯერი ლამის ყურში ჩაგვესმის. ვირო მანქანაში ჯდება და ყუმბარმტყორცნიან ”კალაშნიკოვის” ავტომატს წინა სავარძლებს შორის დებს.
   -  თუ ჯერ წასულები არ არიან დუქანს ჩვენს მისვლამდე არ დაკეტავენ - ამბობს ვირო და მანქანას ადგილიდან სიჩქარით ძრავს, დუქანში მისულებს სუფრა გაწყობილი გვხვდება. დუქნის მეპატრონე ვიროს შესასვლელთან პირზე კოცნით ეგებება.
   - როგორ მიხვდნენ რომ ჩვენ ვისროდით? - კითხულობს გელასთან ერთად ამოსული ბიჭი, პასუხს ვირო აძლევს, უფრო სწორად კითხვას კითხვით უბრუნებს.
   -  შენ ავტომატიდან გისვრია?
   - კი - ამბობს ბიჭი.
   - გამომყევი - ეუბნება ვირო და ოთახიდან გაყავს.
     ცოტა ხანში ავტომატის ჯერი რამდენჯერმე არღვევს ღამის სიჩუმეს.  
    -  ეხლა მიხვდი? - ეკითხება დუქნის მეპატრონე, ვიროსთან ერთად შემოსულ ბიჭს, ბიჭი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს მაგრამ ეხლა მე მკლავს სურვილი, გავიგო კითხვაზე პასუხი. ჩემს ცნობის მოყვარეობას ისევ ვირო კლავს:
    - ვერავინ ახერხებს ზუსტად ექვს ტყვიანი ჯერი გაუშვა ან ნაკლებს ისვრიან ან მეტს, ეს ვერც ჩვენმა ახლადგაცნობილმა მეგობარმა მოახერხა. მშიშარა კაცი რომ არის ეს უდაოა. ეხლა ჩვენი ერთობის სადღეგრძელო მინდა ვთქვა - ამბობს ვირო და ფეხზე დგება - საუკუნეები გადის და ჩვენ ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობთ,, იმის მაგივრად რომ    ერთმანეთს გვერდზე დავუდგეთ და ქვეყანა განსაცდელისგან გადავარჩინოთ, ისევ ჩვენიანის დაჩაგვრის ფასად, უფრო მაღლა დადგომას ვცდილობთ. საქართველოს და ქართველების ავის მოსურნესაც ხომ ეს უნდა რომ ჩვენ ერთმანეთი დავჭამოთ. ქართველებს მეგობრობის შნო კიდევ შეგვრჩა მაგრამ მტერზე საკადრისი პასუხის გაცემა გვიჭირს, დაგვავიწყდა როგორ აკეთებდნენ ამას ჩვენი წინაპრები .. დავძაბუნდით, ჩვენს მიწაზე მოთრეული მტრის შეჩერებას სხვებს ვეხვეწებით, შიშით დაზაფრულები ვუყურებთ ჩვენზე ძლიერ მტერს იმიტომ რომ კაცური სიცოცხლის და ვაჟკაცური სიკვდილის გემო დავკარგეთ, სულში მარტო შემწვარ- მოხრაკულის სუნიღა დაგვრჩა ... ჰაი დედასაო ...!   -  ერთი კი  ამოიოხრა და ერთი კვირის მწყურვალივით ეძგერა ჭიქას.
    სუფრაზე ჩამოვარდნილი მძიმე სიჩუმე მე დავარღვიე, ჭიქა ავწიე და ვიროსთან ერთად შემოსულ ბიჭს მიუჭახუნე:
     -  შენ გაგიმარჯოს, შენი ოჯახში სტუმრობა გამეხარდა თქო რომ გითხრა ტყვილი იქნება, მითუმეტეს იარაღი რომ დაგინახე ..
     - ისე მაინცდამაინც არ დაგიმალავს შენი განწყობა - გაეღიმა ბიჭს.
    - მოდი ეხლა მართლა გაგვიმარჯოს ჩვენ ყველას ერთად მაგრამ მაინც გეტყვი, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა სისულელეზე ნერვები მოგიშალოს და მაგ იარაღმა ან მე ან ვინმე ჩემნაირი, ვინც მტერთან ბრძოლაში ზურგს გაგიმაგრებს, შენს ქალაქს, შენს სახლს, შენს ოჯახის წევრებს შენთან ერთად დაიცავს, ის შეიწიროს, მასაც დაღუპავ და საკუთარ თავსაც. ეს იარაღი მაშინ ჩაიდე როდესაც ქვეყანას დაჭირდება.
   იმ დღიდან ბესო (ასე ერქვა გელასთან ერთად ამოსულ ბიჭს) ოფიციალურად გახდა ჩვენი საძმოს წევრი. სუფრიდან აშლილები, უკვე გვარიანად შემთვრალები ერთმანეთს ძმობას ვეფიცებოდით. ბესოს იარაღის გადაგდებაც კი უნდოდა მაგრამ ვირომ არ დაანება: რა იცი როდის დაჭირდება ქართველ კაცს მომხდურის წინააღმდეგ იარაღის ხელში აღებაო.
    სოფელში მშვიდობიანად ჩავედით, როდესაც ნანამ, ვიროს მეუღლემ სუფრის გაშლა დაიწყო ერთი ამბავი ავტეხე - ჭამის მეტს დღეს არაფერს ვაკეთებ მეთქი  ვირო ცოტა გამიძალიანდა მაგრამ მერე დამთანხმდა, ეხლა ერთი კარგი ძილის მეტი არაფერი მინდაო.
   -  იარაღის შენახვა არ დაგავიწყდეს - შევახსენე მასპინძელს მაგრამ ნეტავ არ მეთქვა.
   - კიდევ ახალი იარაღი იყიდე? - კითხულობს ნანა, ვიროს მეუღლე და თვალებში ცრემლი უდგება.
   - მერე რა მოხდა რომ? - ძმაკაცის დაცვას ვცდილობ.
   - ქორწილზე რაც მაჩუქეს იმის მერე რამე თუ უყიდია ჩემთვის ერთი შეეკითხე, თუ რამე ფული მოიგდო ხელში იარაღის საყიდლად გარბის, მთელი არსენალი აქვს მარანში - ხმით ტირილს რომ არაფერი აკლია მპასუხობს ნანა.
   - ზუსტად მაგისთვის მინდა იარაღი რომ რაც მაქვს ის არ წამართვან თორემ შემოგიხტებიან ოსი ან რუსი და თუ მარტო ნაძარცვით დაკმაყოფილდნენ შენნაირი ეშხიანი ქალის შემხედვარე ჩათვალე რომ გამიმართლა - ბოლოში კომპლიმენტით ცდილობს ვირო თავის დაძვრენას.
   - შენ ერთი დაამარცხებ კბილებამდე შეიარაღებულ ოსის და რუსის ჯარს ...
   - დამარცხებით შეიძლება ვერ დავამარცხო მაგრამ ცხვარივით რომ ვერ გამირეკავენ  ეგ ნაღდი ვიცი ...
   - რომ მოგკლან მე რას მიშვები? უშენოდ როგორ ვიყო ..  შენთან ლაპარაკს აზრი არა აქვას ჯიუტი ხარ ..
   - ვირივით - თვითონვე ამთავრებს მეუღლის სიტყვებს ვირო და გულიანად იცინის სახეზე აწითლებული მეუღლის შემხედვარე.
   - მე ეგ შენთვის არ მიკადრებია -  ამბობს ნანა და თვალებში ცრემლი უდგება..
    ვირო ბუმბულივით იტაცებს ხელში ატირებულ გოგოს, გულში იხუტებს და ინციდენტი ამით იწურება, ცოტა ხნის შემდეგ მასპინძლები ჩვენთვის განკუთვნილი ოთახისკენ მიგვიძღვებიან რომ   კარგად ნასვამებმა მოვისვენოთ.
     მეორე დღის დილას ამდგრებს სუფრა უკვე გაშლილი გვხვდება, ჩინებული საუზმის შემდეგ მასპინძლები სამარშრუტო მიკროავტობუსში გვსვავენ და სახლში გვიშვებენ. იმ დღიდან ბესო ( ასე ერქვა გელასთან ერთად ამოსულ ბიჭს) ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი და ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა.
     ... იმ ღამეს უცნაური სიზმარი მესიზმრა, ნახშირივით შავ ქურანაზე ამხედრებული ვირო, ვიღაც ორ მხედართან ერთად გამეტებით მიაჭენებდა ნახშირივით შავ ბედაურს, ალისფერი ფაფარი და ძუა ისე უბრდღვიალებდა გეგონებოდა კისერზე და გავაზე ცეცხლი უკიდიაო. საით გაგიწევია მეთქი შევძახე ძმაკაცს. ”ვირომ” აღვირი მოსწია, გახელებული ცხენი ყალყზე შედგა, წინა ფეხები ჰაერში აათამაშა. მაპატიე, მეჩქარებაო  - მიპასუხა - მეფე დავითმა მიხმოო თავის ამალაში. მეც წამიყვანე მეთქი ვთხოვე. როცა შენი დრო მოვა შენც შეგაწევო სიტყვას მეფე ბატონთან - მომაძახა და დეზი უთავაზა ისედაც გაგიჟებულ, თვალებბრიალა ბედაურს რომ წინწასულ მხედრებს დასწეოდა.
   დილას ერთი კი ვიფიქრე ეს რა უაზრობა მესიზმრა მეთქი მაგრამ გუნება ვერაფრით გამოვიკეთე, თითქოს რაღაცა ცუდს მიგრძნობდა გული. სახლის კარებზე გაბმულმა ზარმა კიდევ უფრო გამაღიზიანა, უკმაყოფილო სახით გავაღე კარი. პაპას გათეთრებული სახის შემხედვარე მივხვდი რაღაცა ცუდი ხდებოდა ჩვენს თავს.
   - რა მოხდა პაპა - შევეკითხე მოხუცს. პაპას ხმა არ გაუცია, შთაბეჭდილება შემექმნა რომ მიყურებდა და ვერ მხედავდა, არ იყო ის იმ წუთში ჩვენთან. სამზარეულოში  შესული პაპა სკამზე დაჯდა. მაგიდასთან მჯდარი მშობლები შეშფოთებული სახით მიაჩერდნენ სტუმარს.
  - რა მოხდა კაცო ამოიღე ხმა - უკან გავეკიდე მოხუცს.
  - ვირო მოკლეს - ძლივს ამოღერღა პაპამ და დავინახე როგორ დაეძაბა სიმწრისაგნ კბილზეკბილ დაჭერილს ყბის კუნთები.
  გზაზე დახვედრიან ოსები ვიროს და მის მეგობრებს, ორი კაცი მანქანაში ისე   ჩაუცხრილიათ, რა ხდებოდა იმის გააზრებაც კი ვერ მოუსწრიათ მის თანამგზავრებს, მანქანიდან ძლივს გადმოსული, დაჭრილი ვირო ხეზე მიუბამთ ბენზინი გადაუსხიათ და ცოცხლად დაუწვავთ. სიკვდილსაც კი არ შეპუებია ბიჭი, ”შავლეგოს” მღეროდაო ცეცხლწაკიდებული   ვირო - დაამთავრა პაპამ და დადუმდა.
      მერე რა მოხდა იმის აღწერა მიჭირს, ისეთი შეგრძნება მქონდა სადღაც შორიდან ვუყურებდი რაც იმწუთას ჩემს ოჯახში ხდებოდა, როგორ ილანძღებოდა და იგინებოდა მამაჩემი უშვერი სიტყვებით. კაცი რომლისგანაც არათუ გინება უკმეხი სიტყვა არ გამიგია, რორგორ ყრიდა ძირს კარადიდან ყველაფერს ინგლისელი კოლეგის მიერ ნაჩუქარი თოფის ძებნაში და ვერ მოეფიქრებინა  იატაკზე უგონოდ ჩაკეცილი მეუღლისთვის ეპატრონა, მე რას ვაკეთებდი აღარ მახსოვს, ერთი რაც არასოდეს ამოვა ჩემი მეხსიერებიდან და არ დამავიწყდება პაპაჩემის სახე იყო:

     ორი ობოლი ცრემლი, თითო-თითო თვალიდან, შრომისაგან და წვალებისაგან, დარდისა და ვაებისაგან დაღარული სახი ნაოჭებს ჩამოჰყოლოდა და ნიკაპზე დაკიდებოდა ..  ტიროდა ჩემი ცრემლებდამშრალი პაპა ...                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

2 comments:

irex said...

ვიროს ცოცხლად გამარჯვება იყოს ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის !!!

Anonymous said...

თქვენის ნებართვით პატარა შესწორებას შევიტან - დიდი ლიახვის ხეობა არა ქვემო ქართლის, არამედ შიდა ქართლის მხარეა - სამაჩაბლო.
რაც შეეხება "ვიროს", ის ქემერტელი იყო, მეც ამ სოფლიდან ვარ, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე "ვირო" კარგად არ მახსოვს, თუმცა მის ოჯახს ვიცნობ და ვიცი, რომ ნამდვილად გამორჩეული პატრიოტი ვაჟკაცი იყო...